ღარიბაშვილი: საქართველო გეგმავს შეუერთდეს ერთიან ევროგადახდის სივრცეს

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქარათველო გეგმავს ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, SEPA-ს შეუერთდეს. მისივე განმარტებით, შედეგად, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის, ან შუამავლის გამოყენება.

"ვემზადებით, შევუერთდეთ ერთიან ევროგადახდის სივრცეს, ასეთი სახელწოდებისაა ეს ორგანიზაცია, SEPA – Single Euro Payment Area. ეს არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი", - თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამთავრობო უწყება მუშაობს, მთავრობის სხდომის შემდეგ კი პარლამენტს სამი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავიტაშვილის თქმით, მოამზადეს 2000-გვერდიანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის 3 მნიშვნელოვან დირექტივასთან დაახლოებას ითვალისწინებს.

"საბოლოოდ, ამ ცვლილებების შედეგად ვიქნებით მზად, რომ გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი ე.წ. SEP-ში გაწევრიანებაზე, ეს არის ერთიანი საგადახდო სისტემა... საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპის საგადახდო საბჭო, რომელსაც უახლოეს დროში წარვუდგენთ განაცხადს მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს", - თქვა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ცვლილების შემთხვევაში, ევროზონაში გადარიცხვები ისევე გამარტივდება, როგორც შიდა გადარიცხვებია დღეს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში. "ფაქტობრივად ქართული ინსტიტუტები ხდებიან ევროზონის ნაწილი, ევროპის საგადახდო ნაწილი და პირიქით, ქართული ბანკები შეიძლება, გამოიყენონ რეგიონის ბანკებმა".