ბესიკ თამლიანი: ისედაც ორი დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე

ფოტო არქივიდან: აქტივისტი ბესიკ თამლიანი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ბესიკ თამლიანი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ არ აპირებს დაკისრებული გირაოს გადახდას.

„მეორეჯერ გამოვდივარ გირაოთი ციხიდან, თუმცა მეორედ არ მახატია სახეზე სიხარული ან განცდა რომ კმაყოფილი ვარ. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იწერს ხელისუფლება დადებით სტატისტიკას, რომ ხალხს გირაოთი აკმაყოფილებენ. ისედაც 2 დღე იყო დარჩენილი და გირაოს გარეშე გავდიოდი თავისუფლებაზე. როდესაც ხალხს 2 დღე რჩება, ამ დროს თაღლითურად გირაოს უწესებენ, ეს არის არაადამიანობა. გირაოს გადახდას არ ვაპირებ, იზოლატორშიც „მეჯიკავებოდნენ“ და დიდი ხვეწნით გამოვედი, თორემ არ ვაპირებდი გამოსვლას. გირაოს გადავიხდი თუ არა, პროცესებზე დასწრებას ვაპირებ, ჩემი პრინციპული მიზანია, ვამხილო ის პოლიციელები და სისტემა, რომლებმაც კანონი არ იციან“, - თქვა ბესიკ თამლიანმა.

ასევე ნახეთ ბესიკ თამლიანს პატიმრობის საერთო, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე გირაო შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, ბესიკ (ბაჩო) თამლიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი (5 000 ლარი) შეუცვალა. საქმე ის არის, რომ თამლიანს პატიმრობის საერთო, 9-თვიანი ვადა 29 აგვისტოს ეწურებოდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

მოსამართლემ გირაოს შეფარდების შემდეგ თანხის შეტანისთვის ერთთვიანი ვადა დააწესა და ბესიკ თამლიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ბრალდებული პროცესს პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.

საქმის არსებითი განხილვა 15 სექტემბერს არის დანიშნული.

სხვა აქტივისტები - ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილი - გირაოს (5000 ლარის) შეფარდების შემდეგ მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პოლიციამ ბესიკ თამლიანი დააკავა 2021 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად მიმდინარე აქციაზე. მას ბრალი 30 ნოემბერს წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ბესიკ თამლიანი ასევე ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა.

ასევე ნახეთ გავრილოვი იმ სავარძელში რომ ჩასვეს, აფხაზეთს დაგვიბრუნებდა?! - ინტერვიუ ბესიკ თამლიანთან

თამლიანი 55-ე ნომერი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიაში.