12 წლით ციხეში - როგორ იყენებს პროკურატურა ფალსიფიცირებულ მტკიცებულებებს მეათეკლასელის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლო სკოლის მოსწავლეს თანატოლის მკვლელობის მცდელობისთვის ასამართლებს. 16 წლის ლექსოს 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეში მის წინააღმდეგ, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება და მძიმე კანონდარღვევაა.


ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში ვყვებით, როგორ აიძულეს პოლიციელებმა მოზარდები, ცრუ ჩვენებები მიეცათ, როგორ გააყალბეს ფაქტები, როგორ დაურთეს საქმეს კლიენტებსა და ადვოკატებს შორის ფარულად ჩაწერილი საუბრები და როგორ გაქრა 112-ის სერვერიდან ვიდეოჩანაწერები, რომლებიც პოლიციელების კანონდარღვევებს დაადასტურებდა.

Your browser doesn’t support HTML5

სისტემა არასრულწლოვნების წინააღმდეგ

30 მაისის სისხლიანი გარჩევა

იმ დღეს 15 წლის ივანე დედამ ჩვეულებისამებრ სკოლაში გააცილა და შეახსენა, რომ გაკვეთილების შემდეგ ინგლისურის კერძო მასწავლებელთან უნდა მისულიყო. შუადღით, როდესაც დედას შვილი მასწავლებელთან ეგონა, ინგლისური ენის პედაგოგმა დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვი გაკვეთილზე არ მისულა.

მცირეხნიანი ძებნის შემდეგ დედამ გაიგო, რომ მისი შვილი მძიმედაა დაჭრილი და ერთ-ერთ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის.

“სისხლიანი გარჩევა მოსწავლეებს შორის” იმავე დღეს მედიის მთავარი თემა გახდა. ჟურნალისტები ჰყვებოდნენ, რომ “პოლიცია ინტენსიურად მუშაობდა” და შედეგმაც არ დააყოვნა. ჩხუბიდან მეორე დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გამოაცხადა: “კიდევ ერთი გახსნილი საქმე და დაკავებული არასრულწლოვანი, პოლიციამ დაჭრის ფაქტზე იმავე სკოლის მოსწავლე დააკავა”. დაკავებული მე-10 კლასის მოსწავლე 16 წლის ლექსო აღმოჩნდა.

ლექსოს, ივანეს და სტატიაში გამოყენებული სხვა არასრულწოვნების სახელები, კანონის მოთხოვნისა და მათი ინტერესების დაცვით, შეცვლილია.

“გახსნილი” საქმე - პროკურატურის ვერსია

სამართალდამცავების ვერსიით, იმ დღეს 74-ე სკოლაში სპორტის გაკვეთილზე ორმა მოსწავლემ მასწავლებლის და მოსწავლეების თანდასწრებით იჩხუბა, თუმცა კონფლიქტი ამით არ დასრულებულა. მოზარდებმა იქვე დათქვეს, რომ საქმეს გაკვეთილების შემდეგ, “გაარჩევდნენ”. შეთანხმებულ დროს, სკოლასთან ახლოს ე.წ. გარაჟებში დაახლოებით 20-მდე არასრულწლოვანი შეიკრიბა.

ეს ადგილი მჭიდროდ დასახლებულ უბანში, კორპუსების სიახლოვესაა. დაახლოებით 35 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანის ნახევრად ბნელ გვირაბს მხოლოდ მზის შუქი ანათებს.

ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ხმამაღალი საუბრით დაწყებული “საქმის გარჩევა” ჩხუბში გადაიზარდა, ნახევრად ბნელ გვირაბში “ყველა ყველას ურტყამდა”, რაღაც მომენტში როდესაც დაიყვირეს, რომ ვიღაც დაიჭრა, ახალგაზრდებმა ჩხუბი შეწყვიტეს და გაიქცნენ.

გზა 74-ე სკოლიდან ჩხუბის ადგილამდე

გარეთ გამოსულებმა დაინახეს, რომ ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე მე-9-კლასელი ივანე სკამზე იჯდა და გაფატრული მუცლიდან სისხლი მოსდიოდა. მოზარდების უმრავლესობა დანაშაულის ადგილს გაეცალა. მძიმედ დაჭრილი ბავშვი კი საავადმყოფოში მეზობელი კორპუსის მცხოვრებლებმა გადაიყვანეს. საავადმყოფოში მისვლის მომენტში, მას უკვე 3 ლიტრამდე სისხლი ჰქონდა დაკარგული. “15 წუთით გვიან ვეღარ გადავარჩენდით”, - უთხრა ქირურგმა ივანეს დედას.

ჩხუბში მონაწილე მოზარდები იმ დღესვე პოლიციაში დაიბარეს. არასრულწლოვნების ნაწილს პარალელურად რამდენიმე გამომძიებელი კითხავდა. შუაღამისას, უკვე 31 მაისის 01:30 წთ-ზე სკოლელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 16 წლის ლექსო დააკავა. პოლიციის ვერსიით, მან ჩხუბის დროს ივანეს მუცელში დანა ორჯერ დაარტყა, შემდეგ კი მიიმალა. დაკავებიდან 2 დღეში სასამართლომ მოზარდს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს თანასკოლელის დაჭრა არასდროს უღიარებია.

რას ეყრდნობა ბრალდება?

პროკურატურა ოთხი არასრულწლოვანი მოწმის ჩვენებას ეყრდნობა, ოთხივეს ჩვენება 30 მაისის ღამითაა მოპოვებული.

რადიო თავისუფლება ამ ჩვენებების ავტორებს, მათ მშობლებსა და ადვოკატებს ესაუბრა და გამოარკვია, რომ პროკურატურის მთავარი მტკიცებულებები მეტწილად ფალსიფიცირებულია.

მოწმე #1

მოწმე #1 15 წლის ბიჭია, ის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაჭრის დღეს, ღამით გამოკითხეს. გამოკითხვის ოქმში იგი ჰყვება, რომ ჩხუბის დროს დაეცა და ჯიბიდან დანა გადმოუვარდა. მან დაინახა, რომ დანა ლექსომ აიღო. თავად დანის ჩარტყმის მომენტი არ დაუნახავს.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ეს არასრულწლოვანი იტყვის, რომ პოლიციამ მას ტყუილი ჩვენება დააწერინა.

“[ლექსოს მიერ] დანის ხელში აღება არის მანდ ჩამატებულიო, ამბობს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი… ტყუილად არ მინდა უდანაშაულო ადამიანს დავაბრალოო”, - მოწმე #1-ის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება არაზუსტია.

“პოლიციელები ეუბნებოდნენ, რა გინდათ, თვითონ აღიარებს დაკავებული და დაწერეო, ის მაინც დაწერე, რომ დანა ეჭირაო. პრეტენზია აქვს ჩემს კლიენტს პოლიციის მიმართ, რომ ტყუილი დამაწერინესო, რამდენჯერმე გადააკეთეს და გადმოაკეთესო. მე ავუხსენი მოწმეს და მის ოჯახს, რომ ამის [ჩვენების შეცვლის] გამო შეიძლება მისი პასუხისმგებლობა დადგეს, მაგრამ … მზად ვართო, ტყუილს ვერ დავწერთო”.


1 თვის წინ, საქმის სასამართლოში გადაგზავნამდე, მოწმე #1-მა პროკურატურაში ხელახალი გამოკითხვა ითხოვა. “გამოძიება არ შემოგვხმიანებია”, - ამბობს ადვოკატი.

მოწმე #2

მოწმე #2 იმავე სკოლის მე-10-კლასელი და დაჭრილი მოზარდის მეგობარია.

გამოძიების მასალებში ის არის ერთადერთი, ვინც პირდაპირ წერს, რომ ლექსომ ივანეს დანა ორჯერ დაარტყა, თუმცა მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე #1-ს ჩვენებასთან.

მოწმე #2 წერს, რომ ლექსომ ჩხუბის დროს დანა ჯიბიდან ამოიღო და ივანეს დაარტყა, მოწმე#-1- კი ჰყვება, რომ ლექსომ ძირს დავარდნილი დანა აიღო. მოწმე #2 ამბობს, რომ ივანემ თავად უთხრა, რომ ლექსომ დაჭრა. ივანე კატეგორიულად უარყოფს, რომ მას დანა ლექსომ ჩაარტყა და ჩხუბის დროს ეს ვინმეს უთხრა.

ყველა ჩვენებაში (ივანემ სულ ოთხი ჩვენება მისცა) მან გაიმეორა, რომ დანა მისთვის ლექსოს არ ჩაურტყამს. მართალია, მას ბნელ გვირაბში არ დაუნახავს, დანა ვინ დაარტყა, მაგრამ დანამდვილებით ამბობს, რომ დაჭრისას ლექსო მის სიახლოვეს არ იყო.

მოწმე #2-ის პოლიციის ჩვენებაში მონათხრობს არც ჩხუბის მონაწილეები ადასტურებენ.

დაკითხვიდან მეორე დღეს ბავშვმა დედას უთხრა, რომ გამომძიებელმა მის ჩვენებაში ისეთი რამ ჩაწერა, რაც სინამდვილეში არ დაუნახავს. “ბავშვი ნანობდა, რაც იქ ეწერა და სინამდვილეში არ ჰქონდა დანახული”, რომ ივანეს დანა ლექსომ დაარტყა, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოწმე #2-ის დედამ.

არასრულწლოვანმა ლექსოს ადვოკატთან ჩვენების ჩანაწერი ასე ახსნა:

“30 მაისს ჩხუბის დროს მე ბრალდებულის ხელში არ დამინახავს არც დანა და არც სხვა რაიმე საგანი.

მე გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩათვალე, მინიშნებას გაძლევო და მთავაზობდა პასუხის ვარიანტებს. მითხრა, რომ იცოდნენ ყველაფერი, ამოღებული ჰქონდათ ვიდეოჩანაწერი და ჩემ მეგობარს ჭირდებოდა დახმარება, მე ვფიქრობდი დაჭრილზე, რომელიც იყო ცუდად და ვთვლიდი, რომ ჩემ მეგობარს ვეხმარებოდი და რასაც გამომძიებლები მეუბნებოდნენ, იყო სიმართლე”.

Your browser doesn’t support HTML5

არასრულწლოვანი ყვება პოლიციის ზემოქმედებით მიცემული ჩვენების შესახებ

არასრულწლოვნის ჩვენება გახმოვანებულია

მოწმე #2-ის პოლიციაში გამოკითხვას მისი დედა ესწრებოდა, ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პოლიციაში, მისი შვილის გამოკითხვა შუაღამემდე გაგრძელდა. ამ დროს ორივე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იყვნენ.

“დღეს რასაც ვამბობ, ეს არის სიმართლე და რაც მე ჩემი თვალით ადგილზე ვნახე. გამომძიებელთან მიცემულ ჩვენებაში მითითებული ფაქტები არის არასწორი და ეს განაპირობა იმან, რომ გამომძიებელი თხრობის მომენტში აკეთებდა ჩაკითხვებს, მაძლევდა მინიშნებებს, თუ როგორ უნდა მეპასუხა, მე პოლიციაში 9 საათზე მეტი დრო ვიმყოფებოდი, რამაც ასევე იმოქმედა ჩემზე, გადავიღალე და გამომძიებელი ჩაკითხვებით ცდილობდა მიეღწია მისთვის სასურველი პასუხებისათვის”, - ამბობს არასრულწლოვანი მოწმე.

შვილთან საუბრის შემდეგ დედამ ადვოკატი აიყვანა და დაიწყო გზების ძებნა, როგორ გამოესწორებინათ მცდარი ჩვენება.

სასამართლოში საქმის გადაგზავნამდე დედა-შვილი გამომძიებელს შეხვდა, მოზარდი მას სიმართლეს მოუყვა და ხელახალი გამოკითხვა მოითხოვა.

გამომძიებელმა მოწმე ხელახლა აღარ გამოკითხა. საქმის მასალებში ისევ პირველი გამოკითხვაა, რომელზეც არასრულწლოვანი ამბობს, რომ პოლიციის ფალსიფიცირებულია.


მოწმე #2-ს გადაწყვეტილი აქვს, რომ სასამართლოში სიმართლე მოჰყვეს. თუ ის ჩვენებას ამ ეტაპზე მართლაც შეცვლის, ბრალდება ერთადერთ პირდაპირ მოწმეს დაკარგავს.

მოწმე #3

მოწმე #3 ასევე 74-ე სკოლის მოსწავლეა. მის გამოკითხვას ბრალდება ირიბ

მტკიცებულებად იყენებს. ოქმის მიხედვით, არასრულწლოვანმა გამომძიებელს უთხრა, რომ დაინახა როგორ ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს ივანე და ლექსო, ამ დროს ლექსოს ხელში სავარაუდოდ დანის მაგვარი საგანი ეჭირა. მოწმე #3-ის მამა, რომელიც შვილის პოლიციაში გამოკითხვას ესწრებოდა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სინამდვილეში ასეთი რამ მის შვილს არც დაუნახავს და არც გამოკითხვისას უთქვამს.

უთხარი გამომძიებლებს, მეთქი, ბავშვს რომ ათქმევინეთ, არც საგანი დაუნახია, არც დანა და ბავშვზე ნუ ახდენთ ზეწოლას-მეთქი...
არასრულწლოვანი მოწმის მამა

რ.თ.: თქვენ ხომ ამბობთ, რომ არ დაუნახავს [დანა], პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში წერია, რომ დაინახა…

მოწმის მამა: რა დაინახა? დანა წერია? დანა არ წერია, სავარაუდოდ, რაღაც საგანიო. მაგათ შეცვალეს და რა ვქნა.

რ.თ.:პოლიციამ შეცვალა?

მოწმის მამა:არ ვიცი, ეტყობა პოლიციამ. მაგაზე მქონდა ჩხუბი. სამმართველოს უფროსებს ყველას ვეუბნებოდი, რომ ბავშვს არ დაუნახია. როგორ არაო, კაცო, დაინახაო…

რ.თ.:ნახეთ, როგორ წერია თქვენი შვილის გამოკითხვის ოქმში: “სავარაუდოდ ხელში ეჭირა დანის მაგვარი საგანი”.

მოწმის მამა:მაგათ დაწერეს და რა ვქნა….

რ.თ.:ჩვენებას ესწრებოდით?

მოწმის მამა:ჩვენებას ვესწრებოდი. 3-4 საათი ვიყავი. მაგაზე [ხელში დანის დანახვაზე] მქონდა ჩხუბი, ომი.

რ.თ.:ზეწოლა თუ შეამჩნიეთ?

მოწმის მამა:ვიგრძენი, იმიტომ, რომ ბავშვი იძახის, არ დამინახია და [პოლიცია ეუბნებოდა] ხომ დაინახე ის საგანიო, რატომ უარყოფო. ანუ შეცდომაში შეჰყავდათ რა, რომ ოღონდ რაღაცა ეთქვა.
უთხარი გამომძიებლებს, მეთქი, ბავშვს რომ ათქმევინეთ, არც საგანი დაუნახია, არც დანა და ბავშვზე ნუ ახდენთ ზეწოლას-მეთქი. მერე მთავარი სამმართველოს უფროსთან მომივიდა ჩხუბი. რა ფერის დანა იყოო, არ დამინახია დანა, რა ფერის საგანი იყო? არ დამინახიაო... ხელი რაღაცეებზე მოვაწერე, რაზე მოვაწერე, არ მახსოვს, დაკითხვაზე მომაწერინეს ხელი, მაგრამ მე მაშინვე ვუთხარი, ამ ბავშვს დანა არ დაუნახია ხელში, სამჯერ ვუთხარი და რა ვქნა, - მოწმე #3-ის მამა პოლიციაში გატარებულ ღამეს იხსენებს.

გვირაბი, სადაც 15 წლის ივანე დაჭრეს

მოწმე #4

მოწმე #4 კიდევ ერთი არასრულწლოვანია, რომელიც, დოკუმენტების მიხედვით, ბრალდების სასარგებლო ირიბ ჩვენებას იძლევა - მის ჩვენებაში წერია, რომ მან დაინახა, ივანე და ლექსო როგორ ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს და მიუთითა, რომ “მხოლოდ ლექსოს შეეძლო ივანესთვის რაიმეს დაშავება”.

დღეს, უკვე აღარც ის არის დარწმუნებული თავისი სიტყვების სიმართლეში. ამბობს, პოლიციელებმა დამაჯერეს, რომ ლექსო ივანეს ეჩხუბებოდაო.

“სულ პირველად რომ მივედი, სამმართველოს უფროსთან შემიყვანეს და მაგან მითხრა, ბავშვმა [ლექსომ] აღიარა ყველაფერიო. ვუთხარი, ივანეს წამით რომ შევხედე, ვიღაც ხელს უქნევდა, ოღონდ ის ვიღაც არ ვიცი ვინ იყო… “ის ხომ ლექსო იყოო? ხომ ლექსო იყოო?” ასე თუ ისე მომაწვნენ რა, მეც დამაჯერეს, რომ ის იყო.

მე მხოლოდ ვიძახდი, რომ ივანე ეჩხუბებოდა ვიღაცას და [გამომძიებელი] მეუბნება, ლექსომ ყველაფერი აღიარაო და ხო ლექსო იყოო? ლექსოზე მანიშნეს, თქვი, რომ ლექსო იყოო რა. მე ერთადერთი ის ვნახე, რომ ივანეს რომ გავხედე, ვიღაც ხელს ურტყამდა, მეტი არაფერი”, - იხსენებს არასრულწლოვანი მოწმე.


რ.თ.: როცა მორჩით ჩვენების მიცემას, წაიკითხეთ თუ არა დოკუმენტი თქვენ, ან დედამ?

მოწმე #4: მე წავიკითხე.

რ.თ.: ეს ფურცელი წაიკითხეთ ზუსტად? (მოწმე #4-ს ვაჩვენებთ მისი გამოკითხვის ოქმს, რომელიც საქმეშია)

მოწმე #4:წავიკითხე, მაგრამ ასეთი რაღაცეები არ მახსოვს. მე მახსოვს, რომ ჩხუბის დროს არ მინახავს არანაირი იარაღი. ანუ არაფერში დარწმუნებული არ ვარ, რა.

რ.თ.: დედას არ წაუკითხავს?

მოწმე #4:არა.

გამოძიების უკანონო ქმედებები

რადიო თავისუფლებამ საქმის მასალების შესწავლისას აღმოაჩინა, რომ გამოძიების პროცესში პროკურატურა ჩხუბში მონაწილე სხვა მოზარდების და მათი მშობლების სატელეფონო საუბრებსაც უსმენდა.

სასამართლოში პროკურორის მიერ წარდგენილ მასალებში დევს მშობლებისა და მათი ადვოკატების სატელეფონო საუბრების დეტალური ჩანაწერები. კანონით კლიენტის და ადვოკატის საუბარი კონფიდენციალურია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა კლიენტს კანონიერად უსმენენ. კანონით, რა მომენტშიც აღმოჩნდება, რომ ჩაწერილია კლიენტის ადვოკატთან საუბარი, ჩანაწერი დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. ამ საქმის პროკურორმა კი ეს ჩანაწერები საქმის მასალებს დაურთო და სასამართლოში წარადგინა.
ბრალდებულის ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის მოთხოვნით მოსამართლემ პროკურატურის მიერ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები დაუშვებლად ცნო. თუმცა საქმეში დარჩა სხვა არასრულწლოვნის მშობლის და მისი ადვოკატის ჩანაწერები.

დაკითხვა 22 საათის შემდეგ და უფროსის გარეშე

არასრულწლოვნები და მათი მშობლები რადიო თავისუფლებასთან აღწერენ დაკითხვის პროცესს, რომელიც მათი მონათხრობის მიხედვით, პირდაპირ ეწინააღდეგება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს.

არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც პარლამენტმა 2015 წელს მიიღო, რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნას აწესებს:
  • არასრულწლოვნის და სამართალდამცავების ნებისმიერ ურთიერთობას მუდმივად უნდა ესწრებოდეს არასრულწლოვნის ახლო ნათესავი, ანდა კანონიერი წარმომადგენელი
  • არასრულწლოვანის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდ გარემოში.

ლექსოს დედა დეტალურად აღწერს, როგორ დააშორეს პოლიციელებმა განყოფილებაში მას შვილი 30-40 წუთით. მან სპეციალური განცხადებით სახალხო დამცველსაც მიმართა. განცხადებაში ბრალდებულის დაკითხვა ასეა აღწერილი:

“პოლიციის 7 თანამშრომელი, რომელთაგან სამი ჩემს შვილს თავზე ედგა, მოითხოვდნენ აღიარებას, რომ დანით დაჭრა ბავშვი. ყველაზე მეტად, აქტიურობდა თეთრმაიკიანი სრული აღნაგობის დაახლოებით 45 წლის მამაკაცი და 40 წლამდე მაღალი გამხდარი აღნაგობის შავმაიკიანი მამაკაცი. ლექსოს მოყოლილი არ მოეწონათ და დაუწყეს ყვირილი ამ ორმა პოლიციელმა „აღიარე დანაშაული და დანა სად დამალე, გვითხარიო!!“ მე ვიყავი შოკირებული, ვეუბნეოდი პოლიციელებს, ხომ გითხრათ ბავშვმა ყველაფერი-თქო. თეთრმაიკიანმა პოლიციელმა ბავშვს მოკიდა ხელი და გაიყვანა, მე და ერთი პოლიციელი დავრჩით ოთახში დაახლოებით 30-40 წუთი, ჩემს კითხვებზე, სად წაიყვანეს ჩემი შვილი, პასუხს არ მცემდა. 30-40 წუთის შემდეგ გამოვედი ოთახიდან და დავიწყე ჩემი შვილის ძებნა და ვიპოვე ერთ-ერთ ოთახში, გამომძიებელთან ერთად.

როგორც შემდგომ ჩემი შვილისგან გავიგე, მას აშინებდნენ ბორკილების დადებით და პადვალში დამწყვდევით.
არასრულწლოვანი ბრალდებულის დედა

მე შევედი ამ ოთახში, იყვნენ თეთრი და შავ მაიკიანი პოლიციელი, თეთრ მაისურიანს ხელში ეჭირა ჩართული ტელეფონი ვიდეოგადაღების რეჟიმში და უყვიროდა ლექსოს ,,აღიარე ბიჭო დროულად, რომ შენ ხარ დამნაშავე და სად წაიღე დანაო''. ამ დროს, მე დავიწყე ყვირილი და მაგიდაზე ხელების დარტყმა, რატომ აიძულებთ ბაშვს ტყუილად დანაშაულის აღიარებას, გიჩივლებთ ამ უკანონობისთვის თქო!! ჩემი რეაქციის შემდეგ ორივე აგრესიული პოლიციელი გავიდა ოთახიდან და ზეწოლა დასრულდა. როგორც შემდგომ ჩემი შვილისგან გავიგე, მას აშინებდნენ ბორკილების დადებით და პადვალში დამწყვდევით. ამ ორი პოლიციელის მხრიდან ლექსოზე ზეწოლა დაახლოებით ერთი საათი და 20 წუთის მანძილზე გაგრძელდა, ჯერ ჩემი და სხვა პოლიციელების თანდასწრებით, შემდეგ ჩემს გარეშე ბავშვის გაყვანით და შემდეგ უკვე გამომძიებლის თანდასწრებით.”

უცვლელი სისტემა
პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანზე ზეწოლის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული ფაქტი 2019 წლის დეკემბერში მოხდა. მაშინ, თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
არასრულწლოვნის თვიმკვლელობამ საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა მოთხოვნით - დაესაჯათ მოძალადე პოლიციელები.
შემთხვევიდან ერთ კვირაში სახელმწიფო ინსპექტორმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააპატიმრა. სასამართლოს ყველა ინსტანციამ ჩოლოიანი დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება მეტწილად ემთხვევა ამ საქმეში პოლიციელების ქმედებებს, ბრალდების მიხედვით, ის არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა, ასევე გამოკითხვისას მოზარდს არ შეუქმნა არასრულწლოვანთა კოდექსით განსაზღვრული შესაფერისი პირობები.
სახელმწიფო ინსპექტორმა მაშინ დაადგინა, რომ დიდუბის პოლიციაში არასრულწლოვანი ლუკა დედის გარეშე, ცალკე გაიყვანეს და პოლიციის თანამშრომლებმა ზეწოლა მოახდინეს, რისთვისაც კიდევ ორ პოლიციელს სამსახური დაატოვებინეს. მარიანა ჩოლოიანს კი 2020 წელს სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა.

არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამბობს, რომ არასრულწლოვანი პოლიციაში უნდა გამოიკითხოს დილის 8 საათიდან 22 საათამდე შუალედში;

საქმის მასალები ფორმალურად “წესრიგშია” - ყველა არასრულწლოვანი მოწმე დოკუმენტებით 22 საათამდეა გამოკითხული, თუმცა მოზარდების და მათი მშობლების უმრავლესობა ამბობს, რომ ბავშვებს პოლიციაში თითქმის მთელი ღამე გაატარებინეს.

“ყველა ბავშვი წაყვანილი ყავდათ ერთად, მთელი ღამე ბავშვებმა ფაქტიურად იქ [პოლიციაში] გაათენეს, პოლიციაში სწორ დროს, რა თქმაუნდა, არ მიაწერდნენ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, რომელიც საქმეში მოგვიანებით ჩაერთო.

გამოძიების მასალებით, ჩხუბის დღეს ბრალდების ერთ-ერთი მთავარი, მოწმე #2-ის გამოკითხვა 21 საათსა და 50 წუთზე დასრულდა, თუმცა დედა ამბობს, რომ პოლიციიდან დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოუშვეს.

“პირველის წუთებზე გამოგვიშვეს, დაარღვიეს კანონი”, - ამბობს მოწმე #3-ის მამა. არადა, საქმის მასალების მიხედვით მოწმე#3-ის გამოკითხვა სულ 45 წუთი გაგრძელდა და 21:30-ზე დასრულდა. მოწმის მამა იხსენებს, რომ სამჯერ სთხოვა პოლიციას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სახლში გაეშვათ.

არასრულწლოვნების პოლიციის განყოფილებაში 30 მაისს გვიან ღამემდე ყოფნა საქმის მასალებში არ არის ასახული.

“ეს არის კანონდარღვევა ცალსახად, თუ მოიკვლევენ და დადასტურდება, რომ არასრულწლოვნებთან 22 საათის შემდეგაა გამოკითხვები ნაწარმოები, ეს ამ გამოკითხვების დაუშვებლად ცნობის საფუძველია”, - ამბობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალისტი, იურისტი ლანა ცერცვაძე.

ლანა ცერცვაძე, იურისტი

რადიო თავისუფლების თხოვნით მან სისხლის სამართლის საქმის მასალები შეისწავლა და შეაფასა არასრულწლოვნების მონათხრობი, რომლის მიხედვითაც, მათ პოლიცია თავს ახვევდა საკუთარ ვერსიას და ფაქტობრივად უბიძგებდა “ხელი დაედოთ” 16 წლის ლექსოსთვის.

დაკითხვაზე დაბარებული არასრულწლოვნების ნაწილი, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ერთსა და იმავე დეტალზე მიუთითებენ - პირველ ღამეს დიღომში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში მათ პოლიციელებმა უთხრეს, რომ ლექსომ დანაშაული უკვე აღიარა და პოლიციას ბევრი მტკიცებულება აქვს. ბავშვების ნაწილი იმ დღეს არ გამოკითხეს, პოლიციაში ისინი მეორე დღეს დაიბარეს.

“არასრულწლოვნისთვის შთაგონება ძალიან მარტივია, როდესაც მას გამზადებულ ინფორმაციას აწვდი და ეუბნები, რომ შენთვის კარგი იქნება, რომ ეს თქვა, არასრულწლოვანი ამას იმეორებს და ეს არის დაუშვებელი, ეს ეწინააღმდეგება კანონს.

როდესაც გამომძიებელი იბარებს არასრულწლოვნებს, არ ატარებს მათთან საგამოძიებო მოქმედებებს, მაგრამ არასრულწლოვანს მოასმენინეს, შთააგონეს კონკრეტული ინფორმაცია, ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანომ ექოს პრინციპი აამოქმედა - მათ მოასმენინა რაღაც ვერსია, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ იყოს სიმართლე, ეს დაუშვებელია და ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა კოდექსს და ბავშვის საუკეთესო ინტერესს”, - ამბობს იურისტი.

გამქრალი მტკიცებულებები

რადიო თავისუფლებამ საქმის მასალებში კიდევ ერთი კანონდარღვევა აღმოაჩინა, ოქმების მიხედვით, ლექსოს გამოკითხვა პოლიციამ 21:55 წუთზე, კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე დაასრულა. გამოკითხვის შემდეგ ის ან დაუყოვნებლივ უნდა დაეკავებინათ, ანდა სახლში გაეშვათ. ლექსოს დედა ჰყვება, რომ სახლში არ გაუშვეს, ამას ადასტურებს საქმეში მოხვედრილი ერთი ოქმი, სადაც წერია, რომ 00:30 წუთზე ლექსო პოლიციის შენობაში იყო და მას მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. იურისტი ამბობს, რომ დაახლოებით 2.5 საათი ლექსო პოლიციაში უკანონოდ ჰყავდათ.

“22 საათიდან პირველ საათამდე არასრულწლოვანი უკანონოდაა შეჩერებული საგამოძიებო ორგანოში, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის, რომ არასრულწლოვანს არ უშვებ სახლში”, - ამბობს იურისტი ლანა ცერცვაძე და აზუსტებს, რომ ასეთი შემთხვევების გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება.

რადიო თავისუფლებამ ამ საქმეში არსებულ დარღვევებზე შეკითხვები გაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს. შეკითხვებზე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ საქმით უკვე დაინტერესდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო სამსახურს პოლიციელთა დანაშაულების გამოძიება ევალება, ამ უწყებას დაახლოებით ორი თვის წინ მიმართა ბრალდებულის დედამ. არასრულწლოვანი ბრალდებული და მისი საქმის მნიშვნელოვანი მოწმე #2 გამომძიებლებს მოუყვა პოლიციელების ზეწოლის შესახებ.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რადიო თავისუფლებამ ჰკითხა, რა ეტაპზეა ეს გამოძიება და მოიპოვეს თუ არა არასრულწლოვანთა მონათხრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან მოგვწერეს, რომ პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვნის იძულების ფაქტზე გამოძიება 7 ივლისს დაიწყეს, 9 ივლისს სასამართლოს მიმართეს და დიღომში პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის გარე პერიმეტრის, საშვთა ბიუროს, ფოიეს და მე-7 სართულის (ადგილი, სადაც არასრულწლოვნები გამოკითხეს) ვიდეოკამერების ჩანაწერები მოითხოვეს.

სასამართლომ 112-ს ამ ჩანაწერების საგამძიებო სამსახურისთვის გადაცემა დაავალა, თუმცა სამსახურმა ჩანაწერები ვერ მიიღო.12 ივლისს 112-დან უპასუხეს, რომ პოლიციის სერვერებზე იმ დღის ჩანაწერები არ იძებნება.


გაქრა ჩანაწერები, რომელსაც შესაძლოა დაედასტურებინა არასრულწლოვნების მონათხრობი, რომ პოლიციაში მთელი ღამე გააჩერეს და მათი გამოკითხვისას კანონი დაარღვიეს.


სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა პოლიციელების დანაშაული ჯერ არ გამოკვეთილა.

ეძებს თუ არა პროკურატურა სიმართლეს

საქმის მასალების, განსაკუთრებით დაჭრილის პალატის ფარული მიყურადების, ჩხუბში მონაწილე მოზარდების და მათი ოჯახის წევრების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების გაცნობის შემდეგ, ცხადი ხდება, რომ დაჭრილის ოჯახს ეჭვი სხვა მოზარდზე აქვს. აუდიოჩანაწერებში დაჭრილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ “დამნაშავე ახლაც ქუჩაში დადის” (ამ ჩანაწერის დროს ლექსო უკვე რამდენიმე დღის დაპატიმრებული იყო).

ოჯახს ეჭვი აქვს, რომ თავდამსხმელი არის მოწმე #1, რომლის ჩვენებაც პოლიციამ ლექსოს წინააღმდეგ გამოიყენა და ამის შემდეგ სხვა სავარაუდო დამნაშავე აღარ უძებნია.

პალატის ფარულ ჩანაწერში დაჭრილის ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ მათი შვილი სწორედ მოწმე #1-მა დაჭრა, საუბრობენ შესაძლო მოტივზე (ბავშვებს შორის შური და ქიშპობა) და ამბობენ, რომ ჩხუბისას დანა მას ჰქონდა.

საქმის მასალებში დევს მესენჯერით მიმოწერა, სადაც მოწმე #1 მეგობარს წერს, რომ “გარაჟებში” საქმის გარჩევა უნდა შედგეს და “პრედმეტი” (ჩხუბში გამოსაყენებელი რაიმე საგანი - დანა, კასტეტი, დუბინკა და ა.შ.) წამომიღე, “ვიღაც უნდა დავჭრაო”. არაერთი მოწმე ჩვენებაში ადასტურებს, რომ მეგობარმა მოწმე #1-ს დანა, ე.წ. ბაბოჩკა მიუტანა.

მოწმე #1 ამბობს, რომ ჩხუბის დროს წაიქცა და დანა ჯიბიდან ამოუვარდა.

"რამე პრედმეტს ვერ გამიჩითავ" - დანასთან დაკავშირებული მიმოწერა არასრულწლოვნებს შორის

ეს დანა დაიკარგა. გამოძიებას რომ ეპოვა, ექსპერტიზა მარტივად დაადგენდა, ამ დანით დაჭრეს თუ არა ივანე.


დაჭრილის მსგავსად, ბრალდებულის ოჯახიც ფიქრობს, რომ ივანე მოწმე #1-მა დაჭრა. “მფარველობენ, ვინც არის დანის ფიგურანტი და ამ ჩხუბში დანის მატარებელი, მფარველობენ, ძალიან დიდი მფარველი ყავს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრალდებულის დედამ.

მოწმე #1-ის ადვოკატი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ივანე მის კლიენტს არ დაუჭრია, დანა კი ჰქონდა, მაგრამ ჩხუბის დროს ჯიბიდან გადმოუვარდა და დაკარგა.

მაშინ როცა ოთხმა მთავარმა მოწმემ, რომელთა ჩვენებებზეც დგას ბრალდება, განაცხადა, რომ გამოკითხვისას მიცემული ჩვენებები არასწორია და პოლიციელების დაძალებით და მანიპულაციითაა დაწერილი. რას დაეყრდნობა ბრალდება სასამართლოში?
ამ კითხვაზე საქმის პროკურორი ბაქარ შიოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბრალდებას მყარი პოზიციები აქვს, არასრულწლოვნების გამოკითხვისას კანონი არ დარღვეულა.

Your browser doesn’t support HTML5

პროკურორის კომენტარი არასრულწლოვნის საქმეზე

“ჩვენ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ… სახეზე გვაქვს არასწორად წარმართული გამოძიება, არასწორად მოპოვებული მტკიცებულებები, რასაც მივყავართ უდანაშაულო პირის (ბრალდებული მხოლოდ 16 წლისაა - რ.თ.) შესაძლო დასჯამდე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას იურისტმა ლანა ცერცვაძემ.

სკოლის როლი

არასრულწლოვნებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა იმთავითვე მოიხსნა სკოლამ. ახალი ამბების რეპორტაჟებში სკოლის დირექტორი და მანდატური ერთხმად ამბობდნენ, რომ დაპირისპირება სკოლაში არ მომხდარა, ბავშვებმა სკოლიდან მოშორებით, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ იჩხუბეს და ამიტომაც მომხდარზე ბევრი არაფერი იცოდნენ.


74-ე სკოლის დირექტორმა მარინა ჯარმელიშვილმა რადიო თავისუფლების შეკითხვებს არ უპასუხა, თუმცა ვიდრე ტელეფონს გაგვითიშავდა, თქვა, რომ სკოლის ადმინისტრაცია კანონის შესაბამისად მოიქცა.

არასრულწლოვნების, მასწავლებელებისა და სკოლის ხელმძღვანელობის მიცემული ჩვენებებით მოვლენები ასე განვითარდა:

ორი ბიჭი სკოლაში, სპორტის გაკვეთილზე ერთმანეთს დაუპირისპირდა, რამდენიმე მოწმე ჰყვება, რომ საქმე ძიძგილაობამდეც მივიდა. კამათში სპორტის მასწავლებელი ჩაერია, მოსწავლეები გასახდელ ოთახში შეიყვანა და “შეარიგა”. მოზარდების მონათხრობით კი ირკვევა, რომ სინამდვილეში ”შერიგებულებმა” იქვე სპორტის გაკვეთილზევე დათქვეს “საქმის გარჩევა”. ეს ამბავი სპორტის მასწავლებელს ან გამოეპარა, ანდა ყურადღება არ მიაქცია.

რადიო თავისუფლება რამდენიმე სხვა სკოლის დირექტორს და მანდატურს ესაუბრა, ყველა ერთხმად ამბობს, რომ ჩხუბის შესახებ სპორტის მასწავლებელს მანდატურისთვის და კლასის დამრიგებლისთვის უნდა ეცნობებინა, მათ უნდა შეეფასებინათ კონფლიქტის სიმწვავე და საქმის კურსში ჩაეყენებინათ სკოლის ადმინისტრაცია. სკოლაში უნდა მიეწვიათ მშობლები და მხოლოდ მათთან ერთად მიეცათ მოსწავლეებისთვის სკოლის დატოვების უფლება, რაც დიდი ალბათობით “საქმის გარჩევას” ჩაშლიდა.

74- ე სკოლაში ასე არ მოხდა, სპორტის მასწავლებელმა ჩხუბის შესახებ არავის უთხრა, მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში დაწყებული კონფლიქტის შესახებ მხოლოდ არასრულწლოვნის დაჭრის შემდეგ გაიგეს.

ინტერვიუზე რადიო თავისუფლებას უარი უთხრა სპორტის მასწავლებელმა, თუმცა განათლების სამინისტროს ცნობით, იგი სკოლაში აღარ მუშაობს - სკოლა მას შემდეგ დატოვა, რაც სამინისტროს აუდიტის სამსახურმა მომხდარის შესწავლა დაიწყო.

რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში განათლების სამინისტრო სპორტის გაკვეთილზე მომხდარს “მცირე ინციდენტს” უწოდებს და იმავეს იმეორებს, რასაც სკოლის ადმინისტრაცია - მოსწავლე დაჭრეს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სკოლიდან მოშორებით.

რადიო თავისუფლებამ სამინისტროდან აუდიტის სამსახურის დასკვნაც გამოითხოვა, სადაც შეფასებული უნდა იყოს სკოლის ადმინისტრაციის თითოეული წევრის მოქმედება სპორტის გაკვეთილზე კონფლიქტის დროს. წესით, ამ დოკუმენტში უნდა იყოს შეფასებული, შეეძლო თუ არა სკოლას სისხლიანი დაპირისპირების თავიდან აცილება და როგორ. სამინისტროდან აუდიტის დასკვნა არ მოგვაწოდეს, 10 დღის შემდეგ გამოგვიგზავნეს წერილი სადაც გამოთხოვილი ინფორმაცია არ არის.

სამინისტროს პასუხი ნახეთ აქ რადიო თავისუფლების შეკითხვები და განათლების სამინისტროს პასუხი

თბილისის საქალაქო სასამართლოში 16 წლის ბრალდებულის სასამართლო პროცესი გრძელდება, ბრალდებული მოზარდის ოჯახს და ადვოკატს იმედი აქვთ, რომ ლექსოს უდანაშაულობას დაამტკიცებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ელის.

არასრულწლოვნი ბრალდებულის ახლობლები განაჩენის მოლოდინში

აქ ნახეთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პასუხი.

*არასრულწლოვანთა სახელები ყველგან შეცვლილია