გაყალბებული ისტორიის ტრაგედია

“კატინი“ (პოლონეთი, 2007, რეჟისორი ანჯეი ვაიდა)

„კატინის“ პრემიერის შემდეგ ანჯეი ვაიდამ, პოლონური და მსოფლიო კინოს კლასიკოსმა, კიდევ 3 ფილმის გადაღება მოასწრო. თუმცა სწორედ „კატინს“ მიიჩნევენ ვაიდას ანდერძად, თუ გნებავთ, მონანიებად.

კომუნისტურ პოლონეთში მას უბრალოდ არ ჰქონდა საშუალება, შეულამაზებლად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ეთქვა სიმართლე ოკუპაციაზე, მსხვერპლსა და ჯალათებზე... არადა, ვაიდას ყველა ფილმის თემა ხომ ისტორია იყო - ადამიანის ადგილი ისტორიაში. კი, ყოველთვის ახერხებდა ცენზურის მოტყუებას. მაგრამ გარკვეულწილად კომპრომისების ფასად. მისი ფილმების მეტაფორული ენა აძლიერებდა ფიქრის იმპულსს მაყურებელში. თუნდაც „ფერფლი და ალმასი“ რომ გავიხსენოთ; როგორ უნდა გაეგოთ ის ფაქტი, რომ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი, დამპყრობლისა და კოლაბორაციონისტების სიძულვილით აღსავსე მაცეკ ხელმიცკი (ვაიდას „ალტერ-ეგოს“, ზბიგნევ ციბულსკის შესრულებით) პოლონელ კომუნისტს კლავს, მაგრამ მაინც იმსახურებს მაყურებლის სიმპათიას? როგორ უნდა აეხსნათ, რატომ აღიქვა მაყურებელმა გმირად „ტერორისტი“? ვაიდამ ახსნა. მაცეკს, უბრალოდ, „ანტიგმირი“ უწოდა. პოეტურმა ენამ გადაარჩინა „ფერფლი და ალმასი“. მაცეკი ნაგავში მოკვდა, დანარჩენი პოლონეთი კი ცოცხალი, თუმცა უღელში შებმული დარჩა.

მაგრამ ანჯეი ვაიდასთვის, როგორც ჩანს, ნახევრად ნათქვამი სიმართლე საკმარისი არ იყო. ჯერ კიდევ ცენზურის პირობებში გაბედა და პოლონურ „სოლიდარობას“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, „რკინის კაცი“ მიუძღვნა. პოლონეთის გათავისუფლების შემდეგ ქვეყნის ნომერ პირველ კინორეჟისორს ყველა პირობა შეუქმნეს „ცხოვრების მთავარ პროექტზე“ მუშაობის დასაწყებად; საქმე ისაა, რომ ანჯეი ვაიდას მამა, ეროვნული არმიის ოფიცერი, 1939 წელს „ენკავედეს“ ტყვედ ჩაუვარდა. 1940 წელს ხარკოვთან ახლოს დახვრიტეს. კატინის სისხლიანი სახე ვაიდას პირადი ტრაგედია იყო. ისევე როგორც, არსებითად, მთელი პოლონეთისა. მაგრამ რეჟისორი მაინც არ ჩქარობდა - იმედი ჰქონდა, რომ კატინის დოკუმენტებს, რომლებიც მოსკოვში ინახებოდა, ოდესმე პირადად შეისწავლიდა.

კატინის ტრაგედია ერთგვარი შედეგია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა, რომლითაც ნაცისტურმა გერმანიამ და სტალინის საბჭოეთმა ცენტრალური ევროპა ფაქტობრივად შუაზე გაიყვეს. ე.წ. თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსკოვმა 30 000 პოლონელი ოფიცერი და ინტეროფიცერი დაატყვევა - 12 000 ოფიცერი კატინის ტყეში, ასევე ხარკოვისა და კალინინის მახლობლად ჩახოცეს. დაუმატეთ ამათ პოლონელი ექიმები, ინჟინრები, ინტელექტუალები - ყველა, ვინც საბჭოთა რეჟიმს დაუპირისპირდა. სტალინის ხელისუფლება ამ ხალხს განიხილავდა, როგორც „ნაციონალისტებს“, როგორც „ბურჟუაზიულ ინტელიგენციას“. კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ პოლონეთის გაწითლებით ერთი მხრივ ნაცისტებისგან იცავდა „ძმურ პოლონელ ხალხს“, მეორე მხრივ, ათავისუფლებდა ქვეყანას „კლასობრივი მტრისგან“, მათ შორის ისეთი ახალგაზრდებისგან, როგორიც იყო „ფერფლი და ალმასის“ გმირი, როგორიც ანჯეი ვაიდას მამა იყო.

კატინის სასაკლაოს აღმოჩენის შემდეგ (დახოცილი ოფიცრების გვამები პირველად ნაცისტებმა ნახეს), კრემლმა ყველაფერი გერმანელებს დააბრალა. სინამდვილეში კატინით მტკიცდებოდა, რომ ნაცისტებს სულაც არ ჰქონიათ ტერორზე მონოპოლია და ამით მშვენივრად სარგებლობდნენ ბოლშევიკები. პოლონელებმა, რომლებმაც თავიანთ თავზე გამოცადეს ორმაგი ოკუპაცია, კარგად იცოდნენ როგორ მიმართავდა ისტორიის ფალსიფიკაციას კომუნისტური პროპაგანდა. როგორც ვაიდა მოგვიანებით აღიარებს, გაწითლებულ პოლონეთში ფაქტობრივად არ არსებობდა ოჯახი, რომელიც კატინის საბჭოურ ვერსიას დაიჯერებდა.

1990 წელს მიხაილ გორბაჩოვმა აღიარა, რომ კატინის ტრაგედიაზე პასუხისმგებელი საბჭოთა ხელისუფლებაა. თუმცა პუტინის კრემლში მოსვლის შემდეგ კატინის საქმე სასწრაფოდ დახურეს. 2005 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოფიციალურად განაცხადა უარი კატინის ტრაგედიის გამოძიებაზე (საქმის 116 ტომი „სახელმწიფო საიდუმლოს“ გრიფითაა შენახული).

ანჯეი ვაიდა ვეღარ მოიცდიდა. გაყალბებული ტრაგედიის მხილება „პოლონელი ვისკონტის“ მოქალაქეობრივი ვალი იყო. „კატინში“ მან პოეზიაზეც უარი თქვა და მრავალმნიშვნელოვან სახეებზეც, ასე ძალიან რომ უყვარდათ მის თაყვანისმცემლებს. „არავითარი მაგრამ!“ - ეს არის დიდი რეჟისორის ფილმის მთავარი გზავნილი. ოკუპაციის ჯოჯოხეთის ჩვენებას არ სჭირდება „მაგრამ“. მით უმეტეს ორმაგი ოკუპაციის - ნაციზმისა და სტალინიზმისა. ჯოჯოხეთის ატმოსფერო იქმნება იმის მიუხედავად, რომ ვაიდა თითქმის არ გვიჩვენებს საკუთრივ ძალადობის სცენებს, ემიჯნება ყველანაირ პათეტიკას და ისტორიული ფილმისგან არ ქმნის სანახაობას (ეს მაშინ, როცა ფილმის ოპერატორი პაველ ედელმანი და კომპოზიტორი ქშიშტოფ პენდერეცკია). მეტიც, არქივებსაც ზომიერად იყენებს და მთელ ძალისხმევას ხარჯავს აბსოლუტური ერთიანობის მიღწევაზე. „კატინის“ ტრაგედია გათამაშებულია განსხვავებული ქალების ცხოვრებაზე, მათ მოლოდინზე, მათ იმედზე - იმის იმედზე, რომ პოლონელი ოფიცრები ცოცხლები არიან და აუცილებლად დაუბრუნდებიან ოჯახებს. ამ ქალების ცხოვრება ეხმარება ვაიდას, მიმართოს თავის საყვარელ თემებს - სოლიდარობას, სამშობლოს, დედაშვილობას, რელიგიას... სხვათა შორის, „კატინი“, მიუხედავად ფილმის წარმატებისა, არაერთმა დასავლელმა კრიტიკოსმა დაიწუნა იმის გამო, რომ მასში ნახსენები არაა ჰოლოკოსტი და ებრაელების მასობრივი ჟლეტა. წლების წინ, ჯერ კიდევ კომუნისტურ პოლონეთში მოღვაწეობის დროს ვაიდას ერთხელ უკვე დასდეს ბრალი ანტისემიტიზმში, ფილმისათვის „აღთქმული მიწა“. იმხანად რეჟისორმა ძალიან განიცადა ეს ბრალდება და თავის მართლება მოუხდა. თუმცა პოლიტკორექტულობის გამო „კატინში“ არანაირ კომპრომისზე არ წასულა.

ფილმში არის შესანიშნავი მხატვრული სახე - რკინის ხიდი, რომელსაც პოლონელი დევნილები გადიან; ამ ადამიანთა ერთი ნაწილი ნაცისტებს გამოექცა, მეორე - რუსებს. როგორც ზღაპარში „იქით წახვალ - დაიღუპები, აქეთ წახვალ - დაიღუპები!“... ეს საშინელება გამოიარა პოლონელმა ხალხმა. ჯოჯოხეთს უძლებს დღეს პოლონელების მეზობელი, უკრაინელი ხალხიც, რომელმაც მსოფლიოს ისევ ათქმევინა: „არავითარი მაგრამ!“