მამის ნაკვალევზე - ილია მედვედევის ისტორია

არცთუ ისე დიდი ხნის წინ 27 წლის ილია მედვედევი, რუსი მოხელეების შვილების საზომით, შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწეოდა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის შვილს იღებდნენ „ერალაშში“, შეუმჩნევლად და მოკრძალებით სწავლობდა „მგიმოში“ (საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი) და გარდა ორიოდე ინტერვიუსი, რომლებშიც საკუთარი ბიზნესის შექმნაზე ოცნებობდა, - მის შესახებ სხვა არაფერი იყო ცნობილი.

მაგრამ რაც უფრო ემატებოდა ასაკი ილია მედვედევს, მით უფრო ემსგავსებოდა ის რუსეთის ნომენკლატურის ტიპურ წარმომადგენლებს. სამუშაოდ მოეწყო მამასთან დაახლოებული ოლიგარქის კომპანიაში; სარგებლობს მდიდრული უძრავი ქონებით, რომლის შესაძენად საეჭვოა, ფული თავად გამოემუშავებინა; რუსულენოვანი „ნასტოიაშჩეე ვრემია“ და „მედუზა“ შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორ გაიმეორა ილია მედვედევმა გარკვეული აზრით მამის გზა - როგორ გადაიქცა მეოცნებე-ინოვატორი „ერთიანი რუსეთის“ წევრად, რუბლიოვკაზე მდებარე მდიდრული კოტეჯით.

ჯგუფი „სერებრო“ და მისთვის გადახდილი ჰონორარი

„მოსკოვური ინტელიგენციის ტიპური წარმომადგენელია - ძალიან კარგად აღზრდილი, ძალიან სასიამოვნო. ყოველთვის იყო ძალიან სალმიანი. გოგოებს მოსწონდათ სიმპათიური და თავაზიანი. როგორ შეიძლებოდა, რომ არ მოსწონებოდათ?!“, - ასე აღწერს ილია მედვედევს გამოძიების ავტორებთან საუბარში მისი მეგობარი გოგო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი „მგიმოში“ სწავლის დროს, სხვა ფულიანი მშობლების შვილებისგან განსხვავებით საკმაოდ მოკრძალებულად იქცეოდა და ფულებს აქეთ-იქით არ ისვრიდა, თუმცა ერთხელ თავისი ხელგაშლილობით ყველა განაცვიფრა.

ილია მედვედევის შესახებ მისი თანაკურსელები ასეთ ისტორიას იხსენებენ. 2016 წელს, ბარ Royal Bar-ში, რომელიც ხიმკის წყალსაცავის ნაპირზე მდებარეობს, ცნობილმა პოპჯგუფმა „სერებრომ“ ჰონორარის სახით მილიონ-ნახევარი რუსული რუბლი მოითხოვა. მაყურებლები იყვნენ „მგიმოს“ 2016 წლის კურსდამთავრებულები და ბაკალავრები, რომლების მიერ შეგროვებული ფული ბანკეტის საჭმელ-სასმელს ეყო, მაგრამ პოპჯგუფის მიერ მოთხოვნილ ჰონორარს თითოეულისგან კიდევ 100 ათასი რუბლის დამატება სჭირდებოდა, რაც მათ არ ჰქონდათ.

და ამ დროს მუსიკოსების მიერ მოთხოვნილი თანხა მთლიანად დაფარა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის შვილმა, 21 წლის ილია მედვედევმა, რომელიც პოპჯგუფ „სერებროს“ დიდი თაყვანისმცემელი აღმოჩნდა.

ჯგუფის კონცერტისა და მისთვის გადახდილი ჰონორარის ისტორიის შესახებ „მედუზას“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ უამბო ორმა თანამოსაუბრემ, რომლებიც ამ წვეულებაზე იმყოფებოდნენ. მაგრამ ჯგუფის წარმომადგენელმა ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

მედვედევ-უმცროსის ნაცნობები ჰყვებიან, რომ უმაღლეს სასწავლებელში იგი ამჯობინებდა იმ სტუდენტების წრეში ყოფნას, რომლებიც ინსტიტუტში არა „ჩაწყობით“, არამედ პატიოსნად, თავიანთი ცოდნით მოხვდნენ.

„პირობითად რომელიმე გოგონა, რომელმაც მისაღებ გამოცდაზე მაგალითად 400 ბალი დააგროვა და მედვედევის ჯგუფში ჩაირიცხა, მთელ ჯგუფთან ერთად დაპატიჟებული აღმოჩნდა მის აგარაკზე, სადაც მოსამსახურეები და კერძო კინოთეატრია“, - უყვება „მედუზას“ და „ნასტოაიშჩეე ვრემიას“ ილია მედვედევის თანაკურსელი გოგო.

იმის შესახებ, რომ მედვედევ-უმცროსს აგარაკზე ჰქონდა თავისი კინოთეატრი, სხვა მის მეგობარსაც გაუგია. ორივე წყარო ადასტურებს, რომ თავად აგარაკი რუბლიოვკაზე იყო, თუმცა ზუსტი მისამართი არ იციან.

„მგიმო“

შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობდა მამის, 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტის, შემდგომ კი პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის სტატუსი. „მგიმოში“ ლექციებზე ილია დადიოდა სამოქალაქო სამოსში გამოწყობილ ორ მცველთან ერთად, რომლებსაც ნაცნობებთან საუბარში „ბიჭებს“ უწოდებდა. „ისინი, მაგალითად, მას ახლდნენ ხოლმე ინსტიტუტის სასადილოში, მაგრამ ამაში არაფერი იყო გასაოცარი, რადგან ჩვენთან სწავლობდა ერთი გოგო, რომელსაც არა ორი, არამედ 5 მცველი დაჰყვებოდა“, - იხსენებს ილია მედვედევის თანაკურსელი გოგო.

მისი თქმით, ილიას ახლო მეგობრები ტელეფონისა და კომპიუტერის კამერებს პლასტირებს აკრავდნენ, იმის შიშით, რომ მათთვის შეიძლება თვალი ედევნებინათ.

„გოგო, რომელსაც ილია ეარშიყებოდა, ჩიოდა, რომ მისი სოციალური ქსელები გატეხეს, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ შეემოწმებინათ“, - აგრძელებს თხრობას ილიას თანაკურსელი გოგო.

მეგობრები იხსენებენ, რომ მედვედევ-უმცროსთან ერთად შეუძლებელი იყო რომელიმე უცნობ კაფეში წასვლა. მათი თქმით, არსებობდა „შემოწმებული დაწესებულებების სპეციალური სია“. წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი ასევე ბარში დასალევის თუ სადილის შესახებ, რათა დაცვა წინასწარ მისულიყო შენობაში, შეემოწმებინა ყველაფერი და თანხმობა მიეცა.

სტუდენტობის დროს ილია თამაშობდა ფეხბურთს „მგიმოს“ გუნდში, გატაცებული იყო და კარგად ერკვეოდა ღვინოებში, ინვესტირებით ახალ ტექნოლოგიებში, რომლებითაც მომავალში სურდა, რომ ყოფილიყო დაკავებული. ისევე როგორც მისი მამა რუსეთის პრეზიდენტობის პერიოდში, ილიაც ბევრს საუბრობდა სტარტაპებსა და ინოვაციებზე.

ილია მედვედევი (მარჯვნივ) 2013 წ.

რაც შეეხება პოლიტიკას, ის მხოლოდ ლექციებზე დისკუსიის დროს თუ იჩენდა ხოლმე თავს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ილია მედვედევს სტუდენტობის დროს პოლიტიკა არ აინტერესებდა.

„ის არ იყო ლუკაშენკოს შვილივით, რომელიც მამასთან ერთად „კალაშნიკოვით“ ხელში დარბის. მასთან (ილიასთან) ერთად შეიძლებოდა სადმე წასულიყავი გასართობად, დაგელია და გესადილა. საურთიერთოდ იოლი, სასიამოვნო ადამიანი იყო. საკმაოდ თავისუფლად საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, მისგან არ მოდიოდა პროსამთავრობო რიტორიკა, არ ახასიათებდა ნეგატივი დასავლეთისადმი“, - უყვება „მედუზას“ ილია მედვედევის თანაკურსელი.

სამი მეგობარი და „მეგობრისთვის წართმეული შეყვარებული“

უმაღლესში სწავლის დროს ყველაზე უფრო ახლოს ილია მედვედევი ორ ჯგუფელთან: ივან კოპტენკოსთან (გამოცემა „პროექტის“ ვერსიით, ნავთობის მაქინაციებით დაკავებულ საბჭოთა კავშირის ექსდეპუტატ ივან კოპტენკოს შვილთან) და საშუალო გაქანების ბიზნესმენთა ოჯახიდან გამოსულ ინტელექტუალ ილია ტრუფანოვთან მეგობრობდა.

თანაჯგუფელები ამ სამიდან ყველაზე გამორჩეულად ტრუფანოვს ასახელებენ. „ის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ენამოსწრებული და ერუდირებული იყო“, - ასე აღწერს ილია მედევედევის მეგობარს მათი ყოფილი თანაკურსელი.

„მგიმოს“ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ ტრუფანოვმა განათლების მიღება ლონდონის Queen Mary-სა და შემდეგ პარიზის სორბონის უნივერსიტეტებში განაგრძო.

2022 წელს ილია ტრუფანოვმა ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი „მგიმოს“ კურსდამთავრებულთა სახელით შედგენილ ანტისაომარ წერილს.

ტრუფანოვი ამჟამად უმსხვილესი ფრანგული სანავთობო კომპანია Total Energies-ის სტაჟიორი ადვოკატია. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დროს, მედვედევის მეგობარი ხვდებოდა თავის თანაკლასელს, იანა გრიგორიანს. „მათ ძალიან სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ და დაქორწინებასაც კი აპირებდნენ. მაგრამ მოგვიანებით იანა გრიგორიანმა არჩევანი სხვა ილიაზე - ილია მედვედევზე, - შეაჩერა“, - ჰყვება ტრუფანოვის თანაკურსელი.

მედვედევის და ტრუფანოვის თანაკურსელების თქმით, სადღაც მეოთხე კურსის დროს, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა თავის საუკეთესო „მეგობარს შეყვარებული წაართვა“. ეს ისეთი გამოცდა აღმოჩნდა, რომელმაც კინაღამ შეიწირა ტრუფანოვისა და მედვედევის მეგობრობა. „მე ვფიქრობ, რომ ტრუფანოვმა ეს მხოლოდ იმიტომ გადაყლაპა, რომ ესმოდა: პრემიერ-მინისტრის შვილის გაბრაზება არ შეიძლება“, - ამბობს მათი საერთო ნაცნობი.

გრიგორიანი და მედვედევი ახლაც ერთად არიან. მათ ურთიერთობას წყვილის ნაცნობი „ნამდვილს“ უწოდებს. „ეს არ არის ფეიკი წყვილი, ისინი მართლა ხვდებიან ერთმანეთს“.

ალიშერ უსმანოვის ოჯახის მეგობარი

„არ ვუსურვებდი, რომ მემუშავა მსხვილ სახელმწიფო კორპორაციაში. მე მაინტერსებს ვაკეთო ის, რაც ახალგაზრდებისთვის არის საინტერესო, მაგალითად, ტექნოლოგიის სფეროში“, - ამობდა ილია მედვედევი 2016 წელს პოპულარულ ტაბლოიდ „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში.

და პირველ სამუშაოდ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა მართლა აირჩია არა „გაზპრომის“ ან ВТБ-ს მსგავსი სახელმწიფო კომპანია, არამედ ფორმალურად კერძო სტრუქტურა. 2016 წელს ბაკალავრიატის დასრულებისთანავე მან მუშაობა დაიწყო რუსულ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“, სადაც ანაზღაურების სახით ყოველთვიურად 100 ათას რუსულ რუბლზე მეტს იღებდა. ერთი წლის თავზე ილია მედვედევმა დატოვა სამსახური და მუშაობა საინვესტიციო ტექნოლოგიურ კორპორაცია Мэйл.ру-ში დაიწყო, სადაც მისი ანაზღაურება ორჯერ გაიზარდა და ყოველთვიურად 226 ათას რუბლს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანია კორპორაცია VK-ს შემადგენლობაში შედის. 2021 წლამდე მისი ძირითადი აქციონერი იყო მილიარდერ ალიშერ უსამანოვის ჰოლდინგი USM-ი.

მაგრამ, როგორც რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყაროებმა უთხრეს „მედუზას“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, ილია მედვედევი ამ კორპორაციაში მოხვდა მხოლოდ და მხოლოდ მისი მამის სახელის წყალობით და დაკავებული იყო გარკვეული სახის იურიდიული საქმიანობით. თუმცა, თავად კორპორაციაში ილია მედვედევის თანამდებობა ბურუსით არის მოცული.

ორმა წყარომ, რომლებიც VK-ში 2021 წლამდე მუშაობდნენ, აღნიშნა, რომ იციან კომპანიაში ილია მედვედევის მუშაობის შესახებ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეძლო გაეხსენებინა მისი თანამდებობა. „ამის შესახებ VK-ს შიგნით ჯერ კიდევ 5 წლის წინ ლაპარაკობდნენ, მაგრამ სამსახურში იგი ერთხელაც არ უნახავთ“, - უთხრა „მედუზას“ კომპანიის ყოფილმა ტოპმენეჯერმა. „მე მსმენია, რომ ის ჩვენთვის რაღაც პროექტებს აკეთებდა. ამბობდნენ, რომ მუშაობდა VK-ში, მაგრამ სად და რად - ამის დადგენა ვერ შევძელი“, - დასძენს კომპანიის ყოფილი თანამშრომელი.

დმიტრი მედვედევი და ალიშერ უსმანოვი. 2008 წ.

ილია მედვედევის სამუშაო პროფილის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კორპორაცია VK-ში ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა პასუხი ვერ მიიღეს.

მაგრამ ილია მედვედევი არა მხოლოდ იყო VK-ს თანამშრომელი, არამედ ის ასევე იყო დაკავშირებული ალიშერ უსმანოვის სხვა პროექტთან. ამას მიუთითებს ერთი ეპიზოდი, რომელიც გამომძიებელ ჟურნალისტებს რუსეთის ექსპრემიერის შვილის ინკოგნიტო თანაკურსელებმა უამბეს. „ორიოდე წლის წინ ჩვენ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევეყარეთ „სიტიში“, მოსკოვში მდებარე ცათამბჯენ „იმპერიის“ (Imperia Tower) მშენებარე კოშკში. მე მას შევეკითხე: აქ რას აკეთებ-მეთქი. რაზეც მიპასუხა: „აი, IT-იში ინვესტიციებზე ვმუშაობო“.

Imperia Tower-ის მშენებლობის ინვესტორი არის ალიშერ უსმანოვთან დაკავშირებული დეველოპერული კომპანია Solvers Estate, ხოლო შენობაში იგეგმებოდა იმხანად უსმანოვის კუთვნილებაში არსებული კომპანია „მეგაფონის “ განთავსება.

გარდა ამისა, უსმანოვთან დაახლოებულ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა ილია მედვედევის შეყვარებული იანა გრიგორიანი. საგადასახადო ბაზიდან გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, იანა გრიგორინი 2019 წელს სააქციო საზოგადოება „კორლაქსის“ თანამშრომლად ითვლებოდა. „კორლაქსი“ პროგრამულ უზრუნველყოფას უწევს კომპანია „უსაფრთხო და ჭკვიან ქალაქებს“, რომლის აქციათა პაკეტი სახელმწიფო კომპანია „როსტელეკომის“ შვილობილ კომპანიას ეკუთვნის.

ილია მედვედევი და იანა გრიგორიანი სოჭში გამართულ წვეულებაზე

შემთხვევითი არაა, რომ ილია მედვედევისა და მისი შეყვარებულის პირველი სამუშაო ადგილები ალიშერ უსმანოვთან დაახლოებული სტრუქტურებია. ბიზნესმენი ახლოსაა მედვედევების ოჯახთან. ჯერ კიდევ 2017 წელს ალექსეი ნავალნი თავის გახმაურებულ გამოძიებაში სახელწოდებით „ის თქვენი დიმონი არ არის“, აღნიშნავდა, რომ 2010 წელს უსმანოვმა პრეზიდენტ მედვედევს მოსკოვთან ახლოს, რუბლიოვკის ტრასის მახლობლად მდებარე 50 მილიონ დოლარად შეფასებული მდიდრული ვილა აჩუქა. (2010 წლის კურსით ეს თანხა 1,5 მილიარდი რუსული რუბლის შესატყვისი იყო).

მედვედევები, ღვინოები და ღვინის პარტია

როგორც ზემოთ ითქვა, ილია მედვედევი სტუდენტობიდან იჩენდა ძვირფასი ღვინოებისა და მეღვინეობისადმი ინტერესს, რაც მას, როგორც ჩანს, მამისგან გადმოეცა. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი არყის წარმოების გარდა, სავარაუდოდ, ტოსკანაში ვენახებსაც უნდა ფლობდეს. როგორც ილია მედვედევის ნაცნობი ამბობს, დმიტრი მედვედევის შვილი „კრასნოდარის მხარეში მეღვინეობის ბიზნესის განვითარებაში ეხმარება“. ასეთი ამბავი ცნობილია „მედუზისა“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ წყაროებისთვის, რომელთა თქმით, მედვედევი-უმცროსი მეღვინეობით სულ ახლახან დაინტერესებულა.

საუბარია კრასნოდარის ოლქში, ანაპის მახლობლად მდებარე მეღვინეობა „სკალისტი ბერეგზე“, რომელსაც, როგორც გაზეთი „სობესედნიკი“ ამტკიცებდა, დმიტრი მედვედევი ლენინგრადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მისი თანაკურსელის, ილია ელისეევის საშუალებით ფლობს. ამის შესახებ საუბარია ალექსეი ნავალნის გამოძიებაში „ის თქვენი დიმონი არ არის“.

2022 წლის ივნისში, მანამდე არცთუ ძვირფასი ღვინოების მოყვარული და პოლიტიკური ამბიციებისგან თავისუფალი ილია მედვედევი საზოგადოების წინაშე უეცრად სრულიად ახალი სახით წარდგა: იგი გახდა მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ წევრი. მან პარტბილეთი უშუალოდ გენერალური მდივნის, ანდრეი ტურკაჩისგან მიიღო.

მოვლენა ერთობ სიმბოლური აღმოჩნდა: ილია - პუტინის ძველი თანამებრძოლის, პარტიის თავმჯდომარისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის შვილია, ანდრეი ტურკაჩი - პუტინის ყოფილი მოადგილის, ანატოლი ტურკაჩის.

პარტიული ბილეთის საზეიმო გადაცემა მოხდა ორი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ტელეგრამის არხებზე და უკრაინულ მედიაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ილია მედვედევს გაუუქმეს ვიზა, რომლითაც ის აშშ-ში ცხოვრობდა. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ცნობის დადასტურება ვერ მოხერხდა, თუმცა ორი დღის შემდეგ დმიტრი მედვედევმა მრისხანე პოსტი გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ როგორ სჯის დასავლეთი რუსი მოხელეების შვილებს და ასეთი მიდგომა იტალიური მაფიის ხელწერას შეადარა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამერიკული ვიზის შესახებ ისტორიისა არ სჯერათ „მედუზასა“ და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მიერ გამოკითხულ მედვედევ-უმცროსის თანაპარტიელებს. ხოლო რაც შეეხება მმართველი პარტიის ბილეთის გადაცემას, ინკოგნიტო რესპონდენტები ამ ფაქტს სწორედ დმიტრი მედვედევის მხრიდან საშიში ჭორების უარყოფის სურვილით ხსნიან. ისე გამოდის, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ამით სურდა ეჩვენებინა, რომ არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი შვილიც ერთგულად ემსახურება „სამშობლოსა და რეჟიმს“.

ასეთ პიარსვლაში დმიტრი მედვედევი ადრეც შემჩნეულია. ეს მოხდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ცენტრმა „დოსიემ“ გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ თითქოს დმიტრი მედვედევი მისმა ცოლმა, სვეტლანა მედვედევამ მიატოვა. მას შემდეგ, რაც მედიამ და სოციალურმა ქსელებმა ამ ცნობის აქტიური განხილვა დაიწყეს, დმიტრი მედვედევმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც ის და მისი ცოლი რუსებს სიყვარულის, ოჯახისა და ერთგულების დღეს ულოცავენ.