რუსი პოლკოვნიკი თავდაცვის მინისტრად - რას უნდა ნიშნავდეს?

ალან გაგლოევი (ცენტრში) და მარატ პავლოვი (მარჯვნივ)

სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას, ექვსწლიანი წყვეტის შემდეგ, კვლავ რუსი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. 37 წლის პოლკოვნიკი მარატ პავლოვი, ვიდრე დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მინისტრად დანიშნავდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. რუსი გენერლების - ანატოლი ბარანკევიჩის, ანდრეი ლაპტევის, ვასილი ლუნიოვისა და ვალერი იახნოვეცის შემდეგ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის უწყებას 2016-2022 წლებში ცხინვალელი იბრაგიმ გასეევი, ხოლო 2022 წლის აპრილიდან 12 აგვისტომდე ასევე ცხინვალელი ვლადიმირ პუხაევი ხელმძღვანელობდა. ცხინვალში რუსი პოლკოვნიკის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას შეკავებული დაძაბულობით შეხვდნენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სიახლე უსიამოვნო სიურპრიზი და ერთგვარი უკან დაბრუნებაა ე.წ. აღიარებამდელ პერიოდში.

პოლკოვნიკ მარატ პავლოვის დანიშვნა დაემთხვა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის ურთიერთობის გამწვავებას.

პოლიტიკური ფონი

ალან გაგლოევი, რომელიც ორიოდე თვის წინ, 2022 წლის მაისში გახდა ე.წ. პრეზიდენტი, ცდილობს დაიმორჩილოს და კანონის ფარგლებში მოაქციოს ძალოვანი უწყებები, რომელთა ხელმძღვანელობაში თითქმის ყველა წინა პრეზიდენტის დანიშნული კადრია. როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის პროგრამის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ცხინვალში, მურად გუკემუხოვი ამბობს, სწორედ ამ მცდელობისა და მასზე რეაგირების ნაწილია თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმში მომხდარი საკადრო ცვლილებები, რომლებიც გამოიწვია ოსი სამხედროების ქუჩურ გარჩევებში მონაწილეობამ.

ალან გაგლოევი

„თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმის ერთ-ერთ თანამშრომელს, ქორწილში მომხდარი ჩხუბის დროს, სამოქალაქო პირმა (ვინმე აზამატ ჯიგკაევმა) ყბა მოტეხა. ამის საპასუხოდ, 4 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა სამსახურებრივი მანქანებითა და ტაბელური იარაღით, დღისით-მზისით, უამრავი მოწმის თვალწინ მიაკითხეს ჯიგკაევს, სცემეს და სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე წასვლა აიძულეს“, - ამბობს მურად გუკემუხოვი.

პავლოვის დანიშვნა უსიამოვნო სიურპრიზია, ერთგვარი დაბრუნება უკან, ე.წ. აღიარებამდელ პერიოდში...
მურად გუკემუხოვი

გატაცებული დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ვლადიმირ პუხაევმა და ალან გაგლოევმა გამოიხსნეს.

„მსგავსი ინციდენტები დაუშვებელია. ინციდენტში მონაწილეთა ქმედება მიიღებს სამართლებრივ შეფასებას“, - დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ამ განცხადების პასუხად სპეცრაზმელებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს. სავარაუდოდ, საუბარია ყველა, 106-ვე თანამშრომელზე.

ალან გაგლოევმა თავისი ე.წ. მთავრობის თავდაცვის მინისტრს სპეცრაზმის მეთაურის თანამდებობიდან გადაყენება მოთხოვა, რაზეც ვლადიმირ პუხაევმა განაცხადა, რომ ვერ ხედავდა თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზს. შედეგად, 2022 წლის 12 აგვისტოს ალან გაგლოევმა თანამდებობიდან მოხსნა თვითონ ვლადიმირ პუხაევი - დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი.

ვლადიმირ პუხაევი

„ადგილობრივმა საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება მტკივნეულად აღიქვა. ვლადიმირ პუხაევს პატივს სცემენ როგორც პიროვნებას და როგორც ნამდვილ საბრძოლო ოფიცერს - სამშობლოს დამცველს და როგორც სამხედრო სპეციალისტს, რომელსაც დამთავრებული აქვს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო აკადემია. კიდევ ერთი მტკივნეული მომენტი ამ ამბავში: თავდაცვის ბოლო ორი მინისტრი ადგილობრივები იყვნენ - იბრაგიმ გასეევი და ვლადიმირ პუხაევი. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია, როგორც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ნიშანი. მათთვის პავლოვის დანიშვნა უსიამოვნო სიურპრიზია, ერთგვარი დაბრუნება უკან, ე.წ. აღიარებამდელ პერიოდში“, - ამბობს მურატ გუკემუხოვი.

რას ცვლის მინისტრის ეროვნული კუთვნილება?

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. თავდაცვის მინისტრად რუსი ოფიცრის დანიშვნას გულგრილად შეხვდა როგორც ოფიციალური თბილისი, ასევე ექსპერტთა წრე. კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ამბობს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ეთნიკური კუთვნილება არსებითად არაფერს ცვლის.

„რუსეთს რამე ზრახვები რომ ჰქონდეს საქართველოს წინააღმდეგ, ადგილობრივ მინისტრს უფრო ეფექტიანად გამოიყენებდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილმა, რომლის თქმითაც, სიახლე იმის მაჩვენებელია, რომ გაგლოევს ძალიან უჭირს ახალი კადრების ადგილზე პოვნა:

ზურაბ ბენდიანიშვილი

„პოზიტიური იმიჯის შექმნა უნდა, მაგრამ ვერ პოულობს ხალხს, რომელსაც რეალურად რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ცხინვალიდან პრაქტიკულად ყველა წავიდა, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო. ძველი კადრებისა და ძველი გავლენების დატოვება, ცხადია, არ უნდა. ამიტომ რუსეთთან შეთანხმებით მოიყვანა რუსი მინისტრი“.

ცხინვალში ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებს რუსეთი. მინისტრის გვარი რუსული იქნება თუ ოსური, ამას მნიშვნელობა არ აქვს...
ზურაბ ბენდიანიშვილი

ზურაბ ბენდიანიშვილის მოსაზრებას, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრობა სიმბოლურია და, რომ თავდაცვის მიმართულებას, რომელიც ფაქტობრივად ინტეგრირებულია რუსეთის თავდაცვის უწყებაში, მთლიანად რუსეთი განაგებს, იზიარებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც:

„ცხინვალში ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებს რუსეთი. მინისტრის გვარი რუსული იქნება თუ ოსური, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აფხაზეთში საგარეო საქმეთა მინისტრი გვარად არძინბაა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ის რუსი ჩინოვნიკია, რომელსაც აფხაზური მხოლოდ გვარი აქვს. ივანოვი არ არის, არძინბაა, მაგრამ ყველა ივანოვია ერთად აღებული. ასეა ცხინვალშიც. თუ არ არიან კადრები ოსური გვარებით, მაშინ რუსეთს ჰყავს კადრები რუსული გვარებით“.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთს შედარებით მიშვებული აქვს ცხინვალის შიდა საკითხები, თუნდაც ახალგორისადმი დამოკიდებულება, არაძალოვან უწყებებში საკადრო პოლიტიკა და ა.შ. მაგრამ არის სფეროები - საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უშიშროება, შს სამინისტრო, რომლებიც რუსეთის მკაცრ კონტროლს ექვემდებარებიან.

პაატა ზაქარეიშვილი

„ცხინვალში სერიოზული მასშტაბის კორუფციაა, მოქმედებს კლანური ურთიერთობები, გვარების გავლენაა მაღალი. ბუნებრივია, რუსეთს არ აწყობს ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ჰყავდეს ადამიანი, რომელიც გვარსა და კლანზეა დამოკიდებული, ჩათვალეს, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის და, რომ უმჯობესია, ეს მიმართულება იყოს გარანტირებულად საიმედო ხელში“, - უთხრა პაატა ზაქარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

არმიის აღდგენის ფუჭი ოცნება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინა პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სახელს უკავშირდება ადგილობრივი შეიარაღებული ძალების დაკნინება. ბიბილოვი რაოდენობრივად ამცირებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიას, რადგან მისი მოწოდებით ადგილობრივი სამხედროები რუსეთის IV ბაზაში გადადიოდნენ.

ანატოლი ბიბილოვი

„ბიბილოვმა საზეიმოდ დაიფიცა საზოგადოების წინაშე, რომ არც ერთ ადგილობრივს არ მოუწევდა სამხედრო სამსახურის გავლა ე.წ. რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. ცხადია, ეს დაპირება არ შესრულდა. ამიტომ, მარტში, ცხინვალელი ბიჭების დონბასში გაგზავნის შემდეგ, ადგილობრივმა საზოგადოებამ დაიწყო საუბარი სამხრეთ ოსეთის არმიის აღდგენაზე. ეს საკითხი ერთ-ერთი მთავარი იყო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს და, შესაბამისად, ამომრჩეველი ამ მიმართულებით გარკვეულ ძალისხმევას ელოდა გაგლოევისგან, თუმცა თავდაცვის მინისტრი რუსეთიდან არ ჯდება სამხრეთ ოსეთის არმიის აღდგენის ოცნებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ის მოსკოვის თხოვნით შემცირდა“, - ამბობს მურად გუკემუხოვი, რომლის თქმითაც, გაგლოევიც და ახალი თავდაცვის მინისტრიც გრძნობენ საკადრო ცვლილებით გამოწვეულ დაძაბულობას და, ალბათ ამიტომ, მარატ პავლოვმა ახალ თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო განცხადებით, რომლის მიზანი თავდაცვის სამინისტროს კოლექტივში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვაა. 23 აგვიტოს, როდესაც გაგლოევმა სამინისტროს პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა და დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, მარატ პავლოვმა თავის ქვეშევრდომებს უთხრა:

„ჩვენს მუშაობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი, ეროვნული კადრების მომზადებასა და თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური უზრუნველყოფის დონის ამაღლებას. წელსვე იგეგმება სამხედროებისა და თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფულადი შემწეობის ინდექსირება“.

მურად გუკემუხოვის თქმით, ეს საკადრო გადაწყვეტილება ძალიან ჰგავს მომსახურებას, რომელსაც პრეზიდენტი გაგლოევი ახალ მოსკოველ პარტნიორებს უწევს. ალან გაგლოევი, როგორც ახალი ლიდერი, რომელსაც მოსკოვში დიდად არ ელოდნენ, პოზიციების გამყარებას ცდილობს.