გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია

ფოტო არქივიდან, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, ივლისი, 2022 წელი

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია.

განცხადების ტექსტი გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა სერჰი კისლიცამ გამოაქვეყნა. ინფორმაცია განთავსებულია გაეროში საქართველოს წარმომადგენლობის ტვიტერის გვერდზეც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს „საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა“ და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, თურქეთი, საქართველო, მოლდოვა, კანადა და ახალი ზელანდია.

გაეროში 24 აგვისტოს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების ექვსი თვის თავს მიეძღვნა.

სხდომაზე ვიდეოკავშირით სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ილაპარაკა დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის არმიის იერიშის შესახებ. მან თქვა, რომ თავდასხმაზე ინფორმაცია უშიშროების საბჭოს სხდომის დროს მიიღო.

ის გამოვიდა მოწოდებით, ისტორიის სანაგვეზე მოიტოვონ აგრესია და კოლონიური ამბიციები.

ზელენსკიმ ილაპარაკა ასევე ვითარებაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რომელიც ამჟამად რუსეთის ჯარების კონტროლქვეშაა. უკრაინის ლიდერის თქმით, მოსკოვმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და დატოვოს სადგურის ტერიტორია, აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ გაერო მზადაა, ზაპოროჟიეს აეს-ზე კიევის მხრიდან ინსპექტირებას დაუჭიროს მხარი

გაეროს წესებით, სპიკერები გამოსვლისას ფიზიკურად უნდა იმყოფებოდნენ სხდომაზე, მაგრამ უშიშროების საბჭომ კენჭისყრით დაუჭირა მხარი ზელენსკის მონაწილეობას ონლაინ რეჟიმში. ამის წინააღმდეგ გამოვიდა რუსეთი.