გაერო მხარს დაუჭერს უკრაინის მხრიდან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისიის შესვლას.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კიდევ ერთხელ გამოხატა ღრმა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული მდგომარეობის გამო. ტვიტერზე მან დაწერა, რომ „ნებისმიერმა შემდგომმა ესკალაციამ შესაძლოა თვითგანადგურება გამოიწვიოს“. საუბარია შესაძლო ავარიის სავალალო შედეგებზე.
„გაეროს გენერალური მდივანი მზადაა, კიევიდან ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერ მისიას დაუჭიროს მხარი“, - დაწერა გუტერეშმა.
მარტის დასაწყისიდან რუსეთის არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ოკუპირებული აქვს, ბოლო კვირების განმავლობაში სადგურზე რამდენჯერმე განხორციელდა საარტილერიო იერიში. უკრაინა და რუსეთი მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ატომურ ელექტროსადგურზე ინსპექტორების მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით.
მანამდე რეგიონის საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ასეთი ვიზიტი რუსული არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უნდა განხორციელდეს.
რუსეთს უსაფრთხოდ არ მიაჩნია ზაპოროჟიეს აეს-ზე ექსპერტების ჩასვლა კიევის მხრიდან.