დე ფაქტო "კაგებე" მოქალაქეების დაკავების ივლისის სტატისტიკას აქვეყნებს

საოკუპაციო ხაზი ცხინვალის რეგიონში

ივლისში საოკუპაციო გამყოფი ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე 33 მოქალაქე დააკავეს, იუწყება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური. მისი განმარტებით, დაკავებულთაგან 21-მა დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, 12-მა - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი. თითოეულ დარღვევაზე დე ფაქტო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო საქმისწარმოება, რის შედეგადაც 12 პირი დაჯარიმდა, სამი - დაჯარიმების გარეშე გააძევეს, 10 - გააფრთხილეს, კიდევ რვის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. ე.წ. რესპუბლიკიდან გაძევებულებში, როგორც წესი, დე ფაქტო „კაგებე" საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს ხოლმე.

ბოლოს დე ფაქტო რესპუბლიკის სპეციალურმა სამსახურმა ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე ამერიკის მოქალაქე გადასცა. აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი ახალგორის რაიონში, სოფელ ბალაანში, მიმდინარე წლის 27 ივლისს დააკავეს.

დე ფაქტო „კაგებე" იმასაც იტყობინება, რომ ივლისში დაკავებულთა მხრიდან გადახდილმა ჯარიმებმა 41 ათასი რუბლი შეადგინა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ე.წ სასაზღვრო ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს იმის შესახებაც აფრთხილებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო ე.წ. საზღვრის დამრღვევებთან კონტაქტს მოერიდონ და კომიტეტს დაუყოვნებლივ აცნობონ ე.წ. დარღვევის შესახებ.

17 აგვისტოს ცხინვალის ციხიდან ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ლევან მაჩაბელი გაათავისუფლეს. მაჩაბელი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით 26 მარტს დააკავეს და ცხინვალის სასამართლომ მას 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მაჩაბელმა ცხინვალის ციხეში 5 თვე გაატარა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა, ციხეში გატარებული ერთი დღე პატიმრებს დღე-ნახევრად ეთვლებათ.

ამჟამად ცხინვალის ციხეში სასჯელს კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე იხდის. ის გასული წლის დეკემბერში სოფელ ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს და ე.წ საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლიც წაუყენეს.

მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, როგორც ჩხიკვაძის ბიძამ, შმაგი ჭანკვეტაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, მამუკას ცხინვალში ადგილობრივი ადვოკატი ჰყავს, რომელმაც ეს განაჩენი გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალად ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ, მარიხუანის კონტრაბანდის ბრალდება წაუყენეს. შმაგი ჭანკვეტაძე იმასაც აცხადებს, რომ ოჯახის წევრებს ცხინვალში შესვლის და პატიმრის მონახულების საშუალება მისცეს.