კადიროველები და საზარბაზნე ხორცი: უკრაინელი ბლოგერი კავკასიელ სამხედრო ტყვეებზე

გროზნო, ჩეჩნეთი

ვლადიმირ ზოლკინი ერთადერთი უკრაინელი ბლოგერია, რომელსაც პირდაპირი წვდომა აქვს რუს სამხედრო ტყვეებთან. როგორც საძიებო პროექტის - „ეძებე შენიანების“ კოორდინატორმა, წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლის ოფიციალური ნებართვის მიღების შემდეგ, 300-ზე მეტ ტყვესთან ჩაწერა ვიდეო-საუბარი.

ზოლკინი სამხედრო ტყვეებისა და დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გაცვლის საკითხს აყენებს - ხაზს უსვამს, რომ ამ პროცესს რუსეთის მხარე ანელებს. აპრილში მის YouTube არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც ასახული იყო უკრაინაში მიტოვებული რუსი სამხედროების ცხედრებით სავსე რამდენიმე ვაგონი. როგორც ზოლკინი ამბობს, ვიდეომ სერიოზული საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია: მაშინ რუსეთის ომბუდსმენს თავს დაატყდა დაღუპულთა ოჯახების მასობრივი მიმართვები და რუსეთის ომბუდსმენს და რუსეთის ხელისუფლებაც იძულებული გახდა მოეთხოვა ცხედრების (ამ ვიდეოდან მხოლოდ ექვსის) გადაცემა.

აგვისტოში ზოლკინის არხზე ნაჩვენები კიდევ ერთი ვიდეოთი მოხერხდა ჩეჩნეთის მკვიდრი ერთი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის ამოცნობა. საუბარია ქართული წარმომავლობის ეთნიკურ ჩეჩენზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ე.წ კადიროვის შენაერთების შემადგენლობაში იბრძოდა.

ვლადიმირ ზოლკინი

ვლადიმირ ზოლკინი ჰყვება, თუ რა დაემართათ მისი ვიდეოების გმირებს, რატომ არის დაწესებული ყველაზე მაღალი ჯილდო დატყვევებულ კადიროველებზე და რისთვის შეხვდა რუს ჯარისკაცებს უკრაინის მუფთი.

როგორ გაჩნდა პროექტიეძებე შენიანები“?

- ოფიციალურად ამ პროექტთან არანაირი შეხება არ მაქვს. ის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა შექმნა ტყვედ ჩავარდნილი და დაღუპული რუსი ჯარისკაცების იდენტიფიცირებისთვის. ჩემმა მეგობარმა დმიტრიმ, რომელთან ერთადაც ვწერ ინტერვიუებს სამხედრო ტყვეებთან, დაწერა პროგრამა ამ პროექტისთვის. მას აქვს უკუკავშირი - უკრაინაში გაგზავნილი ჯარისკაცების ნათესავები გვაწვდიდნენ თავიანთ კონტაქტებს, მე მათ ვუკავშირდებოდი როგორც კოორდინატორი და პირდაპირ ეთერში გადავცემდი YouTube-ით.

ბევრისთვის ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რამე შეეტყოთ ახლობელ ადამიანებზე, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანი იყო მეორე მხარისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმაზე, თუ რა ხდებოდა, თუმცა მთლიანობაში რუსების რეაქცია ერთნაირი, ხოლო პასუხები - ერთფეროვანი იყო, თითქოს დენაციფიკაციის შესახებ დაწერილ სახელმძღვანელოს კითხულობდნენ. მუშაობის პროცესში დავინტერესდი, როგორი რეაქცია ექნებოდათ თვითონ ტყვეებს მათი ახლობლების ახსნა-განმარტებებზე. ასე გაჩნდა ტყვეებთან ურთიერთობის იდეა, რაც გულისხმობდა მათთვის შინ დარეკვის შესაძლებლობის მიცემასა და საუბრების კამერით გადაღებას. ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ სამხედრო ტყვეებთან ურთიერთობის ნებართვა.

– რა არის ამ ინტერვიუების მიზანი?

– თავდაპირველი მიზანი იყო რეალური ვითარების ჩვენება. რუსებამდე ამბის მიტანა, რომ აქ კლავენ და ტყვედ აჰყავთ, რადგან საერთოდ არ სჯეროდათ, რომ რუსეთის მხრიდან რამე დანაკარგი იყო. გვინდოდა, რუსეთში რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეეტყო უკრაინაში შეჭრის შესახებ და ამის შესახებ მათ ტყვედ ჩავარდნილი ნათესავებისგან გაეგოთ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინტერვიუები ასევე მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესის დასაჩქარებლად. ვიდეოჩანაწერების დემონსტრირების შემდეგ, რუსული მხარე იძულებული ხდებოდა სამხედრო ტყვეებად ეღიარებინა ისინი, ვინც უბრალოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.

- სამხედრო ტყვეებს შორის ბევრია კავკასიის რეგიონების მკვიდრი?

- დაღესტნელები ბევრია, ინგუშებიც არიან. მაგრამ კადიროველები (სამხედრო ნაწილების თანამშრომლები, რომლებსაც აკონტროლებს რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი. - რედ.) ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია.

- ვერ მოახერხეთ დატყვევებულ კადიროველებთან ურთიერთობა?

- კადიროვიელები უფრო მითური პერსონაჟები არიან, ვიდრე სამხედრო მოსამსახურეები: მათ შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ნახვით მხოლოდ ტიკტოკზე თუ უნახავთ. ისინი უფრო „იპიარებენ“ თავს, ვიდრე ომობენ. ყოველთვის შეტევის მესამე ან მეოთხე ხაზში მიდიან, პირველში თითქმის არასდროს არიან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არასოდეს გვსმენია. კადიროველებს უფრო მეტად შეიძლება ეწოდოს ჩამხერგავი რაზმი, რომლისგანაც საფრთხობელას აკეთებენ, მგონი, პირველ რიგში თავად რუსებისთვის. რუსები კი ვერაფრთი ხვდებიან, რატომ არ ეშინიათ უკრაინელებს კადიროველების. უკრაინელებს მათი არ ეშინიათ, რადგან ისინიც სისხლისა და ხორცისგან შედგებიან და არანაირი ზეადამიანები არ არიან. უფრო პირიქით, უკრაინელებისთვის კადიროვიელებს უბრალოდ კომიკურ ფიგურებად აღიქვამენ.

- რამდენიმე დღის წინ თქვენ გამოაცხადეთ, რომ ამოქმედდა ჯილდოების პროგრამა, რომლის ფარგლებში, კერძო დაფინანსებით, უკრაინელ სამხედროებზე გაიცემა ფულადი ჯილდო ყოველი ტყვედ აყვანილი რუსი ჯარისკაცისთვის. ყველაზე მაღალი ჯილდო - 600 დოლარი - კადიროველებზეა დაწესებული. რატომ?

– იმიტომ, რომ ტყვეების გაცვლისას ისინი პირველები მიჰყავთ. თითოეული დატყვევებული კადიროველი - ეს არის ჩვენი ნებისმიერი მებრძოლის სწრაფი და გარანტირებული შინ დაბრუნება. რუსი ჯარისკაცები „საზარბაზნედ ხორცად“ გადიან, კადიროველებს კი რეკლამებში იყენებენ როგორც სიმბოლოს, ამიტომ მათი „ფასი“ უფრო მაღალია.

ყოველი დატყვევებული კადიროველი - ეს არის დარტყმა თავად კადიროვის იმიჯზე. ვფიქრობ, მას აქვს გარკვეული გავლენა და პირადი შეთანხმებები პუტინთან. რაღაც ბერკეტების გამოყენებით, ის მყისიერად წყვეტს გაცვლის საკითხს, რათა დატყვევებულ კადიროველზე რაც შეიძლება სწრაფად გაიცვალოს ნებისმიერი ჩვენი მებრძოლი პირდაპირ გამყოფ ხაზზე ისე, რომ თავიდან აიცილონ კადიროველების მოხვედრა წინასწარი დაკავების იზოლატორსა და, შესაბამისად, ჩვენთან ინტერვიუზე.

- თქვენს არხზე არის რეპორტაჟი, რომელშიც უკრაინის მუფთი ხვდება მუსლიმ რუს სამხედრო ტყვეებს. რატომ გადაწყვიტეთ ასეთი შეხვედრის მოწყობა?

- რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში მყოფი მუსლიმები მონაწილეობენ უკრაინასთან ომში. ჩვენს ხალხს კლავენ, მათ შორის, თუ ყურანით ვიხელმძღვანელებთ, კლავენ თავისიანებსაც, ძმებ მუსლიმებსაც. Რისთვის? რაღაც „რუსული სამყაროს“ გულისთვის? ეს რთული და საინტერესო თემაა. ამის გასარკვევად მივმართეთ უკრაინის მუსლიმთა ასოციაციას და ისინიც გამოგვეხმაურნენ.

უკრაინის მუფთი, ყირიმელი თათარი აიდერ რუსტამოვი ესაუბრა დატყვევებულ მუსლიმებს, ჰკითხა, რატომ ჩავიდნენ ისინი უკრაინაში, უამბო, რა გაუკეთა რუსეთის ჯარმა უკრაინელ მუსლიმებს. მუფთის თქმით, საუბარმა იმოქმედა, ბევრი დაფიქრდა, სინანულით განიმსჭვალა. თუმცა გეტყვით, საქმე მუფთშიც არ არის - თითოეულმა მათგანმა, ვინც ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი ტყვეობაში აღმოჩნდა, ამ საუბრამდეც ბევრი რამ გაიგო და გააცნობიერა. მუფთიმ კი მათ რაღაც უფრო მეტად სულიერი და ზნეობრივი მიაწოდა.

- თქვენი ერთ-ერთი რეპორტაჟით, შესაძლებელი გახდა ჩეჩნეთის მკვიდრი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის იდენტიფიცირება, რომელიც არ იყო ჩართული გაცვლით სიაში. თუ მოითხოვა ეს ცხედარი რუსეთის ფედერაციამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ?

– დიახ, გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდნენ ამ გვამით, სურდათ მისი გაცვლა. ვიცი, რომ ამ ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩეჩნეთში - მაშინვე მოვიდა შეტყობინებები, გაცვლის შესახებ თხოვნებით, მაგრამ შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი, შესაძლოა უკვე გაცვალეს. მე არ მაქვს ყველა ინფორმაცია, სად შემიშვეს, იქ ვმუშაობ.

- რამზან კადიროვის თანამებრძოლის, მურად საიდოვის ვაჟის, ადამ საიდოვის ბედის შესახებ თუ იცით რამე? ოთხი თვის წინ ჩაწერეთ მასთან ინტერვიუ, რომელშიც ადამმა უარყო უკრაინელი სამხედროების მიერ მისი გატაცება. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სავარაუდოდ გაცვალეს უკრაინელ მედდაში, იულია პაევსკაიაზე ("ტაირა"), მაგრამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ოთხი თვის განმავლობაში ადამის სტატუსი, ისევე როგორც მისი თანამდებობა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, არ შეცვლილა. ის ცოცხალია და კარგად არის. ვინც გაცვლის შესახებ ინფორმაცია დაყარა, მათთან ერთი კითხვა მაქვს - საიდან ასეთი მონაცემები? ყველამ დაწერა ამის შესახებ, მაგრამ არავინ დაადასტურა. როგორც ვიცი, ყველაფერი ისეა, როგორც იმ ინტერვიუში ითქვა.

იულია პაევსკაია

- ჩეჩნეთიდან თუ მიგიღიათ მუქარები?

- არ ვიცი, მივიღე თუ არა მუქარები უშუალოდ ჩეჩნეთიდან, მაგრამ სოციალურ ქსელებში წყება-წყებად მოდის მუქარები იმ მომხმარებლებისგან, რომლებსაც საცხოვრებელ ადგილად ეს რეგიონი აქვთ მითითებული და შესაბამისი გვარ-სახელებიც აქვთ. ბოლო დროს ამ შეტყობინებებს არც კი ვკითხულობ. ესენი ყველა ტახტის მეომრები არიან, ისევე როგორც კადიროვის ყველა ტიკტოკერი. არც ერთი ნორმალური ჩეჩენი არ წავა რუსეთისთვის საბრძოლველად.

***

რადიო თავისუფლების პროექტი Kavkaz.Realii ღია წყაროებზე დაყრდნობით აღრიცხავს უკრაინაში დაღუპულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩრდილოეთი კავკასიიდან და სამხრეთი რუსეთიდან გაიწვიეს. 23 აგვისტოსათვის Kavkaz.Realii-ის სიაში 1071 ჯარისკაცის გვარია, სინამდვილეში მათი რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ექვსი თვის განმავლობაში ჩეჩნეთმა აღიარა მხოლოდ 11 სამხედროს დაღუპვა უკრაინაში. Kavkaz.Realii-ისთვის კი ცნობილია, რომ მათი რაოდენობა, სულ ცოტა, 125-ია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ორჯერ გამოაქვეყნა: 2 მარტს იტყობინებოდა, რომ 498 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 მარტს - 1351 ადამიანი. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ უკვე დაკარგა თითქმის 20 000 ადამიანი.

ავტორი: ნატალია კილდიაროვა