ბათუმი ცათამბჯენების ტყვეობაში

“ახალ ბათუმს” როცა ახსენებენ, გონებაში ბეტონისა და შუშის, უცნაური ფორმის კოშკები წარმოგიდგება. ოდესღაც ქალაქის გარეუბანი, რომელიც ახლა ცათამბჯენებმა დაიპყრეს, ყველაზე კარგად უპასუხებს სინანულით ნათქვამს, “ბათუმს რა უქნეს”. ღამე ამ მიდამოებში რომ გაიარო, ვერც კი მიხვდები სად ხარ - ცათამბჯენებში ცოტა მეტი სინათლე რომ ენთოს, თავი დუბაიში გეგონებოდა. ამ მაღალსართულიან გიგანტებს შორის შემორჩა ძველი ბათუმის პატარა კუნძული, უცნაური სახელით: არდაგანი. ამ უბანში ბათუმის 140 წელი მაინცაა დამალული, ოღონდ კარგად უნდა მოძებნო.

“არდაგანი რას ნიშნავსო?!” - კაცი შუბლშეჭმუხვნილი მიმეორებს ჩემსავე კითხვას. ეზოში, “ბირჟაზე” რომ ვთქვი, ეს უბანი მაინტერესებს-მეთქი, კაცებმა, დროისგან გამწვანებული სვირინგებით, გამიცინეს და მითხრეს, არ ჩაწერო, ისე მოგიყვებითო.

რესტორანს უბნის სახელი დაარქვეს, თუმცა ბევრმა სტუმარმა სიტყვის წარმოშობა არც იცის


თურქული სახელიაო, ასე მეუბნებიან. აქ ხომ თურქები იყვნენო და აი, არდაგანი მაგათ თავიკაცს ერქვაო. სინამდვილეში, ამ უბნის სახელი “არტაანიდან” უნდა მოდიოდეს, საქართველოს ქალაქიდან, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა, ბათუმიდან 200 კილომეტრში. თუმცა დანამდვილებით ამის თქმაც ძნელია, არდაგანი ჯერ არავის უკვლევია. არადა, ამ უბნის ათიოდე გადარჩენილი სახლი, იმსახურებს ხელოვნებათმცოდნეების ყურადღებას - მიშენებებისა და გადაღებილ-გადმოღებილი ფასადების მიღმა მეოცე საუკუნის დასაწყისის ისტორია იმალება. ეს ძველი, იმპერიის დროინდელი ყაზარმებია, რომლებმაც ბევრი ბინადარი გამოიცვალა.

ხედი ყოფილი ყაზარმიდან, ახლა - საცხოვრებელი სახლიდან


ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე ჰყვება, რომ ქალაქის განაპირა სტრატეგიულ ადგილზე, სადაც ახლა იუსტიციის სახლია, რუსეთის იმპერიის შავი ზღვის ბატალიონი იდგა. ფორტი “ჩერნომორსკაია”, რომელსაც ზღვიდან შემოტევისთვის უნდა გაეძლო, 1895-1901 წლებში აშენდა. ასეთი ფორტი ბათუმში რამდენიმე იყო, მათ შორის არდაგანიც. რუსეთის იმპერიის დაშლის შემდგომ, ფორტი რამდენიმე წლის განმავლობაში თურქების ხელში იყო, შემდეგ ბრიტანელების.

“აქ ბრიტანელები ცხოვრობდნენ, ჯარისკაცები. ბრიტანეთს ყოველთვის ჰქონდა ბათუმის დიდი ინტერესი, რადგან სტრატეგიული ადგილი იყო და ბაქოს ნავთობი აქ გადიოდა. 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი იყო ბრიტანეთის შემადგენლობაში, ანუ ბათუმელები იყვნენ ბრიტანელები. თუმცა რევოლუციის მერე მათთვისაც ნათელი გახდა, რომ საქართველო შემდეგი იქნებოდა და დატოვეს აქაურობა”, - ჰყვება ბათუმის მკვლევარი, შოთა გუჯაბიძე.

არდაგანის სახლები გადმოცემითა და სტილისტიკით 1920-იან წლებს უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა ეს ამბავი არავის უკვლევია. შესაძლოა, სწორედ ბრიტანელების აშენებული იყოს - არდაგანის ერთ-ერთმა მოსახლემ, ნატალია კახიძემ თავისი სახლის აგურის ფოტო მომაწოდა, აგურს FORTH (წინ) აწერია.

არდაგანის მცხოვრებლის სახლის აგური


“ბუხარი აქვს ამ სახლს და არ ვიყენებდით, დავშალეთ ადრე და ყველა აგურს ეს აწერია”, - თქვა მან.

რომ გამეგო, რა ხდებოდა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, და როგორ იქცა არდაგანი ბათუმის დროის კაფსულად, უბნის უხუცესებს შევხვდი.

არდაგანის მაყურებლები



“ადრე იყო სოფელი, ახლა არის ლონდონ-პარიზი”, - ხუმრობს 72 წლის ნელი კარამოვა-შუბითიძე. ფანჯრიდან გადმოყუდებულმა შემამჩნია და მაშინვე იკითხა, ჩვენი დანგრევის ამბავზე ხო არ ხარო, რომ გაიგო, არდაგანზე ვწერდი, ქაფქაფა ბათუმურ ყავაზე დამპატიჟა. ნელი ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. დედას და მამას აქ, არდაგანში “ფაზენდა” ჰქონდათ - პატარა ვენახი, ხეხილი, ჭა. საღამოობით სავახშმოდ მეზობლის ხეების ქვეშ, დიდ მაგიდასთან იკრიბებოდნენ. 60-იანებში მათი სახლის ადგილზე პორტმა მუშების კორპუსის მშენებლობა წამოიწყო, ნელის სახლი დაანგრიეს და ახალაშენებულ სახლში მისცეს ბინა. მას მერე, აქაა.

ნელი კამაროვა-შუბითიძე


“ბაბუაჩემი თურქეთიდან გამოქცეული სომეხი იყო. მე ნაღდი ბათუმელი ვარ, აკსაკალი, აქ ეგეთები რამდენიმე დავრჩით. აქეთ სასაზღვრო ნაწილი იყო, უფრო სოფელივით ვიყავით, ბათუმის გარეუბანივით, ცოტა ხალხი ცხოვრობდა. მთელი ეს ტერიტორია მესაზღვრეებს ეკუთვნოდა, ეგენი ცხოვრობდნენ და დადიოდნენ სარფისკენ. ანგისას [ქუჩა ბათუმში, რ.თ.] იქით ხომ საშვის გარეშე საერთოდ ვერ გახვიდოდი“.

ნელი ახლოს, მეზღვაურების სპეცმაღაზიაში მუშაობდა, ფორმებს ყიდდა და მეზღვაურს გაჰყვა ცოლად.

“ეს ისეთი უბანი იყო - უბრალო, მშრომელი, ცოტა "მობლატავე" ბიჭებით. აქედან გოგო ქალაქში თუ გახვიდოდი, რომ იტყოდი არდაგანიდან ვარო, არავინ გაწყენინებდა. იყო გარჩევებიც, უბანი უბანთან”.

არდაგანი 2013 წელს - შოთა გუჯაბიძის ფოტო


მაშინ არდაგანი გარეუბნად ითვლებოდა. სხვა უბნელების აქეთ მოსვლა - გინდ საქმის გასარჩევად, გინდ ფეხბურთის სათამაშოდ, დიდ ამბად ითვლებოდა. ადელინა, ნელის მეზობელი, 40 წელია რაც არდაგანში ცხოვრობს და კარგად ახსოვს, როგორ მოვიდა ქალაქი გარეუბნამდე.

“ადრე ზღვისკენ გზა საერთოდ არ იყო და მაქეთ გადასვლა თუ გინდოდა, ერთ წყვილ ბოტს დატოვებდი. ტრანსპორტიც დღეში ორჯერ დადიოდა. მერე გზა რომ გაიყვანეს, ძალიან შეიცვალა უბანი, გაფართოვდა, გზები დაიგო, მოწესრიგდა. უბნის იქით იყო მაყვლები და სიმინდის ყანები, ბავშვები სიმინდს იპარავდნენ ხოლმე”. ამ ყანების პატარ-პატარა ნაფლეთები ცათამბჯენებს შორის ახლაც შემორჩა.

არდაგანის სათვალთვალო კოშკი, 90-იანი წლების ბოლო


აი, ნელისა და ადელინას ახალგაზრდობაში, ამ უბანში ყველაზე მაღალი სახლები ხუთსართულიანები იყო - ადელინა ამბობს, ხუთი სართულის მერე სახლს ლიფტი ეკუთვნოდა და კომუნისტები ზედმეტ ხარჯებს ერიდებოდნენო. კიდევ ერთი გამორჩეული შენობა შუქურა იყო, რომელიც ღამღამობით ზღვას ანათებდა. კოშკი სულ ცოტა ხნის წინ დაანგრიეს, მაშინ, როცა იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო.

ხედი ლეილა ხმელიძის ფანჯრიდან


83 წლის ლეილა ხმელიძის სახლიდან ეს კოშკი კარგად ჩანდა, ახლა კიდევ “ბესტ ვესტერნისა” და “ალიანსის” აივნებს უყურებს. ის ფეხსაცმლის ფაბრიკის მუშებისთვის აშენებულ სახლში ცხოვრობს - მისი ქმარი ფაბრიკის მთავარი ინჟინერი იყო.

“ჩვენ რომ მოვედით, ქუჩაც არ იყო გახსნილი, პატარა შესახვევები იყო მხოლოდ. გორკის ქუჩა გრიბოედოვთან მთავრდებოდა და იმის იქით აღარ იყო. ყველგან იყო ტყე, დიდი ჭადრები, ბილიკები და სამხედრო დასახლება. გვირაბები იყო გათხრილი მიწისქვეშ, ბავშვები ჩადიოდნენ, თამაშობდნენ. მაშინ არდაგანი იყო ხიმშიაშვილის ქუჩამდე. მერე კი მოაკლდა და მოაკლდა. ზღვის ნაპირზე ამხელა სახლების აშენება იყო ძალიან დიდი შეცდომა. 20-30 სართული, რა საჭიროა? ბათუმს თავისი სახე დაუკარგეს. ამდენი ტურისტი საიდან მოვა, არასდროს არაა სავსე. ძალიან ნაწყენი ვარ, რომ გაიმეტეს ბათუმი ასეთი დიდი შენობებისთვის”.


ძველი სახლები ერთიმეორის მიყოლებით დაანგრიეს, და არდაგანისგან დარჩენილი ნაწილი ალყაში მოიქცა - უკვე 2000 წლებში აშენებული ცათამბჯენების შუაგულში. მშენებლობა განსაკუთრებით 2010-იანებში გაჩაღდა, როცა ქალაქში დიდი ტერიტორიები “ორბი ჯგუფმა” შეიძინა. ამ წლებს ადგილობრივები ძრწოლით იხსენებენ - მათ ეზოებში მტვრის ქარიშხალი დაჰქროდა, სახლები ზანზარებდა. სანაპიროზე “ორბის” 34-35-სართულიანი სასტუმროები, 40-სართულიანი “Courtyard by Marriott Batumi” აშენდა, თითქმის დასრულებულია 55-სართულიანი “ორბი სითი”. თვალსა და ხელს შუა, მათ გარშემო ქალაქი ისე შეიცვალა, რომ ვეღარ ცნობენ.

“განაშენიანებას რა ჯობია და წინსვლას, მაგრამ გააჩნია პროექტი როგორი იქნება. ნამდვილად არ უხდება ბათუმს ამხელა მაღალსართულებიანი. 12-14 სართული და ლამაზი შენობები სკვერებით - აი, მაქსიმუმი. მე მაგალითად მაღალსართულიანში ვერ დავჯდები, თავბრუ დამეხვევა”, - ამბობს ადელინა მესხი.

მის მეზობელ ნელის მაღალსართულიან შენობაში ცხოვრებაზე არასდროს უოცნებია, მაგრამ ცვლილებებმა ყოფა კი გაუადვილა: “ძალიან მომწონს აქ ცხოვრება. სიმართლე რომ გითხრა, ქალაქის სახე დამავიწყდა კიდეც, ყველაფერი აგერ სახლთან მაქვს და შორს გასვლა არ მიწევს”.

არმენია, ღუტია და ცათამბჯენები


აჭარაში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, 2012 წლის შემდეგ აქ ნამდვილი სამშენებლო ბუმი იწყება, უდიდესი წილი კი ბათუმზე მოდის - 2012-დან 2020 წლამდე, როცა პანდემიამ პროცესი შეანელა, ხელისუფლება წელიწადში არანაკლებ 700 ნებართვას გასცემდა; ჯამში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბათუმში 8371 სამშენებლო ნებართვა გაიცა.

"ქორთიარდ მარიოტის" და "ორბის" შენობები


თითქოს, ბათუმში უკვე აღარ დარჩა ახალი ცათამბჯენის ჩასადგმელი ადგილი, მაგრამ ახალი კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 23 ივნისს მიიღო, მათ ადგილს გაუთავისუფლებს. დეველოპერებს შეეძლებათ, 118 ავარიული სახლის ტერიტორია აითვისონ, თანაც, სამშენებლო ვალდებულებების დაცვის გარეშე. დასაშვებია, ფაქტობრივად, ნებისმიერი სიმაღლის შენობა და არსებულ სამშენებლო რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. მართალია, ნებართვამ ჯერ მერიის კომისია უნდა გაიაროს, მაგრამ ამ ორგანოს მიმართ ნდობა დაბალია. არქიტექტორ გია რამიშვილის თქმით, რომელიც 4 წელი ბათუმის მერის მრჩეველი იყო, ბოლო ოცი წლის განმავლობაში სხვადასხვა საბჭოს მუშაობა ფორმალობა იყო.

ავარიული შენობების გარდა, ახალი მშენებლობისთვის სხვა რეზერვებიცაა - მაგალითად, “განსაკუთრებული მუნიციპალური მნიშვნელობის” პროექტის მშენებლობის შემთხვევაში დეველოპერებს დაუმთავრებელი ნაგებობების გამოყენებაც შეუძლიათ.

ბათუმის გენგეგმა უახლოეს მომავალშიც რომ დამტკიცდეს, ამ კანონს ვერ დაუპირისპირდება, რადგან მას მოქმედების ვადა 2027 წლის პირველი იანვრამდე აქვს. იქამდე კი ბათუმი, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ ისტორიას დაკარგავს.

MJM Panorama - 24-სართულიანი პროექტი არდაგანის შუაგულში

არდაგანში შერჩენილი სახლებიც ახალი, ჯერ დაუსრულებელი ოცდაოთხსართულიანი პროექტის, “MJM Panorama”-ს ჩრდილქვეშ მოექცა. მშენებლობა 2023 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს. მშენებლობა საცხოვრებელი სახლებისგან რამდენიმე მეტრშია. მეზობლებმა მერიაში განცხადებაც შეიტანეს, რომ კომპანია სტანდარტებს არღვევს და მათ ეზოში მტვერი იყრება, თუმცა, როგორც “ემ-ჯეი-ემ” ჯგუფში მითხრეს, მერიამ მშენებლობა შეამოწმა და დარღვევა ვერ იპოვა.

ეს კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს არდაგანის მცხოვრებლებთან ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეც. მეზობლებში ერთიანობა არ არის, ზოგი ამბობს, მყარად ვდგავართ და ვიდგებითო, ზოგს კი ერთი სული აქვს, როდის დატოვებს ძველ სახლს, რომლის სახურავიც წვიმის დროს ჟონავს. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა სახურავზე ავედი და ნაპრალების გარდა, პირდაპირ სხვენის ფანჯრიდან ამოზრდილი ლეღვის ხე დამხვდა.

ამ სახლის ეზოში მოხუცი ქალი სეირნობდა, ვკითხე, ამ უბნის ძველი ფოტოები ხომ არ გაქვთ-მეთქი. უბნის არა, მაგრამ ჩემი ღორი მყავდა და მაგის ფოტოები მაქვს, თუ გინდაო. არმენიას ღუტია უბნის სახელგანთქმული ღორი ყოფილა, ჭკვიანი და გაწვრთნილი. ხუთას დოლარს მთავაზობდა ერთი ჰოლანდიელი, მაგრამ არ გავატანეო, მეუბნება არმენია. ღუტია რომ მოკვდა, არმენიამ მინდორში დაკრძალა.

“აი, იქ, მაკდონალდსი სადაცაა ზუსტად”, - მეუბნება მისი შვილი, ანაიდა. “ხანდახან ვფიქრობ, ჩვენი ღუტიას სულია იმათ ლორში”.

გოჭი ღუტიას ცხოვრება არდაგანში


ბათუმის სახელგანთქმული მაკდონალდსის ადგილას, რომელიც ქსელის ყველაზე ლამაზი რესტორნების ჩამონათვალში შევიდა, ადრე ტრიალი მინდორი იყო, ტბის ნაპირზე, სადაც რესტორნები და შადრევნებია - ჭაობი, ანაიდას და არმენიას სახლში კი - ცხენების თავლა. არმენიას მამას ორი ცხენი ჰყავდა და სამხედრო ნაწილს ემსახურებოდა. მისი ოჯახიც აქვე ცხოვრობდა - არმენიას დედა და ოთხი და-ძმა.

ახლა აქ მარტო დედა-შვილი ცხოვრობს. მათ ძველი სახლის დანგრევას და ახალში ფართით დაკმაყოფილებას მოაწერეს ხელი.

“ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რანაირად დგას ეს უზარმაზარი სახლები ჭაობზე. ზოგჯერ გაგეფიქრება, იქნებ ჯობს, ისევ ეს სახლი დაგენგრეს თავზე, ვიდრე იქ გადახვიდე - იქაც ხო არ იცი, რა გელის. ეს სახლები ძალიან მყარად დგას. აი, რო გვცოდნოდა, გვანგრევენ თუ არა, რემონტს მაინც გავაკეთებდით და შესაძლებელი იქნებოდა ცხოვრება. ახლა კიდე არც იქით, არც აქეთ ვართ. ფაქტობრივად ზღვის სიახლოვეს ეს ერთადერთი ადგილი დარჩა. დიდი ნადირობაა ახლა მაგაზე. მე პირადად, მინდა მალე გადავიდე სადმე. არც დამენანება - ისე დავიღალე აქ”.

81 წლის არმენია - არდაგანის მკვიდრი

81 წლის არმენია კი გარშემო ქუჩებს ვერ შეჰგუებია - უკვე სამჯერ დაარტყა მანქანამ. “მინდა უკვე სიკვდილი, მარა ღმერთი არ მაძლევს”, - ხუმრობს.

ჩაკეტილი ცხოვრება


არდაგანში ძველ მცხოვრებლებს თითებზე ჩამოთვლი - ზოგმა სახლი გაყიდა, ზოგს დაუნგრიეს, ზოგი გარდაიცვალა. ქუჩის მხრიდან ძველ სახლებში მაღაზიები და კაფეები გაიხსნა, უბნის შიგნით კი ზოგიერთმა სცადა დამსვენებლებისთვის ოთახის მიქირავება, თუმცა რთულია, მეზობელ კორპუსებს კონკურენცია გაუწიო.

“ყველა თავისი მდგომარეობით არის დატვირთული და დაძაბული”, - ამბობს ადელინა მესხი, როცა ვეკითხები, როგორ შეიცვალა უბნის ცხოვრება. “მაშინ ქორწილი რომ კეთდებოდა, ეზოში კეთდებოდა. ცხოვრებამ კარჩაკეტილები გაგვხადა, იმიტომ რომ მაშინ კომუნისტების დროს 8-საათიანი სამუშაო დღე იყო და მერე სახლში იყავი, ახლა კიდევ მაღაზია მაქვს და 12 საათს ვმუშაობ ხოლმე, 18 წელია მაღაზია მაქვს. ადრე კიდევ, ყავა რო დუღდებოდა, ვიცოდი, ვისი სახლიდან მოდიოდა სუნი”.

არდაგანის გადარჩენილი ნაწილი ცათამბჯენებს შორის


ხანდახან, ჭოროხს ზემო აჭარიდან ნიგოზი როცა მოჰქონდა, არდაგნელები მდინარის პირას გადიოდნენ და აგროვებდნენ. წყალი კამკამა იყო, ნიგოზი - სხვანაირად, აჭარულად გემრიელი, - ასე იხსენებს ლეილა ხმელიძე და სინანულით იქნევს ხელს ფანჯრისკენ: “კარგი უბანი იყო, მშვიდი. მეზობლობაც ძალიან კარგი, თბილი იყო. იყვნენ ქართველები, რუსები, სომხები, მოკლედ, აჭარის მცხოვრებლები. ვიცოდით, ასე არ გაგრძელდებოდა, 21-ე საუკუნეა, მაგრამ ასეთსაც არ ველოდით”.
ალბათ ადრე თქვენი სახლიდან ზღვა ჩანდა-მეთქი, ვეუბნები.

“ზღვა ახლაც ჩანს, აბა?! როგორ არ ჩანს?” - მიპასუხებს ლეილა და ფარდას გადაწევს: მართლაც, ცათამბჯენსა და კორპუსს შორის, ფერადად მოფრიალე სარეცხის იქით, პატარა, კამკამა ლურჯ ნაპრალს ვხედავ.