როცა ყველა უმუშევარი უმუშევარი არ არის - ანუ როგორ ვითვლით უმუშევრებს

საქართველოში უმუშევრობის დონე ქალებთან შედარებით, კაცებში კვლავ უფრო მაღალია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეს მაჩვენებელი, ფაქტობრივად, ტრადიციადაა უკვე ქცეული. ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა არც 2022 წლის პირველი ექვსი თვე.

ამის პარალელურად, სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს კიდევ ერთ მონაცემსაც, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში უმუშევრობის დონე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ითაა შემცირებული.

ვინ ითვლება უმუშევრად?

აი, მაგალითად, შესაძლოა, შენ კონკრეტულად ამ მომენტში არ მუშაობდე, მაგრამ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა უმუშევრის სტატუსი მაინც არ მოგანიჭოს. ანუ, არ მიგათვალოს უმუშევრების მრავალათასიან რიცხვს.

იმისათვის, რომ ადამიანი უმუშევრად ჩაითვალოს, მან სამი აუცილებელი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ეს კრიტერიუმები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაა დაწესებული და სტატისტიკის ეროვნული სამსახური სწორედ ამ კრიტერიუმებით ანიჭებს მოქალაქეებს უმუშევრის სტატუსს.

მაშ, ასე, შენ ჩაითვლები უმუშევრად, თუკი:

არ ხარ დასაქმებული, ამავდროულად, გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად ეძებდი სამუშაოს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მზად ხარ დაიწყო სამუშაო.

ეს სამი კრიტერიუმი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და თუკი ამ სამი კრიტერიუმიდან რომელიმეს ვერ აკმაყოფილებ, მაშინ უმუშევრად არ ითვლები.

სწორედ ამას გვიხსნის ვასილ წაქაძე, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი:

ვასილ წაქაძე

„ადამიანი, რომელიც დასაქმებული არ არის, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის უმუშევარია. ის ადამიანები, რომლებიც არ მუშაობენ, იმისათვის, რომ ჩაითვალონ უმუშევრებად, უნდა აკმაყოფილებდნენ დამატებით კიდევ ორ პირობას - გასული ერთი თვის განმავლობაში აქტიურად უნდა ეძებდნენ სამუშაოს და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მზად უნდა იყვნენ მუშაობის დასაწყებად. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სამსახურს ეძებენ ისინი. ისინი უნდა ეძებდნენ სამუშაოს, რომელიც რაიმე ტიპის შემოსავალს მოუტანს“.

აი, სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს დღეს საქართველოში 281 600 ადამიანი. ანუ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით მიხედვით, რომლითაც საქსტატი ხელმძღვანელობს, სწორედ ამ რაოდენობის ადამიანი ითვლება დღეს საქართველოში უმუშევრად.

სავარაუდოდ, სწორედ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს 43 წლის მაია (სახელი შეცვლილია), რომელმაც სამსახური ექვსი თვის წინ დაკარგა და როგორც მეუბნება, მას შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველდღიურად აგზავნის საკუთარ CV-ს სხვადასხვა ვაკანსიაზე.

ამბობს, რომ მიუხედავად გასაუბრებისას და ტესტირებებში მიღებული მაღალი შედეგისა, მან სამსახურის პოვნა, ჯერჯერობით, ვერ მოახერხა:

„15 წლიანი სამუშაო სტაჟი მაქვს. უკვე ექვსი თვეა უმუშევარი ვარ და ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე ვარ დარჩენილი. ჩემი შვილი კედლის მხატვარია, სტაბილური შემოსავალი არ აქვს. მყავს შვილიშვილი. დიდწილად სწორედ ჩემს ხელფასზე ვიყავით დამოკიდებულები. ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვმუშაობდი, ნორმალური ანაზღაურება მქონდა, მაგრამ სამსახური ხელმძღვანელობის მხრიდან თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობის გამო დავტოვე, ერთ დილასაც მივხვდი, რომ იქ ვეღარ გავჩერდებოდი. ბოლო ექვსი თვეა, დღე არ გავა, რომ რამდენიმე ვაკანსიაზე არ გავგზავნო CV. მაგრამ უშედეგოდ. დაგიბარებენ გასაუბრებაზე, ტესტსაც დაწერ, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ პარალელურად, უკვე ზუსტად იცი, რომ სხვა არის აყვანილი. ანუ, ფაქტობრივად, ფორმალურად გამოცხადებული ვაკანსიებისთვის მიწევს ბრძოლა. გარდა ამისა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რასაც წავაწყდი, ეს არის ასაკი. ჩემი დაკვირვებით, დამსაქმებლების ნაწილი ცდილობს, რომ აიყვანონ „პატარა ბავშვები“, რათა უფრო მარტივად მოახერხონ მათი მართვა“.

თვითდასაქმებული, მაგრამ მაინც უმუშევარი?

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ექვს თვეში 5,1%-ით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი და ჯამში, საქართველოში, თვითდასაქმებულთა რაოდენობამ 401 200 კაცი შეადგინა.

ვასილ წაქაძის განმარტებით, თვითდასაქმებულად ითვლება ადამიანი, რომელიც არ არის დაქირავებული და გასული ერთი კვირის განმავლობაში ერთი საათი მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით. თვითდასაქმებულთა რიცხვში შედიან ასევე სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებიც, თუმცა, არა ყველა:

„საქსტატის მიერ გამოყენებული ახალი მეთოდოლოგიით, საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში თვითდასაქმებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება ადამიანი, თუკი ის პროდუქცია, რომელსაც აწარმოებს, გამიზნულია გასაყიდად. ანუ, თუკი პირი მიერ მიერ ნაწარმოები პროდუქციის ნახევარზე მეტის გაყიდვას აპირებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში ითვლება თვითდასაქმებულად“, - გვიხსნის ვასილ წაქაძე.

ბოლო შვიდი წელია, თვითდასაქმებულების რიცხვში შედის 36 წლის თამუნა ხელაძეც, პროფესიით ფილოლოგი, რომელმაც ამ წლების განმავლობაში ვერ მოახერხა ე.წ.ოფიციალურ სამსახურში დასაქმება. დღეს ის ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს ამზადებს:

„ჩემი განათლება, გამოცდილება, ყველანაირ საშუალებას მაძლევს, რომ ოფიციალურად დავსაქმდე, ვარ ასოცირებული პროფესორი, სერტიფიცირებული ვარ პედაგოგიკაში. ძირითადი პროფესიის, ფილოლოგიის გარდა, გავლილი მაქვს არაერთი სასწავლო კურსი, ფსიქოლოგიასა და არტ თერაპიაში, თუმცა, ბოლო 7-8 წელია, ვერაფრით მოვახერხე დასაქმება. ჩემი ყველა განცხადება, რომელსაც სისტემატურად ვგზავნი სხვადასხვა ვაკანსიაზე, უპასუხოდ რჩება. ვიცით, რომ საჯარო სამსახურში ხელფასები მიზერულია, მაგრამ იმისათვის, რომ მოახდინო საკუთარი თავის რეალიზება, სხვა პერსპექტივაც გაიხსნა, აუცილებელი მგონია, რომ საჯარო სამსახურში, თუნდაც დაბალი ხელფასით დაიწყო მუშაობა და შემდეგ კიდევ უფრო მეტად განვითარდე. სამწუხაროდ, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ კვლავ ყვავის ნეპოტიზმი. არადა, არ მინდა, რომ მოტივაცია დავკარგო და საერთოდ დავანებო სამსახურის ძებნას თავი. მინდა, რომ ჩემი შვილისთვის ვიყო მაგალითი, მინდა, დაინახოს, რომ სწავლა-განათლებას ყოველთვის აქვს აზრი“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო გამოკითხვაში თამუნას ქმარსაც რომ მიეღო მონაწილეობა, მას უწყება უმუშევრის სტატუსს მიანიჭებდა, რადგან ის უმუშევრის სტატუსისთვის მისაღებ სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს - არ მუშაობს, ეძებს სამსახურს და მზადაა, სამსახურის პოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დასაქმდეს:

„ჩემი მეუღლე გენეტიკოსი, ბიოლოგი და პროგრამისტია. იცის ექვსი უცხო ენა, მაგრამ მიუხედავად, მისი განათლებისა, დღეს ის უმუშევარია. როგორც წესი, მოკლევადიანი კონტრაქტებით, ექვსთვიანი კონტრაქტებით სთავაზობენ ხოლმე სამსახურს, შემდეგ გადის ეს ექვსი თვე და კვლავ ახალი სამსახურის ძებნა უწევს. აი, ახლაც, ამ მომენტში, ის სამსახურის გარეშეა. 50 წლის ასაკში რატომ ვერ უნდა ახერხებდეს ადამიანი დასაქმებას მაშინ, როცა მისი პროფესიონალიზმი, განათლება, უნარები, ამის საშუალებას მაქსიმალურად აძლევს?“, - კითხულობს თამუნა ხელაძე.

რატომ გვყავს ქალებთან შედარებით უფრო მეტი უმუშევარი კაცი?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4.0 პროცენტული პუნქტით.

თუმცა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით კაცებში უფრო მაღალია. ეს მაჩვენებელი ქალებში შეადგენს 40.8 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.2 პროცენტს. ვასილ წაქაძე ამ უკვე ტრადიციად ქცეულ მონაცემს, ასე განმარტავს:

„ეს ნიშნავს, რომ კაცები უფრო მეტად ეძებენ სამსახურს, ვიდრე ქალები. კაცები უფრო აქტიურები არიან შრომის ბაზარზე, ანუ უფრო მეტი დაუსაქმებელი მამაკაცი ცდილობს სამსახურის მოძებნას და ასევე მზად არიან მუშაობის დასაწყებად, ვიდრე ქალები. მათი აქტიურობა განაპირობებს იმას, რომ კაცებში უფრო მაღალია უმუშევრობის დონე“.

26 წლის ზურა, შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოს მარადიულ ძიებაშია. არის პერიოდები, როცა უმართლებს და დროებით სამუშაოზე საქმდება. თუმცა, არის ისეთი პერიოდებიც, როდესაც სამუშაოს ვერ პოულობს. ასეთ დროს, დედის პენსიის ამარა რჩება.

შესაბამისად, ზურას დასაქმების სტატუსი მუდმივად მერყევია და ხან თვითდასაქმებული შეიძლება ეწოდოს და ხანაც უმუშევარი:

„არ ვიცი, მთვლის თუ არა სახელმწიფო დასაქმებულად, მაგრამ მე დასაქმებულად ნამდვილად ვერ ჩავთვლი თავს. სტაბილური შემოსავალი არასდროს მაქვს. კარგია, რომ ცოლ-შვილი არ მყავს, თორემ შეიძლება ხანდახან მშივრებიც დამრჩენოდნენ. ხან მშენებლობაზე ვმუშაობ, ხან კერძო პირს ვეხმარები. ის შემოსავალი, რასაც პერიოდულად გამოვიმუშავებ, არაფერში მყოფნის. პენსიონერი დედა მყავს. ხშირად ავადმყოფობს. ხან წამალი სჭირდება, ხან ექიმი. რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე, იქნებ სესხი ამეღო, მანქანა მეყიდა და მეტაქსავა, მაგრამ არც ეგ გამომივიდა. მუშაობა არ მეზარება. თუკი სადმე რამე გამოჩნდება, ვცდილობ ხელიდან არ გავუშვა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ძალიან დაბალი შემოსავალი მრჩება. ჩემი ნაცნობი დასაქმდა ცოტა ხნის წინ კურიერად. თვის ბოლოს ნორმალურად მიგროვდებაო, ამბობდა. ვნახოთ, იქნებ მოპედის ფულს მოვუყურო თავი. ეგეც უნდა ვცადო. სტაბილურ შემოსავალზე ვოცნებობ, თუნდაც დაბალი ხელფასი იყოს, მაგრამ ვიცოდე, რომ ყოველ თვე ავიღებ მოჭრილ თანხას“.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებში გამოკითხული რესპონდენტები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მუდმივად ასახელებენ უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს. ასე იყო 2022 წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებშიც - ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ პრობლემად გამოკითხულთა 49%-მა სწორედ უმუშევრობა დაასახელა, რასაც მოჰყვა ინფლაცია/ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები.

2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, მართალია საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ითაა შემცირებულია, თუმცა, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც საკმაოდ მაღალი, 18.1% რჩება.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი გვეუბნება, რომ გასული წლის პანდემიის პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეჩერებული იყო ტურიზმი და მისი თანმდევი სექტორები, ლოგიკურია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში უმუშევრობის დონე შემცირდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში მთავარი გამოწვევები დაძლეულია და ეს პროცესი სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.

სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ გარდა პანდემიის შემდეგ გახსნილი ტურიზმისა, რაც პოზიტიურად აისახა დასაქმების მაჩვენებელზე, არსებობს უმუშევრობის დონის შემცირების ნეგატიური მიზეზიც:

სოსო ბერიკაშვილი

„შესაძლოა ადამიანები უბრალოდ აღარ ეძებენ სამსახურს. რაც ლოგიკურად იწვევს უმუშევრობის დონის შემცირებას. თან ვხედავთ, რომ ქვეყნიდან ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი გადის. მათგან დიდი წილი სამუშაო ძალის მქონე მოსახლეობაა, რაც ნამდვილად არ არის კარგი ქვეყნის ეკონომიკისთვის. კი, ნამდვილად, გვჯერა, რომ შარშანდელთან შედარებით უმუშევრობის დონე დაწეულია და ეს დიდწილად ტურიზმის აღდგენის ხარჯზე მოხდა, მაგრამ 18-პროცენტიანი უმუშევრობა ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. და გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ 18%-ის უკან კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც სამუშაო ძალის მიღმაა დარჩენილი. ადამიანები, რომლებიც აღარც კი ეძებენ სამსახურს. აქ იმაზე აღარაა ლაპარაკი, რომ ვიღაცას მუშაობა ეზარება. ადამიანების ნაწილს იმედი აქვთ გადაწურული. ეძება, ვერ იპოვა და შეეშვა. ან იცის, რომ სამსახური არსებობს, მაგრამ იცის, რომ ამ სამსახურში გადაუხდიან 300 ლარს, მაგრამ მთელი დღე მუშაობა და 300 ლარის გამომუშავება არ აწყობს, რადგან დაახლოებით ამ რაოდენობის თანხას სახელმწიფოც გადაუხდის სოციალური შემწეობის სახით. შესაძლოა, ცოტა ცუდად ჟღერდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციებში, სოციალური შემწეობები კონტრპროდუქტიულიც შეიძლება იყოს უმუშევრობასთან მიმართებაში“.

კონკრეტულად რომელ სექტორებში გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, ამ კონკრეტულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მომავალი წლის მაისში გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება აგვისტოში გამოქვეყნებულ მონაცემებს უმუშევრობის დონის შემცირებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის თაობაზე, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აგვიხსნეს, ეს მონაცემი 15 წელს ზემოთ, შემთხვევითი პრინციპით შერჩეული, დაახლოებით 15-16 ათასი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მომზადდა.