შოიგუ ირწმუნება, რომ რუსული არმია "განზრახ ანელებს შეტევის ტემპს"

სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში შეტევის ტემპი შეანელა, რადგან ცდილობენ, თავიდან აირიდონ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი.

ზაფხულის დასაწყისიდან, როდესაც რუსულმა ჯარებმა კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე, წარმატებას ვეღარ მიაღწიეს. მცდელობები, აეღოთ დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილი და წინ წასულიყვნენ სამხრეთ უკრაინაში, ჯერჯერობით წარუმატებელია.

შეტევის შენელება შოიგუმ შემდეგნაირად ახსნა: „სპეციალური ოპერაციის დროს ჩვენ მკაცრად ვიცავთ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინფრასტრუქტურაზე - სამეთაურო პუნქტებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე, გამაგრებულ ტერიტორიებზე, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე - მაღალი სიზუსტის იარაღიდან ხორციელდება. ამავდროულად, ყველაფერი კეთდება მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასარიდებლად. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“ - ციტირებს სააგენტო "ტასს-ი" შოიგუს.

უკრაინის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად უკრაინაში მუდმივად იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ქალაქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის ალყის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა რუსული არმიის საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაიღუპა სულ მცირე ასობით (ზოგიერთი შეფასებით ათასობით) მშვიდობიანი მოქალაქე. მნიშვნელოვნად განადგურდა სევეროდონეცკი, სადაც სასტიკი ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობდა.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, რუსი სამხედროების შეტევა, სხვა გარემოებებთან ერთად, შენელებულია, ვინაიდან უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და საბრძოლო მასალების საწყობების განადგურება, რისთვისაც გამოიყენეს მაღალი სიზუსტისა და შორი მოქმედების სისტემები, როგორიცაა HIMARS-ი, რითაც უკრაინას დასავლეთის ქვეყნების ამარაგებენ.

დასავლური დაზვერვა და უკრაინის ხელისუფლება, რუსეთის არმიის დაბალ საბრძოლო სულისკვეთებასა და დიდი რაოდენობით მსხვერპლზეც საუბრობს. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ საჯაროვდება.