მოსკოვში, ტელეცენტრ „ოსტანკინოში“, გაიმართა დარია დუგინას ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია. მემარჯვენე-რადიკალი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი 20 აგვისტოს დაიღუპა მოსკოვის ოლქში, როცა აფეთქდა ავტომობილი, რომლითაც მგზავრობდა.
დუგინასთან გამოსათხოვარ ღონისძიებაზე დაახლოებით 200 ადამიანი მივიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. გუშინ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, დარია დუგინას სიკვდილის შემდეგ მიენიჭოს სიმამაცის ორდენი. სამძიმრის ტელეგრამა გაგზავნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
გამოსათხოვარ ცერემონიაზე გამოსვლისას ალექსანდრ დუგინმა თქვა, რომ მისი ქალიშვილი დაიღუპა რუსეთისთვის, „რუსეთის გამარჯვებისთვის.“
ასევე ნახეთ დუგინას მკვლელობა - "შესანიშნავი რუსები" თუ სპეცსამსახურები?ცერემონიაზე გამოვიდნენ ასევე რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ნევეროვი, ტელეარხ „ცარგრადის“ დამფუძნებელი და მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი. ცერემონიას დაესწრნენ სენატორები ელენა მიზულინა და ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი.
თავის გამოსვლაში სლუცკიმ წამოაყენა წინადადება, დარია დუგინას სახელი დაერქვას ერთ-ერთ ქუჩას „განთავისუფლებულ“ კიევში.
გუშინ ფსბ-მ განაცხადა, რომ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია და რომ ბოროტმოქმედებაში ეჭვმიტანილია უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი, რომელიც რუსეთიდან ესტონეთში გაემგზავრა.
მანამდე ბიზნესმენმა კონსტანტინ მალოფეევმა, რომელიც, „მედუზის“ ცნობით, ფინანსურად უჭერს მხარს ალექსანდრ დუგინს, სოცქსელებში გამოაქვეყნა დუგინის განცხადება. მასში ფილოსოფოსის ქალიშვილის სიკვდილისთვის ბრალი ედებათ „უკრაინის ნაცისტურ რეჟიმს“ და „რუსეთის მტრებს“. „ჩვენს გულებს სწყურიათ არა უბრალოდ შურისძიება და ჯავრის ამოყრა. ეს ძალიან წვრილმანი, არარუსული იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება“, - ნათქვამია მალოფეევის განცხადებაში.
ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა განაცხადა, რომ უკრაინას კავშირი არა აქვს მომხდართან.