დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია, ირწმუნება რუსეთის ეფესბე

დარია დუგინა, კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი 

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) პრესცენტრის თანახმად, გახსნეს კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას დაღუპვის საქმე. სააგენტო "ტასსი" რუსეთის ФСБ-სგან მიღებული ინფორმაციის თანახმად წერს, რომ "უკრაინული სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული მკვლელობის შემსრულებელი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკია, რომელიც ესტონეთში მიიმალა".

უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ვოვკი რუსეთში 2022 წლის 23 ივლისს ჩავიდა ქალიშვილთან ერთად. მკვლელობის დღეს ისინი იმავე ლიტერატურულ-მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდნენ, რომელსაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

„მართვადი აფეთქების განხორციელების“ შემდეგ ვოვკი ქალიშვილთან ერთად ფსკოვის ოლქიდან ესტონეთში გადავიდა, ციტირებს "ტასსი" რუსეთის უშიშროების სამსახურს.

უწყების ცნობით, ვოვკი ქალიშვილთან ერთად ბინას ქირაობდა იმავე საცხოვრებელ სახლში, რომელშიც დარია დუგინა ცხოვრობდა. მის სათვალთვალოდ Mini Cooper-ის მარკის ავტომობილით სარგებლობდნენ, რომელსაც რუსეთში შემოსვლისას ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში გაცემული სანომრე ნიშნები ჰქონდა, მოსკოვში ყოფნისას - ყაზახური, რუსეთიდან გასვლისას კი - უკრაინული.

21 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა წევრმა, კიევში დაფუძნებულმა ილია პონომარიოვმა, რომელიც ქვეყნიდან კრემლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო გააძევეს, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქების უკან არიან რუსი პარტიზანები, "ნაციონალური რესპუბლიკური არმია", რომელიც, მისი თქმით, რუსეთში იატაკქვეშა დაჯგუფებაა და მიზნად აქვს დასახული პუტინის რეჟიმის დამხობა. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „გარდიანი,“ რომელსაც არ შეუმოწმებია, სიმართლეა თუ არა პონომარიოვის განცხადებები.

რუსი მიმომხილველები შაბათის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს.

ასევე ნახეთ "გარდიანი": დუმის ყოფილი წევრის განცხადებით, დუგინას მკვლელობის უკან რუსეთის "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" დგას

კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.

დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.