ერევანში გამოჩნდა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ანექსიის მხარდამჭერი ბანერები

სომხეთი, ერევანი. 21 აგვისტო, 2022 წელი

სომხეთი, ერევანი. 21 აგვისტო, 2022 წელი

ერევანში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ყოფილი საბჭოთა ტერიტორიების ნაწილის რუსეთის მიერ ანექსიის მხარდამჭერი მცირე ზომის ბანერები. მათზე გამოსახულია უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი არაოფიციალური სიმბოლო "Z"-ი. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა გააზიარეს.

ფურცლებზე სომხურ ენაზე წერია: „ყირიმი რუსეთია, დონეცკი რუსეთია. ლუგანსკი რუსეთია, მარიუპოლი რუსეთია, ზაპოროჟიე რუსეთია, ხერსონი რუსეთია, ტირასპოლი რუსეთია, ცხინვალი რუსეთია, ჩრდილოეთ ყაზახეთი რუსეთი იქნება. არცახი (მთიანი ყარაბაღი) დაე, იყოს რუსეთი“.

ბანერები ერევანში გამოჩნდა უკრაინაში, რუსეთის არმიის კონტროლირებად ტერიტორიებზე დაგეგმილი რეფერენდუმის წინ. რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ უკვე განაცხადეს მოსკოვის მიერ დანიშნული ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებმა.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ხელმძღვანელმა უკანონო რეფერენდუმის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება ბანერების მაღალპოლიგრაფიულმა ხარისხმა მიიპყრო. ბანერების დიზაინი რუსეთის მმართველი პარტიის, “Единая Россия“-ს სტილშია შესრულებული. ამასთან, მასზე დატანილია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის, რობერტ კოჩარიანის, საპარლამენტო ბლოკის, „აიასტანის“ ლოგოც.

ბანერებთან კავშირი ბლოკში უარყვეს და მომხდარში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მომხრეები დაადანაშაულეს. „აიასტანი“ ბანერების გაკვრას პროვოკაციად აფასებს.

კოჩარიანს კრემლთან დაახლოებულ პოლიტიკოსად მიიჩნევენ. მისი კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ერევნის ამ აქციით პრორუსული ძალები ცდილობენ კოჩარიანის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირებას.