ზელენსკის თქმით, რუსეთმა 24 აგვისტოსთვის შეიძლება "რამე განსაკუთრებით საძაგელი" მოიმოქმედოს

რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ იერიშებს აღმოსავლეთ უკრაინაში მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვი შესაძლოა სერიოზული იერიშისთვის ემზადებოდეს უკრაინის დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავისთვის.

უკრაინის გენერალურმა შტაბმა ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში 22 აგვისტოს განაცხადა, რომ ბახმუტის ოლქის აღმოსავლეთით რუსეთის არტილერიამ და ზალპური სარაკეტო ცეცხლის დანადგარებმა ზიანი მიაყენეს დასახლებულ რაიონებს სოლედარში, ზაიცევვოსა და ბელოგოროვკაში.

რუსეთის ძალები კვლავაც ცდილობენ, სრული კონტროლი დაამყარონ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე და კონტროლი შეინარჩუნონ ქალაქ ხერსონზე და ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონების ნაწილებზე, ნათქვამია გენერალური შტაბის ანგარიშში.

ქალაქ ნიკოპოლის წინააღმდეგ, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პირდაპირ, მდინარე დნეპრის მეორე ნაპირზე მდებარეობს, ღამის განმავლობაში ხუთჯერ განხორციელდა საარტილერიო იერიში.

ზელენსკი სიფხიზლის მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, მოსკოვმა შესაძლოა „რამე განსაკუთრებით საძაგელი“ სცადოს 24 აგვისტოს წინ, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს აღინიშნება ასევე ნახევარი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა მიმდინარე წლის 24 თებერვალს.