თითქმის ასი წლის წინ, საბჭოთა რეჟიმის მიერ წამოწყებულ კოლექტივიზაციის პირველ ტალღას საქართველოშიც მოჰყვა არაორგანიზებული, მაგრამ ძლიერი პროტესტი, რომელშიც ქალებიც მონაწილეობდნენ. სამეგრელოში, სოფელ ჭოღის ქალთა აჯანყების და მისი ტრაგიკული დასასრულის ამბავი ერთმა ძველმა ფოტომაც შემოინახა. ეს ფოტო დღემდე ინახება აჯანყების ჩახშობის დღეს მოკლული 16 წლის ვერა შენგელიას ძველ საოჯახო ალბომში.
„იდგნენ თმაგაშლილები და კივილით აპროტესტებდნენ საბჭოთა რეჟიმს“
შავ-თეთრ, გაცრეცილ ფოტოზე, რომელიც ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღის მკვიდრმა, ოთო შენგელიამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფეისბუკზე, შავებში ჩაცმული, მგლოვიარე ქალები 16 წლის გოგოს ცხედართან სხედან. დატირების ამსახველი ეს ფოტო სამეგრელოში, თითქმის ასი წლის წინ მომხდარ ამბავს ჰყვება - საბჭოთა ოკუპაციის და რეჟიმის მოწინააღმდეგე ქალებმა, სამეგრელოში, აჯანყება მოაწყვეს და თმაგაშლილებმა, კივილით გააპროტესტეს კოლექტივიზაცია. ამბოხი ტყვიებით ჩაახშეს, რასაც იმ დღეს ჭოღაში რამდენიმე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჭოღის ქალთა აჯანყებას მეთაურიც ჰყავდა - კარა პაპავა სოფელ თაიადან.
ქალთა ამბოხის ეს ამბავი სამეგრელოში ფრაგმენტულად შემორჩა. ბევრი დეტალი უკვე დავიწყებულია, თუმცა ის, რაც სოფლის უხუცესებმა ოთო შენგელიას უამბეს, მომხდარის სურათს ნაწილობრივ მაინც აღადგენს.
მეოცე საუკუნის ოციანი წლების ბოლო უნდა ყოფილიყო.
ეს ის დროა, როცა საქართველო საბჭოთა რუსეთის მიერ რამდენიმე წლის ოკუპირებულია. რეჟიმს დაწყებული აქვს კოლექტივიზაციის და ე.წ. გაკულაკების პირველი მტკივნეული ტალღა, რასაც მთელ ქვეყანაში ხალხის ქაოსური, თუმცა მძლავრი პროტესტი ახლავს. მეამბოხე ქალებიც მათი ოჯახების კუთვნილი ქონების საერთო სარგებლობისთვის ჩამორთმევას აპროტესტებდნენ.
სოფელი ჭოღა მაშინ ოთხი სოფლის ცენტრად ითვლებოდა. როგორც ჩანს, პროტესტის გამოსახატად ქალებმა ჭოღა ამიტომაც აირჩიეს და ზუსტად ისე, როგორც სამეგრელოში იცოდნენ გლოვის დროს თმის გაშლა და კივილი, პროტესტიც ამ ფორმით გამოუხატავთ სოფლის ცენტრში.
გადმოცემებზე დაყრდნობით, ოთო შენგელია გვიამბობს, რომ იმ დღეს, მაზრიდან სოფელ ჭოღაში ჩასული ყოფილა ჩინოვნიკი, რომელიც ხალხს აცნობდა, თუ ვის რა ქონება ჩამოერთვა (ან ჩამოერთმეოდა) „საერთო სიკეთისათვის“.
ერთი ვერსიით, ეს კაცი შემაღლებულ ადგილას მდგარა, საიდანაც აჯანყების ხელმძღვანელს, კარა პაპავას ის ძალით ჩამოუგდია - არეულობა და გასროლაც ამას მოჰყოლია. სროლისას, როგორც ჭოღაში ჰყვებიან, სამი ქალი დაიღუპა. მათ შორის ყოფილა 16 წლის ვერა შენგელიაც. კარა პაპავა, როგორც ამბოხის მეთაური, დაუჭერიათ და ჯერ წალენჯიხაში, შემდეგ ზუგდიდში, ბოლოს კი თბილისში, მეტეხის ციხეში გადაუყვანიათ.
უხუცესი სოფელ თაიადან, იორდანე აფშილავა, რომლის მამის ბიცოლაც იყო კარა პაპავა, იხსენებს, რომ იმ დროს, კარას უკვე ექვსი შვილი ჰყოლია და მეშვიდეზე ყოფილა ფეხმძიმედ. ორსულობის ამბავი მას ციხეში ყოფნისას გაუგია. ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით გამოუშვიათ ციხიდან.
იორდანე აფშილავამაც გადმოცემით იცის, რომ „კარა მენშევიკი იყო და არც რუსეთი უნდოდა და არც ბოლშევიკური იდეები“.
სიბერეში აჯანყების ამბებს მხოლოდ მაშინ იხსენებდა, როცა „გუნებაზე იყოო“, - ჰყვება იორდანე აფშილავა.
ყველაფერი - საერთო სარგებლობისთვის
ძალდატანებითი კოლექტივიზაციის პირველი, „უმძიმესი ფაზა“, როგორც მას „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი უწოდებს, მეოცე საუკუნის ოციანი წლების ბოლოს დაიწყო. ეს ის დროა, როცა ე.წ. ნეპი (НЭП ახალი ეკონომიკური პოლიტიკა რუსულად) დასრულებულია და იწყება კოლექტივიზაციის პროცესი, რომლის დროსაც, როგორც ირაკლი ამბობს, რეჟიმმა ყველას კარზე დააკაკუნა. ეს ცნობილი უკრაინული „ჰოლოდომორის“ დროა, რომელსაც საქართველოშიც არანაკლები მასშტაბის ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა.
ამ დროს, საქართველოში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სოფლად ცხოვრობდა. რეჟიმი ამჯერად მათ მიადგა. არჩევანი ორი იყო - ან დამორჩილებოდნენ და ათწლეულების განმავლობაში, საკუთარი შრომით მოპოვებული ქონების კოლექტიურ საკუთრებად გარდაქმნაზე დათანხმებოდნენ, ან წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ.
„ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო ბატონყმობის ახალი მოდელი, რომლითაც სისტემას ხალხის მიერ მოპოვებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ძირითადი რესურსი მიჰქონდა, მათ კი მხოლოდ იმდენს უტოვებდა, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
ეს სიახლე უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და სტიქიური წინააღმდეგობაც დაიწყო. კოლექტივში გაწევრიანებაზე, რომელიც პროპაგანდის თანახმად, თითქოსდა ნებაყოფლობითი იყო, ხალხი უარს აცხადებდა.
თუ მანამდე გლეხს შეეძლო თავის მიწაზე შეკეტილიყო, თავი საკუთარი შრომით ერჩინა და საბჭოთა რეჟიმზე დამოკიდებული არ ყოფილიყო, მას ეს მინიმალური კომფორტიც წაართვეს.
ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, დაიწყო სტიქიური წინააღმდეგობა - ხან კოლექტივიზაციის პარტაქტივის წევრებს კლავდნენ, ხან სოფლიდან აძევებდნენ, თავს ესხმოდნენ და არბევდნენ კოლმეურნეობის შექმნილ კანტორებს.
იკვეთებოდა ახალი სამოქალაქო ომის კონტურები.
„მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ამას არაფრით დათანხმდებოდა, მტრულ ელემენტებად, „კულაკებად“ ცხადდებოდა. პროპაგანდა მათ სოფლის კაპიტალისტებს უწოდებდა, რომლებიც „სხვისი შრომის ხარჯზე მდიდრდებოდნენ“, რის გამოც ისინი (როგორც კლასი) უნდა გამქრალიყვნენ, ქონება კი ჩამორთმეოდათ. ასეც ხდებოდა. მათ აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ, მათი ქონება კი კოლმეურნეობას გადაეცემოდა ხოლმე. პარალელურად, დანარჩენებს, საშუალო შეძლების გლეხებსა და ერთპიროვნულ გლეხებს („ედინალიჩნიკებს“) კოლექტივში შესვლას აიძულებდნენ. რეჟიმი ყველაფერს აკეთებდა, რომ სოფლის მოსახლეობაში განხეთქილება შეეტანა და ასე დაესუსტებინა მოწინააღმდეგეები“, - უყვება ირაკლი ხვადაგიანი რადიო თავისუფლებას.
სხვადასხვა ცნობის თანახმად, სტიქიურმა გამოსვლებმა იფეთქა კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში.
„სოვლაბის“ მიერ გამოცემულ მიხეილ ნატროშვილის მოგონებებში აღწერილია, თუ როგორი პროტესტი მოჰყვა კოლექტივიზაციის პირველ ტალღას სოფლებში და როგორ ცდილობდნენ ადგილობრივი გლეხები, კოლექტივიზაციის აგიტატორები სოფლიდან გაეძევებინათ.
ქალების პროტესტი ასი წლის წინ
მოწინაღმდეგეთა რიგებში მრავლად იყვნენ ქალებიც.
პროტესტი ზოგან იმდენად ძლიერი იყო, რომ წინააღმდეგობას ძალით ახშობდნენ. აჯანყებების მოთავეებსა და მონაწილეებს აპატიმრებდნენ. შემდგომ წლებში ამ პროცესს მოჰყვა კიდეც პირველი მასობრივი წმენდა, როცა სოფლის მოსახლეობა შუა აზიასა და ჩრდილოეთ ყაზახეთის გზას გაუყენეს.
ირაკლი ხვადაგიანს ემიგრანტულ გამოცემებში შეხვედრია ცნობები იმის შესახებ, რომ ამ წინააღმდეგობების დროს, მაგალითად, სამეგრელოში, ძალიან აქტიურობდნენ ქალები - შესაძლოა, იმ იმედით, რომ ქალების წინააღმდეგ რეჟიმი ძალის გამოყენებას მოერიდებოდა, თუმცა კარა პაპავას და მისი თანამოაზრე ამბოხებული ქალების ამბავი საპირისპიროს ამტკიცებს - საბჭოთა რეჟიმი არავის ინდობდა.
ასე გაგრძელდა 1931 წლამდე. ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ამ პერიოდში საბჭოთა რეჟიმი დროებით უკან დაიხევს - ის ხვდება, რომ მზად არ აღმოჩნდა მიეხედა ამ მასშტაბის წინააღმდეგობისთვის.
სტალინის ბრძანებით, პროცესი დროებით ვითომდა გაჩერდა - პროპაგანდა აცხადებდა, კოლექტივიზაციის პირველი ფაზა იმდენად წარმატებით მიდიოდა, რომ ამ წარმატებების გამო რიგმა ამხანაგებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ზოგან გლეხებს დააძალეს კოლექტივში შესულყვნენ, რაც მიუღებელია და ეს ამბავი თავისუფალ ნებას უნდა ეფუძნებოდესო. ეს კი არა, ხალხს მოუწოდეს, თუ ვინმე უკმაყოფილოა, მას შეუძლია კოლექტივიდან გავიდეს და თავისი ქონებაც დაიბრუნოსო.
„სისხლით შეკოწიწებული კოლმეურნეობები უცებ დაიშალა. მაშინ გაჩნდა ცნობილი სიმღერაც, რომელიც ხალხმა უცებ აიტაცა:
„ცაზე მთვარე ამოსულა,
ნიშანია დარისა,
კოლექტივი დაიშალა,
ვენაცვალე სტალინსა“.
მაგრამ სიხარული დროებითი იყო.
მალე, 1936-1937 წლებში (და შემდგომაც) „დიდი ტერორის“ და ხელახალი, სწორედ ამ ტერორის ინსტრუმენტით „სრულყოფილად ჩატარებული“ უფრო მძლავრი კოლექტივიზაციის ფაზის ფონზე, ოფიციალურმა პროპაგანდამ ეს სიმღერაც ასე გადააკეთა:
„კოლექტივი გაძლიერდა,
ვენაცვალე სტალინსა“...
ხალხის ცხოვრება კი მრავალი წლით დაუქვემდებარა საბჭოთა რეჟიმის სურვილებს.