რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, კიევში დაფუძნებული ილია პონომარიოვი, რომელიც ქვეყნიდან კრემლის საწინააღმდეგო ქმედებების გამო გააძევეს, ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანის აფეთქების უკან არიან რუსი პარტიზანები, "ნაციონალური რესპუბლიკური არმია", რომელიც, მისი თქმით, რუსეთში იატაკქვეშა დაჯგუფებაა და მიზნად აქვს დასახული პუტინის რეჟიმის დამხობა. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „გარდიანი,“ რომელსაც არ შეუმოწმებია, სიმართლეა თუ არა პონომარიოვის განცხადებები.
რუსი მიმომხილველები შაბათის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობას კიევს აკისრებენ, რასაც უკრაინა კატეგორიულად უარყოფს.
ტელეგრამის არხით ამავე დროს გავრცელდა "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" განცხადება.
ეს აქცია, როგორც სხვა არაერთი პარტიზანული ქმედება რუსეთში ბოლო თვეებში, მოაწყო "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ - თქვა პონომარიოვმა გადაცემაში „თებერვლის დილა“, რომელიც ეთერში გავიდა 21 აგვისტოს საღამოს 7 საათზე.
ეს არის რუსულენოვანი ოპოზიციური არხი, რომელიც კიევში ამოქმედდა წლის დასაწყისში. პონომარიოვმა დასძინა: "გუშინ მოსკოვთან მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა. ამ თავდასხმით გადაიშალა ახალი გვერდი რუსეთში პუტინიზმის წინააღმდეგ. ახალი - მაგრამ არა უკანასკნელი“.
რუსეთის პარლამენტის მემარცხენე ფრთის დეპუტატი ერთადერთი კანონმდებელი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიას მხარი არ დაუჭირა.
ტელეგრამის არხით "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 21 აგვისტოთი თარიღდება, ნათქვამია, რომ რუსი აქტივისტები, „სამხედროები და პოლიტიკოსები, ახლა პარტიზანები და "ნაციონალური რესპუბლიკური არმიის" მებრძოლები, უკანონოდ ვაცხადებთ წამქეზებლურ ომს, რუსეთის ხალხების მძარცველებს და მჩაგვრელებს!"
განცხადების ავტორები ხელისუფლების უზურპატორად და ომის დამნაშავედ აცხადებენ პუტინს, რომელმაც "ფეხით გათელა კონსტიტუცია, გააჩაღა ძმათა მკვლელი ომი სლავურ ხალხებს შორის და აშკარა და უაზრო სიკვდილზე გააგზავნა რუსი ჯარისკაცები“. სხვათა შორის განცხადებაში, რომელიც ტელეგრამის არხით გავრცელდა, ნახსენებია საქართველო: „მოვუწოდებთ რუს ჯარისკაცებს, აღარ ესროლონ ჩვენს ძმებს სხვა ქვეყნებში - საქართველოში, სირიაში და სხვაგან“.
განცხადების ბოლო ნაწილის ლოზუნგი ასე ჟღერს: გაუმარჯოს თავისუფალ რუსეთს! განცხადების თანახმად, "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" მკითხველებს მოუწოდებს, კავშირი იქონიონ მასთან ტელეგრამის არხის, „როსპარტიზანის" საშუალებით.
კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც ის მართავდა, იტყობინება რუსული მედია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, რომელსაც 30 წლის დარია დუგინა მართავდა, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული.
დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.