"შხამიანი ნივთიერებები" 25-ლარიანი სეიფიდან - რას ჰყვებიან "რადიაქტიური საქმის" ფიგურანტები?

გამოძიების მასალების მიხედვით, დავით როსტომაშვილმა „მომწამვლელი ნივთიერებების“ გაყიდვაში დახმარება პენსიონერ გლეხს, თამაზ გურგენიშვილს სთხოვა; რომელმაც, თავის მხრივ - საქმეში ავტობუსის მძღოლი ბესიკ ალუღიშვილი ჩართო.

საჯარო სკოლის დირექტორი, ავტობუსის მძღოლი და გლეხი - რადიაქტიური ნივთიერებების შეძენისა და უკანონო რეალიზების საქმეზე დაკავებული სამი პირი აღიარებს, რომ გაყიდვას მართლაც ცდილობდნენ, მაგრამ, არ იცოდნენ, რას ჰყიდდნენ და ვისთვის იქნებოდა საზიანო.

დავით როსტომაშვილი, ბესიკ ალუღიშვილი და თამაზ გურგენიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 16 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში დააკავა. ეს იყო დღე, როცა მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი დასრულდა და „კლიენტმა“, თითქოს, საბოლოოდ გადაწყვიტა „მომწამვლელი ნივთიერებების“ ყიდვა - ასე ჩანს დაკავებულთა ჩვენებებიდანაც.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტებშია მეოთხე პირის - ბეტონის ქარხნების მემონტაჟე-ხელოსნის ჩვენებაც, რომელიც ამტკიცებს, რომ „მომწამვლელი“ და „ძვირადღირებული“ ნივთიერებები 25 ლარად ნაყიდ რკინის სეიფში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. ზურაბ გოდაძე დაკავებული არ არის.

ამ ამბავს იდუმალებას მატებს პროკურატურის მიერ მოულოდნელად გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ იკვეთება კიდევ ერთი ბრალდება - ნიკო ფიროსმანის მიერ შესრულებული თავისივე ნახატის ასლის შესაძლო უკანონოდ მოპოვება და გაყიდვის მცდელობა.

„ციანიდი“ და სხვა ნივთიერებები „თივის ზვინიდან“

დაკავებულები თავიანთ ჩვენებებში ფაქტებისა და მოვლენების თანმიმდევრობას თითქმის იდენტურად აღწერენ და მათი თხრობის საერთო ხაზი ასეთია: სოფელ ლამბალოს სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა „მომწამვლელი ნივთიერებების“ გაყიდვაში დახმარება პენსიონერ გლეხს, თამაზ გურგენიშვილს სთხოვა; რომელმაც, თავის მხრივ - საქმეში ავტობუსის მძღოლი (შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომელი) ბესიკ ალუღიშვილი ჩართო. სწორედ ალუღიშვილმა მიიყვანა გურგენიშვილთან „კლიენტის წარმომადგენლად“ გაცნობილი პირი, რომელიც ამჟამად პროკურატურის მოწმეა.

განსხვავებულია მათი ჩვენებები გასაყიდ ფასებთან დაკავშირებით და სხვადასხვა პირის მიერ, სხვადასხვა ეპიზოდში დასახელებული ფასები 100 ათასიდან 1 500 000-მდე მერყეობს. ფასთან დაკავშირებით დაკავებულები, ზოგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგებიან ერთმანეთის ჩვენებასაც.

ასევე ნახეთ თბილისსა და საგარეჯოში 3 ადამიანი დააკავეს რადიოაქტიური ნივთიერებების 1.2 მლნ. დოლარად გაყიდვის მცდელობისას

რისი გაყიდვა უნდოდათ?

ჩვენებები აქაც განსხვავებულია - დავით როსტომაშვილი ამტკიცებს, რომ უცნობი „მომწამვლელი ნივთიერების“ გაყიდვას ცდილობდა; თამაზ გურგენიშვილი ამბობს, რომ როსტომაშვილმა გასაყიდად მას „ოქროს საწმენდი ნივთიერება ციანიდი“ შესთავაზა, რომლის „გასაღება კანონით იყო აკრძალული“.

გურგენიშვილის ჩვენებაში წერია, რომ, რამდენიმე კვირის წინ, მასთან სახლში მისულმა როსტომაშვილმა გადასცა მფლობელისთვის გამორთმეული:

  • „შუშის კოლბაში მოთავსებული დაახლოებით 100 მლ გამჭვირვალე სითხე, რომელიც, მისი განმარტებით, იყო მომწამვლელი ნივთიერება „ციანიდი““.
  • „5 ცალი მუქი ფერის ქილა, რომელშიც, მისი განმარტებით, სავარაუდოდ მოთავსებული იყო რადიაქტიური ნივთიერება“.

თამაზ გურგენიშვილი, ჩვენების მიხედვით, სარეალიზაციოდ მომზადებულ ნივთიერებებს თავის „სახლთან არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე დამხმარე სათავსოში“ ინახავდა.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გასაყიდ ნივთიერებებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, დამხმარე სათავსოში, კერძოდ - თივის ზვინში მალავდა.

ადვოკატი ნიკოლაიშვილი მოელის, რომ „ასეთი ხმაურით დაწყებული ეს პროცესი, საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმებით დასრულდება“ და ის ფაქტიც ბევრს ვერაფერს შეცვლის, რომ გასაყიდ ნივთიერებას დაკავებულები ციანიდად ასაღებდნენ. „ისინი თავადაც მოტყუებული დარჩნენ, ასე გამოდის“, - გვეუბნება ის და ვარაუდობს, რომ ამ დანაშაულს, მაქსიმუმ, შესაძლოა, თაღლითობის კვალიფიკაცია მიეცეს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გურგენიშვილის სახლიდან ამოღებული ნივთიერება არა ციანიდი, არამედ გლიცერინი აღმოჩნდა.

ციანიდს, თავის ჩვენებაში, მესამე დაკავებული, ავტობუსის მძღოლი - ბესიკ ალუღიშვილიც ახსენებს და ერთ ეპიზოდში ის ჰყვება, თუ როგორ უხსნიდა „კლიენტს“, რომ „ის [ციანიდი] ადამიანსაც კლავდა და ასევე შხამის, წამლის ან ბომბის დამზადებაც იყო შესაძლებელი... და ოქროს გაწმენდაც“. თუმცა იქვე დასძენს, რომ ციანიდის შესახებ მას არა კონკრეტული, არამედ მხოლოდ ზოგადი ცოდნა ჰქონდა და მხოლოდ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურას ამოღებულ მტკიცებულებებს შორის ციანიდი არ უხსენებია.

სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნით, რადიაციური ფონი დადგინდა გურგენიშვილის სახლიდან ამოღებული „5 ცალი პაკეტის“ შემთხვევაში. თუმცა დაკავებულთა ადვოკატებს არ სჯერათ, რომ „ჯანმრთელობისთვის საშიში“ ფონი რეალურად გამოვლინდა. ყველა დაკავებულის ადვოკატი ეთანხმება ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას.

დაკავებულებს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1. ბირთვული მასალის ან მოწყობილობის, რადიოაქტიური ნარჩენის (გამოყენებული ბირთვული საწვავის ჩათვლით), რადიოაქტიური ნივთიერების, აგრეთვე ნებისმიერი სახისა და დანიშნულების მოწყობილობის, დანადგარის, ხელსაწყოს ან ნაკეთობის, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას, უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა გარიგება.

18 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა თქვა, რომ სარეალიზაციოდ მომზადებული ნივთიერებები დაკავებულებს უკვე შეძენილი ჰქონდათ:

  • "2022 წლის ივლისში, დაკავებულებმა „უკანონოდ შეიძინეს 5 ცალი ცილინდრული ფორმის მეტალის კონტეინერში მოთავსებული რადიაქტიური ნივთიერებები - უკანონო გარიგების გზით, მისი განკარგვის მიზნით";
  • "აღნიშნული რადიაქტიური ნივთიერებები მათ შეინახეს ასევე უკანონოდ, თამაზ გურგენიშვილის სარგებლობაში არსებულ, საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში მდებარე სათავსოში“.
  • "2012 წლის 16 აგვისტოს, დავით როსტომაშვილი, თამაზ გურგენიშვილი და ბესარიონ ალუღიშვილი ცდილობდნენ რადიაქტიური ნივთიერებების გასაღებას, რა დროსაც მათი დანაშაულებრივი ქმედება რადიაქტიური ნივთიერებების გასაღების ეტაპზე იქნა აღკვეთილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ".

თუმცა დაკავებულებს, როგორც ჩვენებებში ჰყვებიან, ნაყიდი არაფერი ჰქონდათ და ფულის აღება (და სხვადასხვა პროპორციით გადანაწილება) მხოლოდ მყიდველის გამოჩენის შემდეგ იგეგმებოდა. მათი მონათხრობით, სამივე დაკავებული მეოთხე პირის მფლობელობაში არსებული „ნივთიერებების“ გაყიდვას ცდილობდა.

ვინ არის მეოთხე?

ის თბილისში მცხოვრები ზურაბ გოდაძეა, 20-25-წლიანი სტაჟის მქონე ხელოსანი, რომელიც, თავის ჩვენებაში, თავს ბეტონის ქარხნის დემონტაჟისა და მონტაჟის სპეციალისტად წარმოადგენს.

საიდან ჰქონდა ზურაბ გოდაძეს გასაყიდი ნივთიერებები?

მისი პასუხია - სეიფიდან. უფრო კონკრეტულად კი, გოდაძის მონათხრობით: 2012 წლის დასაწყისში, თბილისში ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში ხელსაწყოების შესანახად შეიძინა ორი საშუალო ზომის სეიფი, 25-25 ლარად, და „შხამიანი, მომწამვლელი ნივთიერებები“ სწორედ ერთ-ერთ სეიფში აღმოჩნდა.

კერძოდ, გოდაძის ჩვენების მიხედვით, სეიფში იდო: „1 ცალი თუნუქის კოლოფი, 1 ცალი მოთეთრო ფერის პლასტმასის კონტეინერი, 1 ცალი შუშის სინჯარა, 1 ცალი შუშის ქილა, 1 ცალი შპრიცი, 1 ცალი კოლბა, მასში მოთავსებული უცხო სითხით, 5 ცალი ცილინდრული ფორმის საგანი და სხვა“.

ნივთიერებების რაობაზე დასკვნები გოდაძემ, როგორც ამბობს, მხოლოდ შეფუთვაზე დატანილი წარწერებით გამოიტანა:

„აღნიშნულ ყუთებს ჰქონდათ სხვადასხვა რუსულენოვანი და ლათინურენოვანი წარწერები, თუმცა კონკრეტულად რა წარწერები იყო, არ მახსოვს... თუმცა, თუ არ ვცდები, მათ შორის იყო „ლეიცინ“, „ლიზინ“, C14 და სხვა“.

ასევე მისი მონათხრობიდან ვიგებთ, რომ:

  • სეიფში ნაპოვნ ნივთებს რამდენიმე წელიწადის განმავლობაში ისე ინახავდა, რომ მათი გაყიდვა არ უცდია და ძველ ნაცნობს, სკოლის დირექტორს - დავით როსტომაშვილს გაყიდვის სურვილი მხოლოდ 2018 წელს გაანდო;
  • ინახავდა თბილისში, საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში;
  • ყველა ეს ნივთიერება „პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე, 2020 წლის დასაწყისში“, როსტომაშვილს გაატანა მას შემდეგ, რაც, თითქოს, როსტომაშვილმა აზერბაიჯანელი კლიენტი მოძებნა;
  • მაგრამ გარიგება ჩაიშალა, პროცესი პანდემიამ შეაჩერა და როსტომაშვილმა მას ეს ნივთიერებები უკან დაუბრუნა;
  • „5 ცალი ცილინდრული საგნისა და 1 კოლბის“ ახალი მყიდველის გამოჩენა როსტომაშვილმა მას სამი კვირის წინ შეატყობინა და ავტოფარეხიდან ეს ნივთიერებები თავად წაიღო.
დავით როსტომაშვილი თავის ჩვენებაში განმარტავს, რომ გოდაძის თბილისის სახლიდან სოფელ ბადიაურში, საკუთარი ავტომობილით ჩაიტანა: "ერთი ცალი გამჭვირვალე კოლბა, რომელშიც ესხა გამჭვირვალე ფერის სითხე" და "ხუთი თუ ექვსი ცალი შავი ფერის მცირე "ბოჭკის" [კასრის - რთ] ფორმის საგანი".

ზურაბ გოდაძე განმარტავს, რომ დაკავებულებიდან იცნობს მხოლოდ როსტომაშვილს, ხოლო დანარჩენ ორს არასოდეს შეხვედრია.

სეიფები ამოღებული არ არის. გოდაძის პასუხია, რომ არ ახსოვს, გადაყარა 10 წლის წინ ნაყიდი სეიფები თუ სადმე შეინახა.

უსაფრთხოების რისკები - საიდან მოდის? სად მიდის?

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენელი, ტერორიზმის მკვლევარი დავით ძიძიშვილი გვეუბნება, რომ რადიაქტიური ნივთიერებების აღმოჩენა, თუკი ფაქტი საბოლოოდ დასტურდება, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღებას მიიპყრობს და აუცილებლად პასუხგასაცემ შეკითხვებსაც გააჩენს.

„ასეთი ფაქტები, ყოველთვის, საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არის და ვფიქრობ, ამ შემთხვევაშიც იქნება დიდი საერთაშორისო ინტერესი, თუკი ეს ფაქტი დადასტურდება. მსგავსი ფაქტების დადასტურების დროს, მათთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია დადგენა, თუ რა გზას გადის ეს [ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური თუ ბირთვული] ნივთიერებები - საიდან მოვიდა ჩვენამდე და სად მიდიოდა, ვისთვის იყო გამიზნული? ამ ტიპის ნივთიერებებს მყიდველი ძირითადად საზღვარგარეთ ჰყავს და უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება“, - ამბობს ძიძიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

მისი განმარტებით, ორგანიზებული ჯგუფები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასეთი ნივთიერებების მოპოვებისა თუ გადატანის პროცესში რთავენ პირებს, რომლებზეც, ერთი შეხედვით, ეჭვის მიტანა შეუძლებელია.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, საქართველოში, რადიაქტიური თუ ბირთვული მასალების უკანონო ფლობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა და, მაგალითად, სუს-ის ინფორმაციით:
  • 2019 წლის 13 მარტს უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა „საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ბირთვული მასალა “ურანის” გასხვისებას გეგმავდნენ“.
  • 2016 წლის 14 აპრილს, . თბილისში ამოღებული იქნა ქარხნული წესით დამზადებული სპეციალური კონტეინერი, რომელშიც მოთავსებული იყოურან 238“, დაკავებულია 6 პირი.
  • 2016 წლის 25 აპრილს, . ქობულეთში ამოიღეს ერთი კილოგრამი და 665 გრამი რადიაქტიური ნივთიერება, რომელიც შეიცავდაურან 235“- დაურან 238“-, დაკავებულია 6 პირი;
  • 2015 წელს სუს-ი იტყობინებოდა 4 ფაქტის ფარგლებში 19 პირის დაკავების შესახებ. „მათგან 2 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაღარიბებული და დაბალგამდიდრებული ურანის უკანონო ბრუნვას“.

საქართველოს შემთხვევაში სარისკო მარშრუტები დიდწილად უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, სადაც უკონტროლო „შავი ხვრელებია“.

ამ ტიპის უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრის მიზნით, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, არაერთი წელია, საქართველოს აქტიურად ეხმარებიან სხვადასხვა პროგრამით. შესაბამის ანგარიშებში, ვალდებულებათა შესრულების კუთხით, საქართველოს არაერთი მკაფიოდ დადებითი შეფასებაც აქვს მიღებული.

სუს-ის ინფორმაციით, 2016 წლის გაზაფხულზე საქართველო შეუერთდა დიდი შვიდეულის მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ გლობალურ პარტნიორობას.

რა შუაშია ფიროსმანის ნახატი?

ბევრისთვის მოულოდნელი იყო, როცა რადიაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე, 18 აგვისტოს, სასამართლო პროცესზე პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა ფიროსმანის მიერ შესრულებული ნახატის ასლიც ახსენა. პროცესის შემდეგ კი, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „ამ მიმართულებით საზოგადოების ყურადღების გამახვილება არ ღირს“.

პროკურორის მიერ აღწერილი სურათი ამ ეტაპზე მრავალუცნობიანი განტოლებასავითაა:

  • „ეს ნახატი ჯერ აღმოჩენილი არ არის... აღმოსაჩენად გამოძიება უნდა წარიმართოს“;
  • „ინახავენ კონკრეტულ ლოკაციაზე, რომელიც გამოძიების მიერ არის დასადგენი“;
  • „არსებობს შესაბამისი მტკიცებულებითი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულთა თანამონაწილე ერთ-ერთ პირთან, ანდა ბრალდებულთან დაკავშირებულ რომელიმე მათ ნაცნობთან ინახება კონკრეტულ ლოკაციაზე“;
  • „კონკრეტულად ერთ-ერთზე [დაკავებულზე] უფრო მეტი მტკიცებულებითი საფუძველი არსებობს“.

პროკურორის თქმით, ვარაუდია ისიც, რომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთ მუზეუმში დაცული ორიგინალის ასლი, რომელიც თავად ფიროსმანის მიერ არის შესრულებული. ბექა ხუნაშვილმა არც ნახატის სახელი დაასახელა და არც მუზეუმისა, სადაც ორიგინალი ინახება.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა ნახატზეა ლაპარაკი... თუ რაიმე ვერსია აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძიონ, მაგრამ არანაირი ნახატი არ არის ნანახი“, - გვითხრა ადვოკატმა ნიკოლაიშვილმა, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველად სწორედ 18 აგვისტოს, სასამართლო სხდომაზე მოისმინა.

„ნახატის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი. არაფერი მსმენია“, - ამბობს მაიზერ ჩარქსელიანი, დავით როსტომაშვილის ადვოკატი.

დაკავებულების ჩვენებებში ფიროსმანის ნახატზე არაფერი წერია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 აგვისტოს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა როსტომაშვილს, ალუღიშვილსა და გურგენიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ საქმეზე შემდეგი სხდომა 12 ოქტომბერს დაინიშნა.