Politico: ივლისში ევროპის ექვსმა ქვეყანამ უკრაინის მიმართ ახალ სამხედრო ვალდებულებებზე უარი თქვა

გერმანული Panzerhaubitze 2000 წარწერით, "საღამო მშვიდობისა, ჩვენ უკრაინიდან ვართ" დონბასის რეგიონში. 2022 წლის 12 ივლისი

ივლისში ევროპის ექვსმა უდიდესმა ქვეყანამ - დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და პოლონეთმა - არ იკისრეს უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების ახალი ვალდებულებები.

ამის შესახებ იუწყება გამოცემა Politico, გერმანიის ქალაქ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით.

პროექტ Ukraine Support Tracker-ის ხელმძღვანელმა, კრისტოფ ტრებეშმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლოდან შეიმჩნევა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სფეროში ევროპის ქვეყნების ვალდებულებების შემცირების ტენდენცია.

"იმის მიუხედავად, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა, დახმარების აღმოჩენის ახალი ინიციატივები გამოილია", - თქვა ტრებეშმა. 11 აგვისტოს დასავლეთის რიგი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ დანიაში, სადაც იკისრეს უკრაინისთვის დამატებით კიდევ მილიარდ-ნახევარი ევროს ღირებულების შეიარაღების მიწოდების ვალდებულება, წერს Politico. თუმცა, ტრებეშის თქმით, ეს "მოკრძალებული" თანხაა წინა კონფერენციებზე შეთანხმებულ თანხებთან შედარებით. ტრებეში მიიჩნევს, რომ ევროპის ქვეყნები ისეთივე სერიოზულობით უნდა მიუდგნენ ომს უკრაინაში, როგორც ევროზონის კრიზისს ან კორონავირუსის პანდემიას. ამ ორმა მოვლენამ აიძულა ევროპა ასობით მილიარდი ევრო გამოეყო გადაუდებელი დაფინანსებისთვის.