ავტოსადგურები თუ ავტოსადგომები

თელავის ავტოსადგური

ძველი კინოთეატრების ჟანგმოკიდებული სკამები, სკოლებიდან ან რაიკომის შენობებიდან წამოღებული ხის მაგიდები, მაგიდებზე საანგარიშო დაფა, ფანჯრებზე შუშის მაგივრად პოლიეთილენის პარკები - კახეთის თითქმის ყველა ავტოსადგურის დარბაზი ასე გამოიყურება. პრობლემას ყველა ხედავს, მოგვარებას არავინ აპირებს.

თელავში 22 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ავტოსადგური აქ ქალაქის ცენტრშია, აგრარულ ბაზართან. თუმცა სად მთავრდება ბაზარი და სად იწყება სადგური, ვერც დაკვირვებული თვალი გაარჩევს. ავტოსადგურის ადმინისტრაციულ შენობამდე რომ მიხვიდე, ბოსტნეულის, ტანსაცმლის და საყოფაცხოვრებო ნივთების დახლები უნდა გაიარო. შენობას არანაირი მანიშნებელი არ აქვს. გარშემო თბილისის თუ კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აბრებით ათეულობით მიკროავტობუსს რომ შენიშნავ, მხოლოდ იმით ხვდები, რომ სადგურში ხარ. ავტოსადგურის ადმინისტრაციას და მოსაცდელ დარბაზს შენობაში - ორივეს დაახლოებით 20 კვადრატული მეტრი უჭირავს. მოსაცდელში - სულ 7 დამტვრეული ჟანგიანი სკამი დგას, დაახლოებით ამდენივე სკამია შენობის ეზოში. სადგურში არ ფუნქციონირებს საპირფარეშო და სველი წერტილები.

თელავის ავტოსადგური

არ იყიდება ბილეთები, საფასურს მგზავრი პირდაპირ მიკროავტობუსის მძღოლს უხდის. ადმინისტრაცია მიკროავტობუსის მძღოლებისგან ყოველდღიურად 3-დან 5 ლარამდე გადასახადს კრეფს - სადგურის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების დგომისთვის.

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღიარეს, რომ ავტოსადგურის ტერიტორია უფრო ავტოსადგომია. მძღოლებიც ამავეს ადასტურებენ. უკმაყოფილო არიან, რომ სადგომზე ასფალტის საფარი თითქმის აღარ არის შემორჩენილი - ზაფხულში მტვერია, ზამთარში ტალახი.

თელავის ავტოსადგური

თელაველი ანი გომურიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ავტოსადგურების პრობლემაზე ღიად საუბარს არ არიდება. სხვა გამოსავალი არ არის, თორემ აქ არავინ უნდა მოდიოდესო. „ამას ავტოსადგურს ვერ დავარქმევ და არც ვიცი, საერთოდ რა შეიძლება ეწოდოს. როდესაც ჩვენი ქალაქის სტუმარი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსით ჩამოდის, პირველი ადგილი, სადაც ჩერდება, ავტოსადგურია. ქალაქზე პირველი წარმოდგენაც აქ იქმნება. რას დაინახავს აქ, ამორტიზებულ ინფრასტრუქტურას, არ არის მოსაცდელი, საპირფარეშოები და სველი წერტილები. აქ საერთოდ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სივრცე არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. კერძო საკუთრებაა თუ სახელმწიფო, ორგანიზაცია ვალდებულია ხარისხიანი მომსახურება გასწიოს, თანამედროვე პირობებში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანი გომურიშვილი და ფიქრობს, რომ პრობლემის მოგვარებით მერია უნდა იყოს დაინტერესებული.

თელავისგან განსხვავებით, ყვარლის ავტოსადგური ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანშია, იმავე შენობაში, სადაც 40 წლის წინ. ადმინისტრაციულ შენობას დაახლოებით 8-10 კვადრატული მეტრი ფართი უკავია, ცალკეა მგზავრთა მოსაცდელი, ხის სკამებზე ავტობუსს სამიოდე მგზავრი ელოდება.

ყვარლის ავტოსადგური

დალი იოსებაშვილი ყვარლიდან თბილისში აპირებს წასვლას.

„მე არ ვიცი, ეს ტერიტორია ვისია, მაგრამ დავიჯერო, მერია ამას ვერ ხედავს, რომ დაავალდებულოს ამის გაკეთება კერძო მესაკუთრეს? არც ავტოსატრანსპორტო საშუალებებია საუკეთესო მდგომარეობაში. მე რაც ვნახე, ავტოსადგურები მთელ საქართველოში დიდი პრობლემაა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პრობლემას ვერც ვერავინ ხედავს და არც მის მოგვარებაზე მუშაობს ვინმე... ეს არის საშინელება“, - ამბობს დალი.

ყვარლის ავტოსადგურის საპირფარეშომდე ბალახით დაფარული გზა მიდის. იქაურობა იმდენადაა დაბინძურებული, რომ ვერავინ იყენებს. ყვარლის ავტოსადგურის ხელმძღვანელი გიორგი ღონიაშვილი გვიტყდება, რომ მგზავრები, ვისაც საპირფარეშო სჭირდება, იქვე მეზობლად, საკუთარ სახლში მიჰყავს. „ამის გამო სირცხვილით ვიწვებიო“.

ყვარლის ავტოსადგური

„შენობა მაქვს ნაქირავები. აქ, სადაც ახლა ვართ, იატაკიც კი არ იყო და მე დავაგე. ფართის მფლობელმა უნდა გააკეთოს რეაბილიტაცია და ისე ჩამაბაროს. მე წლების წინ თელავის მერიაში დავსვი საკითხი, რომ რამით დაგვხმარებოდნენ. მაშინდელმა მერმა როსტომ სესიაშვილმა თქვა, რომ საპირფარეშოს პრობლემას მოგვიგვარებდა. არც როსტომია დღეს მერი და არც პრობლემა მოგვარებულა“.

რადიო თავისუფლებამ გურჯაანისა და წნორის ავტოსადგურებიც ნახა. 5 კვადრატულ მეტრ ფართში განთავსებული წნორის სადგური დაკეტილი იყო, იქვე თბილისისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა ნანა ყაველაშვილი:

„ზოგი ისეთი ტრანსპორტია, ძირი აქვს გამომპალი და სად გამოძვრება, არავინ იცის. სკამები მავთულებით აქვთ დაბმული. არ არის კონდიცირება, ამისთვის ფანჯრებს ხსნიან და ისეთი ქარია, შესაძლოა ავად გახდე. ესეც ბიზნესია, ხომ? ფულის კეთება უნდათ და ხარისხის ამაღლება არა. მე როდესაც პროდუქტს ვყიდულობ, ვცდილობ არჩევანი გავაკეთო მაღალ ხარისხზე, აქ ალტერნატივა არ არის, უნდა იყიდო ის მომსახურება, რაც არის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრ უწყებაში შეიცვალა მდგომარეობა და ავტოსადგურები პირიქით, უკან წავიდა. ქვის ხანაა“.

გურჯაანის ავტოსადგური

კახეთის კიდევ ერთ დიდ მუნიციპალიტეტში, გურჯაანში, შენობის ნაწილში, სადაც წლების წინ ავტოსადგური იყო, დღეს ქსელური მაღაზიებია, მეორე ნაწილს კი კერძო ტაქსის მძღოლები იყენებენ ავტოსადგომად. ავტოსადგურების მუშაობაზე და იქ არსებულ პრობლემებზე ლაპარაკი არ სურთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გურჯაანის და სიღნაღის თვითმმართველობებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და ვერ მიუთითეს, ვინ არის პასუხისმგებელი.

2018 წელს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ავტოსადგურების სერტიფიცირებას და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებდა.

რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს შეკითხვები წერილობით გაუგზავნა.

  • რას ითვალისწინებდა სამინისტროს მიერ 2018 წელს მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა (კანონპროექტი) და რა გზა გაიარა დოკუმენტმა, იქცა თუ არა პროექტი კანონად?
  • დღევანდელი მდგომარეობით, რა რეგულაციები ვრცელდება ავტოსადგურებზე?
  • რომელი უწყება ამოწმებს საქალაქთაშორისო მიკროავტობუსების ტექნიკურ პარამეტრებს და მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოებას?

სამინისტროს პრესსამსახურისგან პასუხი არ მიგვიღია.