გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 18 აგვისტოს რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციისკენ მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ იგი უკიდურესად შეშფოთებულია სადგურში და მის გარშემო არსებული ვითარებით.
გუტერეშმა უკრაინის ქალაქ ლვოვში მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკა და პერსონალი უნდა გაიყვანონ და ის არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციების სამიზნე.
ასეთი ობიექტი „არ უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის ნაწილი. ამის ნაცვლად, სასწრაფოდ არის შეთანხმება საჭირო ზაპოროჟიეს სადგურის, როგორც წმინდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - თქვა მან.
გუტერეში 18 აგვისტოს შეხვდა უკრაინაში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელმაც გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “გაერომ უნდა უზრუნველყოს ამ სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოება, მისი დემილიტარიზაცია და სრული განთავისუფლება რუსული ჯარებისაგან.“