ასპირანტების საქმე - 17 დახვრეტილი ახალგაზრდა

შეთქმულების მონაწილეები: კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი

80 წლის წინ, 1942 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა 17 ახალგაზრდა, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ახალგაზრდები ანტისაბჭოთა შეთქმულების მონაწილეები იყვნენ. მათ საქართველოს მფარველად გერმანია ესახებოდათ.

ასპირანტების საქმე

მიხეილ იმერლიშვილი, გიორგი იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი, დიმიტრი ბურდიაშვილი, ლევან თორაძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ჯოგლიძე, თურმან შანშიაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, გიორგი ქადაგიძე, რომან ბატიაშვილი, გიორგი ახობაძე, მიხეილ კაციტაძე, ზურაბ მისაბიშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ საბაშვილი - 17 ოქტომბერს დახვრეტილი 17 ახალგაზრდა ძირითადად უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობდა. ბევრი თარგმნიდა, ბევრი თავადაც წერდა... კოტე ხიმშიაშვილის და, დოდო ხიმშიაშვილი იხსენებდა, უკვე ყველას დისერტაცია ჰქონდა გამზადებული, როდესაც ომი დაიწყოო.

1921 წელს ძალით გასაბჭოებული ქვეყანა 1937 წლის რეპრესიებმა ფაქტობრივად სისხლში ჩაახრჩო. მიუხედავად ამისა, 1942 წლისთვის ანტისაბჭოთა მოძრაობები ჯერ ბოლომდე ჩახშული არ არის. კახეთსა და თუშეთში აჯანყებულები ტყესა და მთას ეხიზნებიან. დეზერტირები წითელ არმიას მასობრივად ტოვებენ, არ სურთ საბჭოთა კავშირის გამო დაიხოცნონ. ამ ბევრნაირი პროტესტის ფონზე ჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც იწყებენ მსჯელობას, თუ რა შეიძლება მოხდეს გერმანიის საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში. ამ დროს გერმანელები უკვე კავკასიონთან იდგნენ.

როსტომ ჩხეიძე

„რაღაც ჯგუფი უნდა არსებულიყო, რომელიც წარუდგებოდა გერმანელებს და ეტყოდა, რომ ჩვენ რუსები არა ვართ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთმა დაიპყრო, ქვეყანა, რომელმაც 1918 წელს დამოუკიდებლობა გერმანიის დახმარებით გამოაცხადა. აი, ამის გამო შეითქვნენ“, - ამბობს მკვლევარი როსტომ ჩხეიძე, რომელმაც დახვრეტილების საქმეები შეისწავლა.

რატომ ეიმედებოდათ შეთქმულებს ფაშისტური ქვეყანა? მკვლევრები ამბობენ, რომ მათ სიმართლე ბოლომდე არ იცოდნენ, ფიქრობდნენ, ისევ იმ ძველ გერმანიასთან ჰქონდათ საქმე, რომელიც თავის დროზე საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევაში დაეხმარა.

მაშინ არ იყო ფაშიზმის შესახებ ინფორმაცია ასეთი ხელმისაწვდომი, უფრო ომის ბოლო წლებში გაცხადდა. საზოგადოება საბჭოთა პროპაგანდას ნაკლებად ენდობოდა, მით უფრო, რომ ხშირად იცვლებოდა ეს პროპაგანდა, ჯერ საფრთხობელა იყო გერმანული ნაციზმი, მერე უეცრად მეგობარი გახდა და სტალინმა და ჰიტლერმა ერთად გააჩაღეს ომი. მერე ისევ მტერი აღმოჩნდა...“ - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) წარმომადგენელი.

ცუგრი და საიდუმლო წერილი

SOVLAB-ს ჩაწერილი აქვს საბავშვო მწერლის დოდო ხიმშიაშვილის მოგონებები. ის ჰყვება, რომ ძმის დაპატიმრების შესახებ მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაიგეს:

სასამართლო დახურული იყო. ჩვენ გარეთ ვეყარეთ მათხოვრებივით კიბეებზე. ერთხელ ვზივარ მოაჯირს მიყრდნობილი და სამხედროებმა ჩაიარეს. რუსულად ეუბნებიან ერთმანეთს, რა უნდა ამ ხიმშიაშვილს, განათლებული კაცია, ყველაფერს თვითონ რატომ იბრალებს, რატომ იღუპავს თავსო“.

დოდო ხიმშიაშვილი-ვადაჭკორია

ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი კოტე ხიმშიაშვილი ბევრ რამეს მართლაც საკუთარ თავზე იღებდა, ბევრ რამეზე კი საერთოდ კრინტს არ ძრავდა. ეს იმ გარემოებებიდან ჩანს, რომელიც საქმის მასალებში არ მოხვედრილა. ლადო ასათიანი აუცილებლად განდობილი იქნებოდა, იმდენად ახლოს იყო კოტესთან, მაგრამ კოტემ არ გათქვა. ასევე პოეტი ალექსანდრე საჯაიაც, არც მისი სახელია ნახსენები“, - როსტომ ჩხეიძე ჰყვება, რომ საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი საიდუმლო ბარათზეც, რომელიც ცუგრი (სოლომონ) თევზაძემ საჯაიას მეშვეობით ხიმშიაშვილს გადასცა, - ეს ამბავი ცუგრიმ პირადად მომიყვა. იმ პერიოდში უნივერსიტეტში სტუდენტებს ასწავლიდა გერმანელი ლექტორი იოჰან ბეკმანი, მათ შორის ცუგრი თევზაძესაც. ცუგრი ძალიან პატრიოტი იყო. ეს შეამჩნია ბეკმანმა (მას ფარული კავშირები ჰქონდა გერმანიაში) და წერილი გადასცა. მეო დამიჭერენ და შენ გქონდეს, შენზე ეჭვს ვერ მიიტანენო. გერმანელები რომ შემოვლენ, ამ წერილით წარუდექი, შენ დაგნიშნავენ კომენდანტად, შენს ხელში იქნება ყველაფერი და ქალაქს ვერ ააოხრებებო. ცუგრიმ არ იცოდა, რა ექნა ამ წერილისთვის. ალექსანდრე საჯაიასგან გაიგო შეთქმულების შესახებ და კოტეს გადასცა“.

თუმცა ის, რომ ასეთი წერილი არსებობდა, კოტე ხიმშიაშვილს არასდროს უთქვამს, მან ეს ფაქტი ბოლომდე დამალა.

კოტე ხიმშიაშვილი და სხვები

კოტე ხიმშიაშვილი

„კოტე მთელ უნივერსიტეტში გამორჩეული იყო. ერთხელ რომ დაიწყებ მასზე ლაპარაკს, ვერ ჩერდები. მეუბნებიან ხოლმე, მორჩი ამ გლოვასო. ვერ მოვრჩები!“ - ჰყვება დოდო ხიმშიაშვილი 2014 წლის ჩანაწერში, - „მიხეილ ჯავახიშვილი მასზე ამბობდა, თუ ასე გააგრძელებს, დოსტოევსკივით იქნებაო. ერთიმეორეზე ნიჭიერები იყვნენ ეს ბიჭები... რა უნდოდა მირზა გელოვანს ჯარში, ამ უბრწყინვალეს პოეტს? გამოვიდა ყრილობაზე და ტყავი გააძრო ბიუროკრატებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს ყურადღებას არ გვაქცევთო. მოჰკიდეს ხელი და გააგდეს ჯარში.

ლადო ასათიანს 39 ჰქონდა სიცხე, ტუჩებზე სისხლი ეტყობოდა, მატარებლის კიბეზე რომ ადიოდა, ჯარში ასე წავიდა“.

კოტე ხიმშიაშვილი რომ დააპატიმრეს, 25 წლის იყო, მაგრამ უკვე რომანი ჰქონდა დაწერილი. მისი „ჯონქა ხორნაული“ ჟურნალში გაგრძელებებით იბეჭდებოდა. მას ასევე დაწერილი აქვს მოთხრობა „გლობუსი“, ჩაპლინის ფილმის („დიდი დიქტატორი“) მსგავსი სიუჟეტით - უბირი კაცი გლობუსით ერთობა, აქეთ-იქით ატრიალებს... ქვეტექსტი აქაც იგივეა, დედამიწა ერთი ახირებული ადამიანის სათამაშოდ იქცა.

კოტე ხიმშიაშვილი ბავშვობაში

„დროშიც კი უსწრებს „გლობუსი“ „დიქტატორს“!.. კოტე ხიმშიაშვილის ნოველა ნათარგმნი რომ ყოფილიყო ინგლისურ ან სხვა ევროპულ ენებზე, კინოკრიტიკოსები უსათუოდ მოიშველიებდნენ „გლობუსს“ ჩარლი ჩაპლინის ამ კინოშედევრის განხილვისას“, - ამბობს როსტომ ჩხეიძე.

1942 წელს შეთქმულება გასცეს. გამცემის სახელი და გვარი ცნობილი არ არის. როსტომ ჩხეიძე ვარაუდობს, რომ გამყიდველი ერთი და ორი არ იქნებოდა და რომ ისინი შეთქმულებთან თავიდანვე შეაგზავნეს. დაიწყო დაპატიმრებების სერია, სასამართლოები, წამება... საბოლოოდ 17 კაცს დახვრეტა მიუსაჯეს, სხვებს - პატიმრობა, კიდევ სხვებს - გადასახლება.

დოდო ხიმშიაშვილი გადასახლებიდან დაბრუნებული კიტა ბუაჩიძის მონათხრობს იგონებს. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პროკურორმა პატიმრებს ნება მისცა, საბოლოო სიტყვით გამოსულიყვნენ. დაუძლურებულ, გასავათებულ ბიჭებს არაფრის თავი აღარ ჰქონდათ და შენ თქვი, კოტეო, ხიმშიაშვილს მიმართეს. კოტე ხიმშიაშვილის საბოლოო სიტყვა ჩანაწერებში არ არის, მაგრამ კიტა ბუაჩიძე იხსენებდა, რომ ეს იყო ნამდვილი, ეროვნული გმირის გამოსვლა.

სიკვდილმისჯილები 17 ოქტომბერს დახვრიტეს. რაღაც დროის შემდეგ ხიმშიაშვილებს „ამბავი მოუტანეს“, კოტე ცოცხალიაო. ოჯახმა შავი გაიხადა, კოტეს დედამ კი შვილის მოსაძებნად ორგანოებში წერილების გაგზავნა დაიწყო. მერე ამ ორგანოებში დოდო დაიბარეს, უბრძანეს, წერილების წერა შეეწყვიტათ.

მერე მე ვხევდი ამ წერილებს, ვყრიდი მტკვარში და ვხედავდი, როგორ მიჰქონდა წყალს...“

ძიგვა

ძიგვას შეთქმულებიდან ერთ-ერთს, გიორგი ძიგვაშვილს ეძახდნენ. საშუალოზე დაბალი იყო და ამის გამო მეორე მეტსახელიც ჰქონდა - ჩია.

ასპირანტურაში სწავლობდა. ბიბლიოთეკაში იმდენ დროს ატარებდა, რომ მაგიდას, რომელსაც უჯდა, გიორგის მაგიდას ეძახდნენ. ლექსებს წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან.

მისი უფროსი ძმაც ადრე დაიღუპა, მერე გიორგი... დედამ ვერ გაუძლო შვილების მონატრებას და ერთ დღეს თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს“, - ამბობს მისი ოჯახის წევრი ხათუნა მამალაძე.

გადამალული ბავშვი

პოლიტიკოს გივი თარგამაძეს სახელი ბაბუის, შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილის პატივსაცემად დაარქვეს. 1942 წელს, როდესაც გივი თარგამაძე დააპატიმრეს, მისი მეუღლე ორსულად იყო. ესენიც არ გადაასახლონო, ნათესავებმა სამშობიაროდ თბილისიდან შორს, კახეთში წაიყვანეს. მერე ბავშვიც იქ დატოვეს.

შვილიშვილი გივი თარგამაძე ჰყვება, რომ როდესაც პატიმარი სასამართლოში მიჰყავდათ, ახლობლებმა შორიდან მიაძახეს, ბიჭი შეგეძინაო. გაიგო თუ არა გივიმ მათი ხმა, ოჯახმა დღემდე არ იცის.

„მისი სახელი დამარქვეს და გამომყვა მისი ყველაფერი. სათვალე რომ მიკეთია, ზუსტად ასეთი ჰქონდა მასაც, იგივე ნომრებით. 200 მეტრში ამაფეთქეს იმ ადგილისგან, სადაც სავარაუდოდ ის დახვრიტეს. თბილისის ომის დროს იზოლატორი დაიწვა და მაშინ იქ ბლომად ძვლები იპოვეს. მინდოდა, საფლავი გამეკეთებინა, ვიღაც კომენდანტმა წაიღოო, ვერაფრით ვიპოვე...

დახვრეტის შემდეგ, ქვითარი მიიღო ოჯახმა, ტყვიის საფასური გადაახდევინეს“.

17 ახალგაზრდა ისე დახვრიტეს, რომ ბრალდება - ქვეყნის ღალატი - არცერთს არ უღიარებია. უკვე შემდეგ წლებში, როდესაც მათი საქმეები გადაიხედა, გარდაცვლილები რეაბილიტირებულად გამოაცხადეს. მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.