"ქართული ოცნება" წინააღმდეგია ISFED საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრი იყოს

ფოტო არქივიდან

მმართველი პარტია, "ქართული ოცნება", წინააღმდეგია, რომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" იყოს. სახელისუფლებო პარტია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციას კვალიფიკაციას უწუნებს.

"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ამ სამუშაო ჯგუფში მხოლოდ ორი ადგილი გამოიყო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ის, რომ ISFED მმართველი პარტიისთვის მიუღებელი იყო, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ შეხვედრის დაწყებამდე უთხრა ჟურნალისტებს.

"[არასამთავრობო ორგანიზაციების] პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ "სამართლიანი არჩევნების" ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. მათ წარმოადგინეს მაინც ეს ორგანიზაცია... ის ორგანიზაციები, რომლებიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მათ თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - თქვა გივი მიქანაძემ.

იმის გამო, რომ "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფში არ დაუშვა, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც. სწორედ ეს ორი ორგანიზაცია წარმოადგენდა სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას.

"ვერ ვიქნები იმ შეხვედრაზე, სადაც ჩემი კოლეგები არ იქნებიან. აქ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არ დაზიანდეს, თუმცა, მეორე მხრივ, დაუშვებელია, არ იყოს ისეთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, როგორიც არის "სამართლიანი არჩევნები". ამიტომ დავტოვე შეხვედრა", - თქვა ნიკა სიმონიშვილმა.

27-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე "სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება და იდევნება იმის გამო, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია.

"ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. "სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - თქვა ნინო დოლიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და მისივე გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მხოლოდ ორი კვოტა გამოიყო. ჯგუფის წევრები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში, ასევე, მონაწილეობენ ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.