საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს პარლამენტში დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს. ომბუდსმენი აცხადებს, რომ დროებით მოქმედი კანონით, რომელიც ბათუმში სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ, საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა.
"ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას", - აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, ამ ახალი კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ვალდებულება და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი - საზოგადოებრივ სივრცეში თანასწორობის პრინციპი.
"2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა", - აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღებაა გამახვილებული, ქალაქში ქაოსური და სპონტანური მშენებლობაა:
"ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებელია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს. განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას", - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი ითხოვს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ნორმის მოქმედება დროებით შეაჩეროს.
იმის გამო, რომ სახალხო დამცველმა პარლამენტში დაჩქარებულად მიღებული კანონის შეჩერება და გაუქმება მოითხოვა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მას "ნაციონალური მოძრაობის" დამცველი უწოდა.
"სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბები მოვისმინეთ, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, სახალხო დამცველმა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში, გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ალბათ, სახალხო უნდა მოვაცილოთ და ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაციის, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია...
მე მინდა ვთხოვო დეველოპერულ სექტორს, რომ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, მაქსიმალურად მალე მიაღწიონ შეთანხმებას, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროგრამის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით ამოქმედება", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე.
პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. როგორც სახალხო დამცველი აცხადებს, ცვლილებები შესაძლებლობას იძლევა, ბათუმში არ იყოს დაცული ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.