ოკუპირებულ აფხაზეთში ირწმუნებიან, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურას რუსეთს არ გადასცემენ

სოხუმის აეროპორტი. 2009 წელი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროში“ აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება.

მანამდე სამინისტრომ სოხუმის აეროპორტში რუსეთის ეკონომიკის მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის მიერ ჩატარებული შემოწმების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მასზე აღნიშნული იყო "რუსეთის ფედერაციის ობიექტები", მათ შორის, ხელოვნური ასაფრენი ბილიკი, საკონტროლო კოშკი და საგუშაგო. „საინვესტიციო ობიექტებს“ მიეკუთვნება, კერძოდ, საჰაერო ტერმინალის კომპლექსის შენობა, სადგურის წინა მოედანი და ბენზინგასამართი პუნქტი, ხოლო „აფხაზეთის რესპუბლიკის ობიექტებად“ მხოლოდ ელექტროენერგიის ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი და მისასვლელი გზა რჩება.

„ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ აეროდრომის კომპლექსის ობიექტები „დაყოფილია დაგეგმილი სამუშაოს დაფინანსების წყაროს პრინციპის შესაბამის კატეგორიებად“, პროექტის რეალიზაციის მთავარი პირობა კი „აფხაზეთის რესპუბლიკის ქონების შენარჩუნებაა“.

სოხუმის აეროპორტი

ობიექტების აღდგენისა და რეკონსტრუქციის დაფინანსების წყაროს დადგენის მიზნით, კონსულტაციები მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი ორგანოების წარმომადგენლებთან. ამჟამად კომპლექსის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების მოცულობისა და ღირებულების დასადგენად, ასევე მიმდინარეობს საპროექტო ხარჯთაღრიცხვების შემუშავება. შეხვედრაზე განიხილეს აეროპორტის კომპლექსის რეკონსტრუქციის წინასწარი გეგმები, მათ შორის, ბრტყელი ნაგებობების რეკონსტრუქცია, ახალი საჰაერო ტერმინალის კომპლექსის მშენებლობა, ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა და ზოგ შემთხვევაში ახლის მშენებლობა და სხვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„კერძო საინვესტიციო ობიექტად განიხილება საჰაერო ტერმინალი და საწვავის შემავსებელი კომპლექსები“, ასევე საუბარია ტექნიკური დანიშნულების ობიექტების განთავსებაზე.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ვიზიტის შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი Базовый элемент-ი. ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.

Базовый элемент-ის აქტივების უმეტესობა ჯერსის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია Basic Element Ltd-ს ეკუთვნის, რომლის წილის 100% ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია A-Finance-ის საკუთრებაა, რომლის ბენეფიციარიც დერიპასკაა.

ჯგუფის აქტივები მიმართულია მანქანათმშენებლობის, სამთო, მეტალურგიული, ენერგეტიკის, ფინანსური, სამშენებლო, საავიაციო, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სხვა სექტორებში რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებში, აფრიკაში, ავსტრალიაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.

2022 წლის თებერვალში ბიზნესმენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დაწყებისკენ მოუწოდა. მარტის დასაწყისში მან ომის საწინააღმდეგო მორიგი განცხადება გაავრცელა. მიუხედავად ამისა, ის მაინც მოხვდა ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენების სიაში.

2017 წელს დერიპასკამ კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო, რაც 2022 წლის აპრილში ჩამოერთვა, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.