გაეროს წარგზავნილი: ჩინეთი სინიანში იყენებს იძულებით შრომას, შესაძლოა, მონობას

უიღურების დაკავების უდიდესი ცენტრი სინიანის პროვინციაში. 2021 წლის მაისი

ჩინეთის მიერ მუსლიმი უიღურებისა და სხვა უმცირესობების სინიანში იძულებითი შრომა, სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში მათი ძალით დასაქმება, შეიძლება გაუთანასწორდეს „დამონებას, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“, - დაასკვნის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი.

უიღურები თურქული ეთნიკური ჯგუფია, რომელიც წარმოშობით და კულტურულად ძირითადად დაკავშირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან. მათ მიმართ მოპყრობას ჩინეთის ოფიციალური პირების მხრიდან სინიანის პროვინციაში, სადაც უიღურები იძულებით მოათავსეს ბანაკებში, შეერთებულმა შტატებმა გენოციდი უწოდა, ხოლო გაერომ დაადანაშაულა ჩინეთის ხელისუფლება უიღურების უკანონო დაპატიმრებაში და არასათანადო მოპყრობაში, ასევე მათ იძულებით შრომაში ჩართვაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 2 მილიონამდე უიღური, ყაზახი და სინიანის სხვა ძირძველი ეთნიკური ჯგუფი მოთავსებულია ჩინეთის დასავლეთ რეგიონში „დაკავების ცენტრებში“.

ჩინეთი უარყოფს, რომ ეს ობიექტები ინტერნირების ბანაკებია და ამტკიცებს, რომ ისინი აუცილებელია ტერორიზმის, სეპარატიზმისა და რელიგიური რადიკალიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ პროვინციიდან გაქცეულები ამბობენ, რომ ათასობით ადამიანის "პოლიტიკური ინდოქტრინაცია" ხდება დაწესებულებებში, რომლებიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ხელახალი განათლების ბანაკები.

16 აგვისტოს თანამედროვე მონობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, ტომოია ობოკატას მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბანაკებში დაკავებულ ადამიანებზე განხორციელებული უფლებამოსილების ბუნება და მასშტაბი, მათ შორის გადაჭარბებული მეთვალყურეობა და მძიმე საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, შეიძლება „გაუტოლდეს მონობას, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, რომელიც საჭიროებს შემდგომ დამოუკიდებელ ანალიზს".