ამერიკულმა კომპანია Planet-მა სატელიტური ფოტოები გადაიღო, რომელზეც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში, სოფელ მაისკოეში მდებარე რუსული საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შედეგები ჩანს.
ფოტოები რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ჟურნალისტმა კირილ ოვსიანიმ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა.
ფოტოები 15 და 16 აგვისტოსაა გადაღებული, პირველ ფოტოზე გარკვეული ნაგებობები ჩანს, მეორეზე - იგივე ტერიტორია, რომლის თავზეც კვამლია.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დივერსიად შეაფასა ჯანკოიში მომხდარი აფეთქებამოსკოვმა მაისკოეს საწყობში მომხდარ აფეთქებას დივერსია უწოდა. მომხდართან კავშირი ოფიციალურად არ დაუდასტურებია უკრაინის ხელისუფლებას. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ყირიმელებს მოუწოდა, არ მიუახლოვდნენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს, ვინაიდან იქ აფეთქებებია მოსალოდნელი.
16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ჯანკოის რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში.
ამავე დღეს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ გვარდეისკოეში, სამხედრო ავიაბაზის თავზე შავი კვამლი შენიშნეს ადგილობრივებმა. გამოცემა "კომერსანტი" მათზე დაყრდნობით წერდა, რომ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.
"კომერსანტი" წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ სამხედრო და სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ საბრძოლო მასალის საცავზე მცირე ზომის დრონებით განხორციელებული თავდასხმის ვერსიას.
უფრო ადრე, 9 აგვისტოს, რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებების სერიას, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დაზიანდა ათობით სახლი.
10 აგვისტოს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო ტაქტიკაზე, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.