15 აგვისტოს რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა ევგენი პრიგოჟინის ფოტო, რომელზეც კამუფლაჟში ჩაცმული ბიზნესმენი დგას ნანგრევების ფონზე. უკრაინელი სამხედროები ვარაუდობდნენ, რომ „პუტინის მზარეულად“ წოდებული ბიზნესმენი და კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის” სავარუდო მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა წინა დღით, ლუგანსკში, ქალაქ პოპასნიაში მდებარე „ვაგნერის“ შტაბზე მიტანილი საარტილერიო იერიშის დროს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, პრიგოჟინის დაღუპვა დიდ ზიანს მიაყენებდა უკრაინაში შეჭრილ რუსეთის არმიას როგორც მორალური, ასევე ტექნიკური თვალსაზრისითაც, რადგან, არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უზრუნველყოფენ დაქირავებული მებრძოლების, მათ შორის, მძიმე დანაშაულის გამო გასამართლებული პატიმრების ორგანიზებულ მობილიზაციას უკრაინის ფრონტზე.
20 წლის წინ ევგენი პრიგოჟინი წარმატებული სანქტ-პეტერბურგელი რესტორატორი იყო, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გამასპინძლებასა და ბანკეტების ორგანიზებაზე ზრუნავდა (აქედან მისი მეტსახელი „პუტინის მზარეული“), მოგვიანებით პრიგოჟინს ანდეს რუსეთის ჯარის, მოსკოვის სკოლებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების სურსათით მომარაგების უმსხვილესი კონტრაქტები, თუმცა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ევგენი პრიგოჟინმა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი საქმიანობის არეალი და „თავი გამოიჩინა“ არა მხოლოდ რუსეთში და არა მხოლოდ სარესტორნო ბიზნესში. პრიგოჟინის „მენიუში“ გაჩნდნენ ტროლები და დაქირავებული მებრძოლები, მათ შორის, მკვლელობისა და სხვა ძალადობისთვის ნასამართლევი პატიმრები. ევგენი პრიგოჟინი თვითონაც ნასამართლევია: 1980 წელს ლენინგრადის სასამართლოს მას 2 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე და 144-ე მუხლების მე-2 ნაწილით „ქურდობა“, ხოლო 1981 წელს ჟდანოვის რაიონულმა სასამართლომ ევგენი პრიგოჟინი 13 წლით გაუშვა ციხეში „ქურდობის, „ყაჩაღობის, „თაღლითობისა და არასრულწლოვნის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვის გამო”
2022 წლის 28 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, პროგრამის „ჯილდო სამართლიანობისათვის“ (RFJ) ფარგლებში, გამოაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ეძებს ინფორმაციას კომპანია „Internet Research Agency“-ის (“IRA” - ინტერნეტკვლევების სააგენტო), ევგენი პრიგოჟინისა და მასთან დაკავშირებული 12 კერძო და 9 იურიდიული პირის შესახებ და, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის აწესებს ჯილდოს - 10 მლნ დოლარს.
აშშ-ში დარწმუნებული არიან, რომ ევგენი პრიგოჟინი Internet Research Agency-ისა და სხვა კომპანიების საშუალებით მართავდა ე.წ. ტროლების ფაბრიკას, რომელიც ფეისბუკსა და ინსტაგრამზე შექმნილი ასობით ათასი ყალბი (ვითომ აშშ-ის მოქალაქეების) პროფილით ავრცელებდა პოლიტიკური შინაარსის პოსტებს, რათა გავლენა მოეხდინა საზოგადოებრივ აზრსა და, შესაბამისად, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
- 2018 წლის თებერვალში, აშშ-ის კოლუმბიის ოლქის რაიონულმა სასამართლომ პრიგოჟინის დაპატიმრების ორდერი გასცა. 2020 წლის ზაფხულში, FBI-მ პრიგოჟინი ძებნილთა სიაში შეიყვანა, ხოლო 2021 წლის თებერვალში დააწესა 250 ათასი აშშ დოლარის ჯილდო იმ ინფორმაციისთვის, რომელიც ბიუროს მის დაპატიმრებაში დაეხმარება.
- 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა დააწესა პირადი სანქციები პრიგოჟინის წინააღმდეგ ლიბიაში მოქმედ „ვაგნერთან“ მჭიდრო კავშირების გამო.
- 2022 წლის მარტში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა პრიგოჟინს, მის მეუღლესა და ორ შვილს.
„ტროლების ფაბრიკის“ გარდა 61 წლის ევგენი პრიგოჟინის სახელი დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ არაღიარებულ, მაგრამ მხარდაჭერილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სახელთან. სწორედ „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა „გამოიჩინეს თავი“ მოზამბიკში, სუდანში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ლიბანსა და სირიაში ჩადენილი ომის დანაშაულებით, რისთვისაც 2021 წლის დეკემბერში ევროკავშირმა „ვაგნერთან“ დაკავშირებულ 8 ფიზიკურ და 3 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.
„რუსი სამხედრო „ინსტრუქტორები“, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამთავრობო არმიის მხარეს იბრძვიან, ძარცვავენ და კლავენ სამოქალაქო პირებს, ასევე ახორციელებენ ჯგუფურ გაუპატიურებებს“, - ამის შესახებ წერს საერთაშორისო ფრანგული რადიო (RFI) ადგილობრივი მოსახლეობის მონათხრობებსა და გაეროს სამუშაო ჯგუფის დოკუმენტებზე დაყრდნობით.
გაეროს ჯგუფის პრესრელიზში მოხსენიებულია სამი რუსული ორგანიზაცია: „ვაგნერი“, Sewa Security Services, რომელიც ითვლება „ვაგნერის“ ფილიალად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და Lobaye Invest SARLU, რომელიც ოფიციალურად 2017 წელს დაარსებული ადგილობრივი სამთო კომპანიაა.
საერთო ჯამში, 800-დან 2000-მდე რუსი დაქირავებული ჯარისკაცი მონაწილეობს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2012 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო ომში. რუსეთის საელჩომ აღიარა, რომ ქვეყანაში მხოლოდ 535 რუსი „ინსტრუქტორი“ იმყოფება, რომლებიც, დიპლომატების თქმით, უშუალო მონაწილეობას არ იღებენ საომარ მოქმედებებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ესხმიან თავს, თუმცა, არსებობს არგუმენტებით გამყარებული მოსაზრება, რომ სწორედ დაქირავებულმა მებრძოლებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი 2020-2021 წელს სამთავრობო ჯარების წარმატებაში.
გაეროს შიდა მოხსენებებში, რომლებზეც ხელი მიუწვდა RFI-ს, ჩამოთვლილია ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის სულ მცირე 100 შემთხვევა, რომელიც ჩაიდინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიამ რუს მოკავშირეებთან ერთად (ან მხოლოდ რუსმა დაქირავებულებმა) 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდში. საუბარია 26 სიკვდილით დასჯაზე, 5 გაუპატიურებასა და თვითნებური დაკავებისა და პატიმრობის 27 შემთხვევაზე.
„ვაგნერი“, იგივე „ვაგნერის ჯგუფი“ - არაოფიციალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც არ შედის რუსეთის რეგულარულ ძალებში და, რომელსაც არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი სტატუსი. სხვადასხვა დროს, „ვაგნერის“ სამხედრო ნაწილები ითვლიდა 1350-დან 2000-მდე მებრძოლს. რუსეთის კანონმდებლობით, კერძო კომპანიის მიერ სამხედროების დაქირავება აკრძალულია, ამიტომ რუსეთის ოფიციალური პირები უარყოფენ „ვაგნერთან“ კავშირს. არადა, Bellingcat-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, ევგენი პრიგოჟინი და მისი კომპანიები „მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან, ГРУ-სთან“.
მნიშვნელოვანია ევგენი პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ როლი უკრაინასთან ომშიც.
„ვაგნერი“ უკრაინაში, უფრო ზუსტად, ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, შეიქმნა 2014 წელს, როდესაც ახალი გაჩაღებული იყო კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში. დაქირავებულმა მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს ლუგანსკის აეროპორტისთვის ბრძოლებში, თუმცა ფართო საზოგადოებამ „ვაგნერის“ არსებობის შესახებ შეიტყო სეპარატისტთა ცნობილი საველე მეთაურების ლიკვიდაციის შემდეგ. საუბარია თვითგამოცხადებული ლუგანსკის რესპუბლიკის მხარეს მებრძოლ იმ მეთაურებზე, რომლებიც ვერ ჩაეწერნენ ძალაუფლების იმ ვერტიკალში, რომლის აშენებასაც მოსკოვი დონეცკსა და ლუგანსკში ცდილობდა. „ვაგნერის“ სახელს დაუკავშირდა ისეთი საველე მეთაურების ლიკვიდაცია, როგორებიც იყვნენ: ალექსეი მოზგოვოი, პაველ დრემოვი და ალექსანდრ ბედნოვი.
„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომშიც ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მიმართულებით იბრძვიან, თუმცა ომის დაწყების მომენტში ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერი“ აქტიურად არ იყვნენ ჩართული არც რეკრუტირებისა და არც ომის წარმოების პროცესში.
ინტერნეტგამოცემა Meduza-ს ცნობით, ევგენი პრიგოჟინს ომის დაწყების წინ რთული ურთიერთობა ჰქონდა როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც, უფრო ზუსტად, სერგეი კირიენკოსთან, რომელიც ახლა პუტინის უახლოეს გარემოცვაში შედის.
პრიგოჟინს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა გაუფუჭდა სირიაში რუსეთის არმიის მოქმედებების კრიტიკის გამო. პრიგოჟინი მიიჩნევდა, რომ ჯარი ომობდა „მოძველებული მეთოდებით“. შოიგუსთან დაპირისპირების შედეგად, პრიგოჟინმა ბევრი სახელმწიფო კონტრაქტი დაკარგა, თუმცა 2022 წლის ივნისშიც პრიგოჟინის კომპანიებმა გააფორმეს კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან.
გამომძიებელი ჟურნალისტის, ხრისტო გროზევის თქმით, 24 თებერვლის წინ პრიგოჟინი „უშედეგოდ ცდილობდა თავისი კავშირების გამოყენებით გენშტაბის მთავარ სამმართველოსთან დაკავშირებას, თუმცა მან ეს მხოლოდ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეძლო“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომის დაწყებამდე შეუძლებელი იყო კორონავირუსის გამო „ღრმა იზოლაციაში“ წასულ პუტინთან დაკავშირება.
„ვაგნერი“ არ იყო ჩართული უკრაინასთან ომის სამზადისში. როგორც Meduza ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით ამბობს, ომის დაწყების შემდეგ პრიგოჟინმა თქვა, რომ „მხოლოდ ვლადიმირ პუტინის პირადი დავალებით ჩაერთვებოდა საქმეში“.
„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ფრონტზე მხოლოდ 2022 წლის მარტის ბოლოს გამოჩნდნენ.
2022 წლის 16 აპრილს რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა გამოაქვეყნა ფოტო, გადაღებული სამხედრო ფორმაში ჩაცმულ ევგენი პრიგოჟინთან ერთად. ფოტო გადაღებულია პერვომაისკში, საიდანაც სულ რაღაც 12 კილომტრში, პაპასნაიასთან უკვე იხოცებოდნენ „ვაგნერის“ მებრძოლები.
„მართლა ჩადიოდა ფრონტის ხაზთან, მხედართმთავრად წარმოედგინა თავი, სამხედრო რუკებსაც კი დაჰყურებდა“, - იხსენებს „ვაგნერის“ ერთ-ერთი მებრძოლი.
ეს ის პერიოდია, როცა რუსეთის ჯარი განიცდიდა დიდ ზარალსა და წარუმატებლობას ფრონტზე და, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა „ვაგნერის“ ხალხის დაბრუნებას მივლინებებიდან: აფრიკიდან, სირიიდან, ლიბიიდან...
უკრაინასთან ომში „ვაგნერელების“ მთავარ მიღწევად ითვლება პოპასნაიასა და ლისიჩანსკის აღება ლუგანსკში, სადაც ბრძოლები 2 თვე გაგრძელდა. პოპასნაია ძირითადად „ვაგნერელებმა“ აიღეს, მაგრამ აიღეს მნიშვნელოვანი დანაკარგების ფასად.
პოპასნაიას აღების შემდეგ „ვაგნერის“ ხელმძღვანელობამ დაქირავებულ მებრძოლებს მედლებიც კი ჩამოურიგა. რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევგენი პრიგოჟინსაც რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა და ოქროს ვარსკვლავი გადაეცა, თუმცა ოფიაციალურად შესაბამისი დოკუმენტი არსად გამოქვეყნებულა.
ევგენი პრიგოჟინი და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ძირითადად ლუგანსკის მიმართულებით მოქმედებენ და, როგორც ჩანს, მოქმედებენ ბევრად უკეთესად, ვიდრე სხვა დაქირავებულები დონეცკის მიმართულებით.
„ახლა პრიგოჟინი კვლავ სარგებლობს პუტინის კეთილგანწყობით. „ვაგნერის“ დამფუძნებელი პუტინის ახალ „ახლო წრეში“ შედის“, - წერს Meduza.
უკრაინაშიც, როგორც სირიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, „ვაგნერის“ მებრძოლები ბრალდებული არიან სამოქალაქო მოსახლეობის მკვლელობასა და ომის დანაშაულში.
„ვაგნერის“ მიერ სამხედროების დაქირავება და ფრონტზე გაშვება ფარული, გამოუცხადებელი მობილიზაციის ნაწილია. მობილიზაცია რომ მასშტაბურია, ამაზე მეტყველებს თვითონ ევგენი პრიგოჟინის ჩართულობა რეკრუტირების პროცესში, რომელმაც ყოფილი სამხედროებისა და ომის ვეტერანების გარდა, ასევე მოიცვა პატიმრების მრავალათასიანი კონტინგენტი. როგორც რუსული მედია წერს, „პუტინის მზარეული“, თვითონაც ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე, პირადად დადის საპატიმროებში და „ვაგნერისთვის“ ქვეითების გადაბირებას ცდილობს. ამბობს, რომ განსაკუთრებული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული პუტინისგან, ყველაფერი ჰკიდია და, რომ მთავარია ომის ნებისმიერ ფასად მოგება.
ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა იაროსლავისა და ტულის ოლქებში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში (კოლონიებში), სადაც პატიმრებს, თავისუფლებისა და გარკვეული პირობების ფასად, ფრონტზე წასვლას სთავაზობდა.
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ვაგნერი“ პატიმრების დაქირავებას ცდილობს, ადამიანის უფლებათა პროექტმა Gulagu.net-მა გაავრცელა 2 ივლისს. ეს ინფორმაცია მოგვიანებით სხვა უფლებადამცველებმაც დაადასტურეს. მალე ცნობილი გახდა რუსეთის სხვა რეგიონებში მსჯავრდებულების გადაბირების შესახებაც.
Gulagu.net-ის დამფუძნებელმა ვლადიმირ ოსეჩკინმა პატიმრებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ პრიგოჟინმა „რეკრუტირების ტური“ ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის განკუთვნილი კოლონიებიდან დაიწყო და მკაცრი რეჟიმის კოლონიებში გააგრძელა.
გამოცემა „ვერსტკამ“ პრიგოჟინის კომპანია „კონკორდს“ მიმართა თხოვნით, გაეკეთებინათ კომენტარი კოლონიებში სტუმრობასთან დაკავშირებით. გამომცემლობამ პრიგოჟინის კომპანიიდან ასეთი პასუხი მიიღო:
„თქვენ მართლაც რომ ვერაფერს გამოგაპარებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 1980-იან წლებში ნამდვილად ვიყავი კოლონიების სტუმარი. ყველაფერი აღარ მახსოვს, 40 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ნამდვილად ლენინგრადის კოლონიებში ვიყავი, კომის მხარეშიც, ვიატლაგშიც. რუსეთში ბევრია ციხეებში ნამყოფი, ზოგი დაიკარგა, ზოგი კი დაჭკვიანდა და ახლა თავისი ქვეყნის სასიკეთოდ შრომობს“.
„ვერსტკას“ ცნობით, საერთო ჯამში, „ვაგნერის“ წარმომადგენლები 10 რეგიონის მინიმუმ 17 კოლონიაში იმყოფებოდნენ.
ფონდ „რუს სიდიაშაიას“ ხელმძღვანელმა ოლგა რომანოვამ რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას უთხრა, რომ პრიგოჟინი ნამდვილად პირადად იმყოფებოდა რამდენიმე კოლონიაში და ამის შესახებ პირველი ინფორმაცია ივლისის ბოლოს მიიღო:
„თავიდან არ დავიჯერეთ, სკეპტიკურად განვეწყვეთ, მაგრამ განსხვავებული წყაროებიდან მივიღეთ ერთი და იგივე ინფორმაცია: ჯერ რიაზანიდან, შემდეგ ტულიდან, ნოვგოროდიდან... და გასაგები გახდა, რომ ნამდვილად პრიგოჟინზე იყო საუბარი. თანაც, ხშირ შემთხვევაში, გვწერდნენ პატიმრები, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობთ და გვაქვს წარმოდგენა მათი გათვითცნობიერებისა და ინფორმატიულობის შესახებ. მათ ცნობებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ გვქონდა. დიახ, ეს ნამდვილად ევგენი პრიგოჟინი იყო. ერთ-ერთ ზონაში ისიც კი თქვა, რომ მეც მაქვს კრიმინალური გამოცდილებაო“.
ოლგა რომანოვას თქმით, როგორც პატიმრები ამბობენ, პრიგოჟინი პირადად ცდილობდა მათ დარწმუნებას, გამხდარიყვნენ დაქირავებული ჯარისკაცები.
„ამას აკეთებდა ენერგიულად, დრაივით, თითქოს მართლაც სისხლიანი ბიზნესის აზარტშია შესული და ამ ურთიერთობიდან თითქოს რაღაც სიამოვნებას იღებს“, - ამბობს ოლგა რომანოვა.
ევგენი პრიგოჟინთან შეხვედრის მონაწილე პატიმარს ესაუბრა რუსული ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“, რომლის ინფორმაციით, მათ, ვინც დათანხმდა შეთავაზებას, დამქირავებელი დაჰპირდა თვეში 100 ათას რუბლს (1625 $) „პლუს დაახლოებით იმავე ოდენობის ბონუსს“, ხოლო „ღირსეული“ დაღუპვის შემთხვევაში, ოჯახს 5 მილიონ რუბლს (81 000$).
„ყველაფერი გაფორმდება ოფიციალურად, დოკუმენტები შესაბამის სტრუქტურებში შეინახება, - ციტირებს პატიმარს „მედიაზონა“, - თქვა, რომ ჩვენ არ ვართ საზარბაზნე ხორცი. გვითხრა, რომ დაღუპვის ალბათობა 15%-ია, დაჭრისა - 25%. დეზერტირობისთვის, გვითხრა, სიკვდილით დასჯააო, ასევე მაროდიორობისა და ნარკოტიკებისთვისო“.
ირკუტსკის მკაცრი რეჟიმის კოლონია-2-ის პატიმრის თქმით, პრიგოჟინმა ასევე უთხრა მათ, რომ ექსპერიმენტის სახით პატიმრები გამოიყენეს 12 ივლისს გამართულ ბრძოლაში. საუბარი იყო 42 პეტერბურგელ მსჯავრდებულზე, რომელთაგანაც მხოლოდ 5 დაიღუპა.
„გვითხრა, ლომებივით იბრძოდნენო“, - ამბობს პატიმარი.
ოლგა რომანოვას თქმით, საუბარია ლენინგრადის ოლქში მდებარე კოლონიის, „იაბლონევკას“ 42 გადაბირებულ პატიმარზე, რომელთაგან 5 დაიღუპა პირველივე ბრძოლაში, 12 კი - დაიჭრა, ამასთან, როგორც პატიმართა უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, პრიგოჟინის ეს წამოწყება, მეომრებად დაიქირაოს პატიმრები, როგორც ჩანს, ერთჯერადი ღონისძიება არ არის.
„იაბლონევკაში უთქვამს პატიმრებისთვის, როცა დანაკარგები 60%-ს მიაღწევს, კვლავ დავბრუნდები უკან, ახალი პარტიის წასაყვანადო“, - ამბობს ოლგა რომანოვა.
ომში მონაწილეობისთვის პატიმრებს ჰპირდებიან არა მხოლოდ ფულს, არამედ შეწყალებასა და ნასამართლობის მოხსნასაც, ხოლო ვისაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ - პასპორტებს.