ამ შეფასებას ბევრი უფლებადამცველი და ჟურნალისტი არ ეთანხმება. მათი მტკიცებით, ანგარიში ზედაპირულია და კრემლს სამხედრო დანაშაულებების გამართლებაში ეხმარება. ორგანიზაციას პუტინის რეჟიმის ირიბად დახმარებაში პირველად არ ადანაშაულებენ.
სამი სამუშაო დღე
მას შემდეგ, რაც 4 აგვისტოს Amnesty International-მა დაადანაშაულა უკრაინული არმია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნაში, შვედეთში თანამდებობა დატოვა ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პერ ვესტებერგმა, რომელმაც AI-ში 60 წელი იმუშავა. ნორვეგიაში ორგანიზაციიდან წავიდა 80-მდე თანამშრომელი.
თუმცა პირველები გადადგნენ უკრაინული ბიუროს პრესსპიკერი და უკრაინული სამსახურის ხელმძღვანელი. 13 აგვისტოს ოქსანა პოკალჩუკმა Washington Post-ში გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვრცლად ისაუბრა გადადგომის მიზეზებზე.
მისი თქმით, ანგარიშის მომზადებისას ხელმძღვანელობამ არ გაითვალისწინა უკრაინელი თანამშრომლების შეფასებები. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ სამი სამუშაო დღე ჰქონდა ბრალდებებზე საპასუხოდ.
ყველაზე მეტად პოკალჩუკი ორგანიზაციას ზედაპირულობასა და ფრონტზე შექმნილი ვითარების გაუთვალისწინებლობას ედავება.
„ბუჩასა და ირპენში რუსების მიერ მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების გათვალისწინებით, სულაც არაა ცხადი, რომ დასახლებული პუნქტების დატოვებით, უკრაინული ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას მაქსიმალურად დაიცავდა”, - წერს იგი.
ბოდიში ტკივილისთვის
4 აგვისტოს AI-მ გამოაქვეყნა ანაგარიში, სადაც ეწერა, რომ უკრაინის 19 სოფელსა და ქალაქში ჯარისკაცები იკავებენ დაცარიელებულ სკოლებს და საავადმყოფოებს. ასევე ბანაკდებიან საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, რითაც საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სამხედრო მეთაურებს ავალდებულებს, მაქსიმალურად აარიდონ თავი მშვიდობიანი მოსახლეობის შორიახლოს დაბანაკებას.
ანგარიშში მოყვანილია მოქალაქეების ჩვენებებიც. მაგალითად, ქალაქ ნიკოლაევის მკვიდრი ორგანიზაციას უყვებოდა, რომ ჯარისკაცები მისი საცხოვრებელი კორპუსის მეზობლად იყვნენ დაბანაკებულები და ერთ დღესაც დაბომბვისას მისი შვილი დაიღუპა.
ამ ანგარიშს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების აღშფოთება მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დოკუმენტს „ამორალურად არჩევითი” უწოდა. იმავე დღეს დაწყებული მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, AI-ს დირექტორმა, აგნეს კალამარდმა დატვიტა, რომ ორგანიზაციას უკრაინელი და რუსი ტროლები უტევენ.
7 აგვისტოს ორგანიზაციამ მაინც მოიბოდიშა ანგარიშით გამოწვეული „ტკივილისთვის”. მაგრამ ამასთანავე განცხადებაში ნათქვამია, რომ AI „უარს არ ამბობს ანგარიშში გაკეთებულ დასკვნაზე. უკრაინამ დაარღვია ომის წესები, რადგან სამიზნედ აქცია მშვიდობიანი მოსახლეობა”.
აი, უკვე 14 აგვისტოს კი AI-მ აღიარა, რომ თავის პრესრელიზსა და კვლევაში საკმარისი ადგილი არ დაუთმეს „მრავალ სამხედრო დანაშაულს, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს”.
ორგანიზაციის მტკიცებით, AI-მ დაიქირავა დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც შეამოწმებენ პროცედურებს - როგორ დაიწერა ანგარიში და როგორ გადაწყდა მისი გამოქვეყნება.
„გვსურს გავიგოთ, კონკრეტულად რა არ გამოვიდა და რატომ, რათა გაკვეთილი ვისწავლოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი მუშაობა ადამიანის უფლებების სფეროში“, - განაცხადა ორგანიზაციამ.
დახმარება პროპაგანდას
„Amnesty-ს მოხსენებას გადაწერენ ისე, რომ კიევის და ევროპის ვერსიას შეესაბამებოდეს”, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პირველი არხი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.
ომის დაწყების შემდეგ, კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია გამუდმებით წერდა, რომ უკრაინული ჯარი მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად იყენებს”.
ანგარიშის კრიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი შენიშვნაც სწორედ ესაა - AI უბრალოდ საქმეს უმარტივებს კრემლის პროპაგანდას. ამ მოსაზრებას იზიარებს რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინაც.
„პუტინს ახლა ჰაერივით სჭირდება ზავი და მთელმა მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიიღო დავალება დაამტკიცოს იგივე, რასაც ამტკიცებს ეს ანგარიში: რომ ორივე მხარე თანაბრადაა დამნაშავე. მაშ, ეს უკრაინა რაღა დასახმარებელია? მოდი, შევრიგდეთ“, - დაწერა მან.
Amnesty International-ი კრიტიკის ობიექტი 2021 წელსაც გახდა, როდესაც დროებით ჩამოართვა სინდისის პატიმრის წოდება პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის 23-ე და 24-ე წესების თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია, „რამდენადაც შესაძლებელია”, არ განათავსოს სამხედრო ობიექტები მშვიდობიანი მოსახლეობის გვერდით, საჭიროების შემთხვევაში კი უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია.
მარკო სასოლი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მრჩეველი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხებში, განმარტავს, რომ ეს წესები აბსოლუტური არ არის და შეიძლება დაირღვეს.
მაგალითად, მოსახლეობა უარს შეიძლება აცხადებდეს ევაკუაციაზე, ან ჯარს შეიძლება უბრალოდ სხვა ადგილი არ ჰქონდეს წასასვლელად, ანდაც სამხედრო მეთაურმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ქალაქში მტრის ჯარის შესვლა მშვიდობიან მოსახლეობას უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის.
მაგრამ, ამასთანავე, „საქმე ის არაა, ვინ უტევს. ცხადია, რომ ომზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა, მაგრამ, ორივე მხარე, შემტევიცა და მომგერიებელიც ვალდებულია დაემორჩილოს ერთსა და იმავე წესებს”, - უთხრა მან გამოცემა Genevasolutions-ს.
უკრაინაში ომის მსვლელობისას Amnesty International-მა, Human Rights Watch-მა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსული ჯარის სამხედრო დანაშაულების ამსახველი ასეულობით მტკიცებულება მოიპოვეს.
მოწმეების მტკიცებით, ოკუპაციის დროს ბუჩასა და ირპენში რუსი ჯარისკაცები სისტემატურად აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. დღემდე იბომბება სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.
გაეროს მონაცემებით, ივლისის ბოლოსთვის დაიღუპა თითქმის 5300 მშვიდობიანი მოქალაქე. 7 ათასზე მეტი კი დაშავდა.