სასამართლომ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება არ გააუქმა

ფოტო არქივიდან: 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მოთხოვნა და სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება არ გააუქმა. სასამართლომ ამ საკითხზე 15 აგვისტოს იმსჯელა - ინფორმაციას "საია" ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ სენაკში შუალედური არჩევნების ნაცვლად, რიგგარეშე არჩევნები უნდა გამართულიყო და საკრებულოს წევრები მოსახლეობას ხელახლა აერჩია, რადგან 6 თვეზე მეტია 2021 წელს არჩეული ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო შეკრებას ვერ ახერხებს. ცესკოს არგუმენტი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარს საკრებულოს წევრის სტატუსი 2022 წლის 31 მაისამდე, ვადაზე ადრე შეუწყდა - ამ დროს ბოლო შეკრებიდან გასული არ იყო 6 თვის ვადა.

"ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება... 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება", - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკომ სენაკში არჩევნები, 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პირველ ოქტომბერს დანიშნა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლოს სენაკის საკრებულო 17 თებერვალს შეიკრიბა, მას შემდეგ კი კვორუმი სხვა არცერთ სხდომაზე ყოფილა, მათ შორის 23 თებერვლის სხდომაზე, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება, კვორუმის არარსებობის არგუმენტით, "ქართულმა ოცნებამ" სასამართლოშიც გაასაჩივრა.

მასალა არქივიდან სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას თანაგუნდელი აირჩიეს
მასალა არქივიდან "ქართული ოცნება" ითხოვს, სასამართლომ სენაკის საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღების უფლება დროებით შეუჩეროს