"დემილიტარიზაცია ამოქმედებულია", - ასე ეხმაურება მიხაილო პოდოლიაკი ყირიმში მომხდარ მორიგ აფეთქებას

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა 16 აგვისტოს ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის მახლობლად, საბრძოლო მასალის საწყობში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

„ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი ასოცირდება შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი ასოცირდება საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, - წერს პოდოლიაკი "ტვიტერით" გავრცელებულ პოსტში.

16 აგვისტოს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით, სოფელ მაისკოეში, აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამის არხებზე და რეგიონის მცხოვრებლების სოციალური ქსელების გვერდებზე ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება.

რუსული მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ ჯანკოის რაიონში სატრანსფორმატორო ქვესადგურს ცეცხლი გაუჩნდა. იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის საცავში. აფეთქების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს ადგილობრივი ადმინისტრაცია. უწყების ცნობით, სოფელ მაისკოეს მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს. ადგილზე გაემგზავრა ანექსირებული ნახევარკუნძულის სეპარატისტული ხელისუფლების ერთ-ერთი მეთაური სერგეი აქსიონოვი.

უფრო ადრე, 9 აგვისტოს, რუსების მიერ კონტროლირებულ საკის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებების სერიას, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 14 დაშავდა. დაზიანდა ათობით სახლი.

10 აგვისტოს ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერდა, რომ ანექსირებულ ყირიმში, ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე, მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.

მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, შეწყვიტონ ჟურნალისტებთან საუბარი რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებულ სამხედრო ტაქტიკაზე, ხოლო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ინფორმაციის გაჟონვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.