Homo putinus - როგორია „პუტინური ადამიანი“ და რა უნდა მას?

რუსეთში ერთგვარი ანთროპოლოგიური რევოლუცია მიმდინარეობს, ჩნდება ადამიანის ახალი ტიპი – Homo putinus („პუტინური ადამიანი“), რომელიც გარეგნული ნიშნებით "განაწყენებული, გაბოროტებული და შურისმაძიებელია", თუმცა ბოლომდე გარკვეული არ არის, ის „საბჭოთა ადამიანის“ (Homo soveticus) მემკვიდრეა თუ რაღაც სრულიად ახალი სოციალური არსება. რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის პოლიტიკური მიმომხილველი, ისტორიკოსი სერგეი მედვედევი იხსენებს ცნობილი რუსი სოციოლოგის, იური ლევადას დამკვიდრებულ ტერმინს - „ჩვეულებრივ საბჭოთა ადამიანს“ და კითხულობს, რაც ახლა რუსეთში ხდება - ომის მხარდაჭერა და ხელისუფლების გარშემო საზოგადოების კონსოლიდაცია, საბჭოთა ადამიანის გაგრძელებაა, თუ მართლაც რაღაც ახალი, 21-ე საუკუნეში ჩამოყალიბებული ანთროპოლოგიური ტიპის დაბადების მოწმე ვხდებით?

მოსკოვი. 2002 წ. 9 მაისი

პროფესორი ლევ გუდკოვი სწორედ იური ლევადს მიერ დაფუძებულ ორგანიაზაციას, „ლევადა-ცენტრს“ ხელმძღვანელობს, ცენტრს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს მიერ უცხოელი აგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული. ომის მიმდინარეობისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობის გამო, ცენტრის სრულფასოვანი მუშაობა მნიშვნელოვნად არის შეფერხებული, თუმცა პროფესორი გუდკოვი და ცენტრი, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, მაინც რუსეთში რჩებიან და განაგრძობენ მუშაობას.

„ეს, რა თქმა უნდა, ძირითადად საბჭოთა ადამიანის გაგრძელებაა, - ამბობს ლევ გუდკოვი Homo putinus-ის შესახებ საუბრისას, - „თუმცა შეცვლილია მისი კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი. პირველ რიგში, გამქრალია ნათელი მომავლის იდეა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წინა იდეოლოგია, რომელიც ლეგიტიმაციას აძლევდა ხელისუფლებას, რეჟიმს, ურთიერთობების მთელ სისტემას, გაქრა და ისინი ჩაანაცვლა წარსულის მითებმა“.

სერგეი მედვედევის ვარაუდით, „ნათელი მომავლის“ იდეოლოგიური კონსტრუცქცია ჩაანაცვლა „ნათელი წარსულის“ კიდევ უფრო საშიშმა და ტოქსიკურმა იდეოლოგიამ:

„ვეჯახებით იმავე იდეოკრატიას, რომელიც უბრალოდ 180 გრადუსით არის შებრუნებული: მომავლიდან წარსულში. ეს იგივე საბჭოთა კაცია, მაგრამ სარკეში არეკლილი“.

ლევ გუდკოვი მიიჩნევს, რომ „ნათელი მომავლის“ წარმოსახვაში, იდეოლოგიურ კომპონენტში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთი- ძალაუფლებასთან იდენტიფიცირება და მეორე - საკუთარი განსაკუთრებულობის, უპირატესობის განცდა, რაც წარმოადგენს არასრულფასოვნების კომპლექსის, დამცირებულობის ერთგვარ გაუკუღმართებულ ფორმას:

ლევ გუდკოვი

„განსკუთრებულების განცდა ბევრად უფრო ძველია, ვიდრე საბჭოთა რეჟიმი: ეს ასევე არის მართლმადიდებლური, იმპერიულ-რუსული ცნობიერება. განსაკუთრებულობის განცდა აკომპენსირებს მონურ ცნობიერებას, ბატონყმობის ნარჩენებს. შეიძლება შეიცვალოს ცალკეული კომპონენტები, მაგრამ მთლიანობაში ცნობიერების სტრუქტურა უცვლელი რჩება. რა თქმა უნდა, ჩნდება უფრო პრიმიტიული ტრადიციონალისტური მითები რუსეთის შესახებ. ამასთან მნიშვნელოვანია არა ცალკეული კომპონენტები, არამედ მათი ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს სახელმწიფოსთან საჩვენებელ იდენტიფიკაციას. ვინაიდან ჩვეულებრივი ადამიანი ბრბოდან სახელმწიფოს კუთვნილებაა, ის თვითონაც დემონსტრაციულად თანხმდება, რომ სახელმწიფოს შეუძლია მისი ცხოვრების კონტროლი, რომ მზადაა აიტანოს თავს დამტყდარი განუკითხაობა და ყველაფერზე კვერი დაუკრას მთავრობას“.

სერგეი მედვედევის თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გამოყოფოდა სახელმწიფოს. რუსეთში კვლავინდებურად სახელმწიფოსია ადამიანი და ადამიანსაც ე.წ. სახელმწიფოებრივი შეხედულება აქვს საგნებზე, ადამიანის ქცევას სახელმწიფოებრივი აუცილებლობა განმაპირობებს და ა.შ. თუმცა, როგორც ლევ გუდკოვი ამბობს, ეს მაინც მოჩვენებითი, მზაკვრული იდენტობაა სახელმწიფოსთან, რადგან ხელისუფლებასთან სოლიდარობის აღიარება ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან შენს პირად ცხოვრებაზე კონტროლის შესუსტებას.

„ეს ერთგვარი ფსევდოკონტრაქტია, - ამბობს პროფესორი გუდკოვი, - თუ კვერს დავუკრავ, მაშინ ხელისუფლება არ ჩაერევა ჩემს პირად ცხოვრებაში, რითაც უზრუნველვყოფ ჩემს გადარჩენას და შესაძლებლობას დავკავდე პირადი საქმეებით. ცხადია, ეს არ ათავისუფლებს უბრალო ადამიანს სახელმწიფოს დანაშაულებებში მონაწილეობისგან, მაგრამ უზრუნველყოფს ასეთ თამაშს სოციალური კავშირების, უნივერსალური ნორმებისა და რეგულაციების, უპირველეს ყოვლისა, მორალის არარსებობის ან, უფრო ზუსტად, დათრგუნვის პირობეში. ასეთი ეშმაკობა თრგუნავს ერთი მხრივ სინდისის, პასუხისმგებლობის გრძნობას, მეორე მხრივ კი - უფლებებს, რადგან უფლებები წარმოიქმნება შეთანხმებიდან და საზოგადოებრივი სოლიდარობიდან“.

სერგეი მედვედევის აზრით, Homo putinus თუ ოდნავ სახეცვლილი იგივე საბჭოთა ადამიანია - ინფანტილური, ხაზინის კმაყოფაზე მყოფი, სახელმწიფოზე ორიენტირებული, სახელმწიფოს აუცილებლობით მოქმედი - რატომ აღდგა და აღორძინდა ის ამ 30 წლის განმავლობაში? საინტერესოა, პუტინის რაიმე განსაკუთრებული, ეშმაკური პროექტი იყო ასეთი ადამიანის გაცოცხლება და აღდგენა, თუ ის თავისით აღმოცენდა, როგორც იტყვიან, ცენტრალური რუსეთის ეწერიან ნიადაგში?

სერგეი მედვედევი

ლევ გუდკოვის თქმით, საბჭოთა ადმმიანი აღდგა იმიტომ, რომ აღდგა შესაბამისი ინსტიტუტები:

„რესეთში ადამიანს არ აქვს მყარი ღირებულებები და რწმენა, ის მოქნილია- ცვალებადი. თუ ინსტიტუტები შექმნიან გარკვეულ ველს, მაშინ ის შეიძლება გახდეს უკეთესი, უფრო მორალური და უფრო მეტად მიდრეკილი სამართლებრივი სივრცისკენ, ან და, როგორც დღეს ხდება, შეიძლება მოექცეს კორუფციისა და გახრწნილობის უძლიერესი ზეგავლენის ქვეშ. უაღრესად მნიშვნელოვანია ძალადობის ყოველდღიური გამოცდილება. რაც რეალურად შეიცვალა პუტინის დროს, ესაა მასობრივი ცინიზმის მნიშვნელოვანი ზრდა. გარკვეული გაგებით, ეს არის რესენტიმენტი, შურისა და შურისძიების რეაქცია საკუთარი თავის მიმართაც. რუსეთში დაიჯერეს, რომ შეეძლოთ ცხოვრება ისე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ამ წარუმატებლობის გაცნობიერება წარმოშობს აგრესიულ შურისმგებლურ დამოკიდებულებას, მათ შორის საკუთარი თავის მიმართაც“.

ლევ გუდკოვის ამ კომენტარიდან გამომდინარეობს, რომ ე.წ. „პუტინური ადამიანი“ საბჭოთა ადამიანის გაუარესებული, დეგრადირებული ასლია: საბჭოთა ადამიანს მინუს კოლექტივიზმი და პლუს წყენა და რესენტიმენტი. სერგეი მედვედევის თქმით, „საბჭოთა ადამიანს“ ამგვარი წყენა არ ჰქონია.

„ყოველ შემთხვევაში, 1980-იან წლებამდე საბჭოთა ადამიანებში არსებობდა განცდა, რომ უნიკალური ისტორიული ექსპერიმენტი ჰქონდათ, აშენებდნენ რაღაც ნათელ მომავალს. მახსოვს ჩემი თავი, როგორც პიონერი, როგორც ოქტომბრელი 70-იან წლებში: იყო სიამაყე საბჭოთა კავშირშით, რასაც იდეოლოგია ყოველდღიუად კვებავდა... ახლანდელი ადამიანი კი - გამოდის, იგივე საბჭოთა ადამიანია, ოღონდ - დამცირებული და განაწყენებული“, - ამბობს სერგეი მედვედევი, რომელსაც ლევ გუდკოვი უსწორებს:

„არა უბრალოდ განაწყენებული, არამედ ბოროტი და შურისმგებელი და ამ თვალსაზრისით, ერთიანია პუტინის სახელმწიფოსთან. ამ სახელმწიფოს მთავარი შტრიხია ნეგატიური იდენტობა, დასავლეთის წინააღმდეგობა. ჩვეულებრივი, ნორმალური ქვეყნების მსგავსი ცხოვრება - უაღრესად მნიშვნელოვანი მოტივი იყო პერესტროიკის დროს და 1990-იანი წლების პირველ ნახევარში. ყველას სურდა ეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდნენ ევროპაში: თავისუფლება, სოციალური უზრუნველყოფა, კეთილდღეობა, სუფთა, ჯანსაღი ქვეყანა. ამის ნარჩენებს დღემდე ვაფიქსირებთ, როდესაც ვიღებთ პასუხს კითხვაზე: რომელ ქვეყანაში ისურვებდით ცხოვრებას - დიდ, ძლიერ ქვეყანაში, რომლისაც ყველას შეეშინდებოდა თუ მყუდრო, კომფორტული, მაღალი კეთილდღეობის მქონე ქვეყანაში? ბოლო წლების განმავლობაში, დაახლოებით 40% ისურვებოდა ცხოვრებას ძლიერ და მძლავრ ქვეყანაში, რომლსაც ყველას შეეშინდებოდა, ხოლო 50% ჯერ კიდევ ფარულად ოცნებობს ნორმალურ ადამიანურ ცხოვრებაზე. ეს აყალიბებს ორმაგ ცნობიერებას და აჩენს სიძულვილს საკუთარი თავის მიამრთ წარუმატებლობის გამო. პუტინის რეჟიმი - ეს არის რეაქცია დემოკრატიული, სამართლებრივი საზოგადოების, ნორმალური ქვეყნის წარმუმატებელ მშენებლობაზე. აქედან იღებს სათავეს ღვარძლიანობა, აგრესია და დიდებულ წარსულზე აპელაცია, როგორც კომპენსატორულ მითზე“.

ვლადიმირ პუტინი და რფ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

ლევ გუდკოვი თავის ბოლო ნაშრომში ("ადაპტაციის სამი ეტაპი"), მიმოიხილავს ომთან საზოგადოებრივი ცნობიერების ადაპტაციის სამ ფაზას. წიგნის ავტორი ფიქრობდა, რომ დროთა განმავლობაში ომი რუსულ საზოგადოებას უფრო მეტად შეარყევდა, ხოლო სანქციები გაომიწვევდა მეტ დაძაბულობას, თუმცა მოულოდნელად გაირკვა, რომ ომის დაწყებიდან ლამის 6 თვის შემდეგაც კი ომის მხარდაჭერა სტაბილურია.

„იმდენად არ გამკვირვებია, რამდენადაც იმედგაცრუებული დავრჩი, - ამბობს პროფესორი გუდკოვი, - როცა დაიწყო, საზოგადოებას ნამდვილად არ სურდა ომი, მას ნამდვილად ეშინოდა... არაფერ შუაშია მორალური მიზეზები: ეს იყო შიში საკუთარი კეთილდღეობის გამო, შიში იმისა, რომ ომი სწრაფად გავრცელდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე და ჩაითრევდა თავად ობივატელსაც. ეს შიში ძალიან არსებითი იყო და ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა გატარებული პოლიტიკის, ომის შედეგებისა და საკუთარი არსებობის რაციონალიზაციის საფუძველი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ჯერ ერთი, ხელისუფლება მოემზადა ამისთვის, შეასუსტა ნეგატიური შესაძლო შედეგები კომპენსაციების დაპირებებით, კიდევ სხვა რაღაცებით და მეორეც, დაარწმუნა ხალხი, რომ ყოველივე ეს არ გავრცელდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე, ნატოს გაფართოებისგან (ეს კი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა) მათ რუსული არმია დაიცავდა. ამ დემაგოგიით - "სპეციალური ოპერაციით", რომელიც ლოკალურია დროსა და სივრცეში, მოხერხდა ხალხის გარკვეული დამშვიდება. ეს არ არის ომის მთლად მხარდაჭერა, ეს უფრო მორალური, ადამიანური თანაგრძნობისა და ომისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილის არქონაა“.

ლევ გუდკოვის თქმით, პირველ მომენტში ნამდვილად დაფიქსირდა შოკი, სასოწარკვეთა, დეპრესია - და ამავე დროს თითქმის ასეთივე კმაყოფილება და სიამაყე ჯარის ქმედებების გამო. შემდეგ მოხდა გულგრილობის, ინდიფერენტულობის გაძლიერება, რასაც ხელი შეუწყო სამთავრობო პროპაგანდამ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს სთავაზობდა დამშვიდებისთვის ხელსაყრელ კლიშეებს, ომის უსიამოვნო გარემოებების ფსიქოლოგიური განდევნის მზა რეცეპტებს და ა.შ.

„უცნაურია ის, რომ ეს მოხდა მოსახლეობის იმ ჯგუფებში, რომლებისგანაც განსხვავებულ რეაქციას ველოდი. საუბარია, მეტად უზრუნველყოფილ და განათლებულ ახალგაზრდებზე. სწორედ ისინი გატყდნენ ყველაზე სწრაფად, სწორედ მათ გამოავლინეს ყველაზე მეტი გულგრილობა და ომისადმი შემწყნარებლობა. ეს ნიშნავს, რომ თანაგრძნობის, ადამიანურობის რესურსი ძალიან მცირეა. ესეც საბჭოთა ანთროპოლოგიის ძალიან დიდი პრობლემაა - ეს ძალადობის შედეგია“.

Z - რუსეთის უკრაიანაში ინტერვენციის სომბოლო

რუსეთის საზოგადოების დღევანდელ გულგრილობას ბევრი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული წნეხის გაძლიერებით ხსნის, თუმცა ლევ გუდკოვი შენიშნავს, რომ პუტინის პროპაგანდას ფაქტობრივად ახალი იდეები და წარმოდგენები არ შეუქმნია.

„საზოგადოებაში არსებობდა შინაგანი აგრესია, რომელიც სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდა. ყველა ის არგუმენტი, რასაც დღეს პროპაგანდა იყენებს, ცნობილია. გაიხსენეთ ფინეთის ომი, 1939-40 წლების ზამთრის ომი, იგივე არგუმენტებია: პრევენციული ომი, საფრთხე პატარა ფინეთიდან დიდი საბჭოთა კავშირისთვის, ამიტომ საჭირო იყო ფინეთის ტერიტორიის ნაწილის ჩამოჭრა... ეს ყველაფერი ძალიან ძველი არგუმენტებია და ისინი ქმნიან გაქვავებულ პოლიტიკურ, სოციალურ კულტურას, რომლის აღზრდა ხდება სკოლაში, ჯარში, პოლიციაში, მედიაში. ეს თვისებები ღრმად არის დასწავლილი მასობრივი ცნობიერების მიერ, აქ ახალი არაფერია, ამიტომ განსაკუთრებული მტკიცებულებები არც არის საჭირო. ის, რაც პუტინმა მოიტანა, არის მასობრივი ცნობიერების მკვეთრი არქაიზაცია, პოლიტიკური თუ სოციალური კულტურის სწორედ იმ ფენების აღზევება, რომლებიც დიდი ხნის წინ, დაახლოებით გვიან სტალინურ და ბრეჟნევის ხანაში ჩამოყალიბდნენ“.

სერგეი მედვედევის თქმითაც, პუტინი მოიქცა, როგორც კარგი გუთნისდედა, რომელიც ღრმად ჩავიდა და შეეხო საზოგადოებრივი ცნობიერების საკმაოდ ქვედა შრეებს, ამოიტანა მთელი არქაიზმი და ახლებურად ჩამოაყალიბა რუსული ეროვნული იდეა: "ომი", „რუსეთი - ეს ომია“, „რუსეთს სჭირდება ომი“. პუტინმა ეს იდეა ზედაპირზე ამოიტანა და შემოსა „უკრაინული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ დღევანდელ ფორმაში.

„რუსეთი 30 წელი ეძებდა ეროვნულ იდეას და ბოლოს, 2022 წელს, იპოვა!“, - აბმობს სერგეი მედვედევი, თუმცა უნდა ითქვას, რომ „ახალი იდეის“ ძებნის ეს წლები სულაც არ ყოფილა მშვიდობიანი. ლევ გუდკოვის თქმით, პოსტსაბჭოთა რუსეთის არსებობის 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რუსეთი 23 წელი სულ ვიღაცასთან ომობდა - ორი ომი ჩეჩნეთში, ომი სირიაში, ომი საქართველოსთან, ფარული ომი დონბასში.

„არაფერს ვამბობ დასავლეთთან სიტყვიერ ომზე, რომელიც ჩამოყალიბდა მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის გამოსვლაში, 2007 წლის სახელმწიფო დოქტრინაში, - ამბობს ლევ გუდკოვი, - ცნობიერების მზარდი მილიტარიზაცია, როგორც მოსახლეობის იდეოლოგიური დამუშავების ნაწილი, იწყება დაახლოებით 2003-2004 წლებში. ამას დავუმატოთ სპეცსამსახურების ღია და ფარული რეკლამა უსასრულო ტელესერიალებში... სპეცსამსახურების, პოლიტიკური პოლიციის, მთავარი რეპრესიული ინსტიტუტის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობდა სტალინის რეაბილიტაცია“.

ვლადიმირ პუტინი და გერმანიის ექს-კანცლერი, ანგელა მერკელი მიუნხენის კონფერენციაზე 2007 წ. 10 თებერვალი

რა ვუწოდოთ იმას, რაც ახლა რუსეთში ხდება? სერგეი მედვედევი იხსენებს ამერიკელი ისტორიკოსის ტიმოთი სნაიდერის მიერ პუტინის რუსეთის აღსაწერად შემოღებულ ტერმინს შიზოფაშიზმს - როდესაც შენ ეძებ ფაშიზმს სხვებში, მაშინ, როცა თვითონ ფაშისტი ხარ.

ლევ გუდკოვის თქმით, დღევანდელ რუსეთთან მიმართებით, გარკვეული გაგებით, შესაძლებელია ტერმინ „ფაშიზმის“ გამოყენება, რადგან ფაშიზმსა და ამჟამინდელ პუტინიზმს შორის ბევრი მნიშვნელოვანი პარალელების გავლება შეიძლება: ძალის კულტი, ჯარის კულტი, არქაიკის კულტი, დაბრუნება წარმოსახვით საწყისებთან, მკვდრების კულტი და ა.შ.

„რა თქმა უნდა, ყოველივე ეს არის, მაგრამ ბევრად თამამად და ყოყმანის გარეშე შეგვიძლია ვუწოდოთ ამას დაბრუნებელი ტოტალიტარიზმი, - ამბობს ლევ გუდკოვი, - „ტოტალიტარიზმი“ უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე „ფაშიზმი“, ეს არის, სახელმწიფო კონტროლის გაფართოება იმ სფეროებზე, რომლებიც ადრე მის კომპეტენციაში არ შედიოდა. ეს არის მასობრივი ცნობიერების ძალადობრივი ტოტალიტარიზაცია“.

რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრიდან გამოსვლა? საუბარია ფაქტობრივად, საუკუნოვან სოციალურ წარმოდგენებზე, რომლებიც მექანიკურად არ შეიცვლება.

„დავუშვათ, ომი დამთავრდა, ეს რეჟიმი წავიდა: რამდენად სწრაფად და რამდენად ძირეულად შეიძლება შეიცვალოს იდეებისა და წარმოდგენების ეს ნაკრები?“ - კითხულობს სერგეი მედვედევი.

ჰიტლერი, სტალინი, პუტინი - კოლაჟი კიევის ქუჩებში. რუსეთში ასეთი ტრანსფარანატის გამოფენა ისჯება სს კოდექსით

„სწრაფად არ გამოვა. პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ელიტების მდგომარეობაზე. არ ვგულისხმობ მმართველ ელიტებს, არამედ ინტელექტუალურს, მორალურს. ჩვენ გვჭირდება ისეთი ელიტის გაჩენა, რომელსაც შეუძლია ამ სიტუაციის რაციონალიზაცია, საკუთარი თავისთვის დიაგნოზის დასმა და მტკივნეული წერტილების პოვნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წარსულის განჯადოების თუ გამოლოცვის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ, რა (როგორი) რეჟიმია ის, რომელშიც ვცხოვრობთ“, - ამბობს ლევ გუდკოვი, რომლის თქმითაც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ბევრად უფრო რთული იქნება სოციალური დიფერენციაციის პროცესები თავად საზოგადოებაში:

„ჩვენ ჯერ ისევ ვხედავთ საზოგადოების უძლიერეს ცენტრალიზაციას და ყველა განსხვავებულობის წაშლის მცდელობას: ფედერალიზმისას, ადგილობრივი მმართველობისას, ეროვნული თავისებურებებისას და ა.შ.“

სერგეი მედვედევის თქმით, ომის მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა ზოგადად ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ადამიანიდან ომის გამოყვანა და სწორედ ამაშია იმ ტრანსფორმაციის პრობლემაც, რომელის გავლა რუსეთს აუცილებლად მოუწევს.