მას შემდეგ, რაც პირველი აგვისტოდან დასრულდა უკრაინიდან ლტოლვილი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, უკრაინელ ლტოლვილებს მოხალისეები ეხმარებიან, თანხას აგროვებენ და ასე ცდილობენ უზრუნველყონ ისინი საკვებითა და თავშესაფრით. 300 ლარიანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ლტოლვილებს დაჰპირდა, ჯერჯერობით, არ აუღიათ. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლოდან უნდა ამოქმედდეს. როგორ ცხოვრობენ, რა ენატრებათ და რას აპირებენ უკრაინელები, რომლებმაც თავი საქართველოს შეაფარეს.
ლტოლვილად ქცეულთა ხმა
Your browser doesn’t support HTML5
მუხათგვერდის სასაფლაოსთან არ მისული, ხელმარჯვნივ, ასი ათასი მოწამის ქუჩაზე, ორსართულიანი სასტუმრო დგას. ამ სასტუმროში 81 უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს. მათგან 27 ბავშვია. სასტუმროში ცხოვრობენ ისეთებიც, რომლებსაც სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია სჭირდებათ.