სანდრო კავსაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების კომიტეტის [სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინამორბედი] თავმჯდომარე იყო, როდესაც ქვეყნიდან განდევნილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მძევლად აიყვანეს.
1992 წლის ივლისში, მას შემდეგ რაც თბილისში გაიგეს, რომ გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულ ჯგუფებს წალენჯიხაში "მხედრიონელები" ალყაში ყავდათ მოქცეული, სანდრო კავსაძე სამეგრელოში ჩადის. 9 ივლისს, ე.წ. ზვიადისტებმა ის ჩხოროწყუდან გაიტაცეს და სამეგრელოდან აფხაზეთში გადაიყვანეს. კავსაძის გათავისუფლება 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ, 19 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 5 დღეში მოხერხდა. მანამდე, დევნილი პირველი პრეზიდენტის შეიარაღებულმა მომხრეებმა, მძევლად აიყვანეს სამეგრელოში სანდრო კავსაძის გამოსახსნელად ჩასული მაშინდელი შს მინისტრი, რომან გვენცაძე და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის მოადგილე უშიშროების საკითხებში, დავით სალარიძე. გადმოცემით, სამეგრელოდან ისინიც აფხაზეთში გადაიყვანეს; თუმცა მათი გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდა.
სანდრო კავსაძის ბიოგრაფიიდან: მილიციის გენერალ-მაიორი; საქართველოს შსს მინისტრის მოადგილე (1976-1982); საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991); მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი (1992-1993); სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992); საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი (1992-1993), საქართველოს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში (1994); მუშაობდა გაეროში (2004 წლამდე); საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორის ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე (1992-1997).
არქიმანდრიტი ილია (კავსაძე) ბერად 2010 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღიკვეცა. ამჟამად მსახურობს სვეტიცხოვლის მამათა მონასტერში. ამბობს, რომ წარსულის ბრაზსა და წყენას გულში არ ინახავს და აღარც არავის ადანაშაულებს.