გენერალურმა პროკურატურამ 14 აგვისტოს თბილისში, ლილოს დასახლებაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინა ორ ადამიანს, რომელთაგან ერთი მოკლული ქალის 17 წლის შვილია, მეორე კი - მისი 19 წლის მეგობარი. გამოძიება მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, შვილმა დედას მათი სახლის სამზარეულოში დანით, განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები, შვილის მეგობარმა კი ქალი შებოჭა, პირზე პირსახოცი ააფარა და გაქცევის საშუალება არ მისცა. დანაშაული გამთენიისას, დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. გამოძიება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივზე საუბრობს.
"ნ.ხ.-ს მიაჩნდა, რომ ჟ.ხ.-ს ცხოვრების წესი არ შეესაბამებოდა კულტურულ, ტრადიციულ ნორმებს და ხელყოფდა მისი და მისი ოჯახის ღირსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე განიზრახა "ღირსების აღდგენა", - წერს სახელმწიფო ბრალდება.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მკვლელობის დღესვე დააკავეს. გარდაცვლილის შვილს, ნ.ხ.-ს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოკლულის შვილი დანაშაულს აღიარებს, მისი თანამზრახველი კი ადვოკატის თქმით, დუმილის უფლებას იყენებს.
ასევე ნახეთ უნდა გაჩნდეს თუ არა კანონში ტერმინი „ფემიციდი“ - უვადო პატიმრობა ფემიციდისთვის