რამდენიმე დამოუკიდებელი წყარო, მათ შორი რუსი სამხედრო კორესპონდენტი იური კოტენოკი, ადასტურებს კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" შტაბზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ იერიშს. შეტევა 15 აგვისტოს გამთენიისას მოხდა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის რაიონის ქალაქ პოპასნაიაში.
ტელეგრამის არხით გავრცელებულ ცნობაში რუსი ჟურნალისტის წერს, რომ საარტილერიო დარტყმა უკრაინულმა მხარემ განახორციელა HIMARS-ის კლასის ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარიდან, რომელიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ისგან მიიღეს.
საარტილერიო იერიშის შედეგად "ვაგნერელთა" ბაზა განადგურდა, იტყობინება რამდენიმე რუსული ტელეგრამის არხი, რომლებიც აშუქებენ ომს უკრაინაში, ასევე არხი (Reverse side of the medal), რომელიც აქვეყნებს ახალ ამბებს "ვაგნერის" რიგებში ახალ-ახალი დაქირავებულების მიღების შესაღებ.
ერთი კვირის წინ, კიდევ ერთმა რუსმა სამხედრო კორესპონდენტმა, სერგეი სრედამ, გამოაქვეყნა ფოტოები პოპასნაიაში მდებარე "ვაგნერის" ბაზიდან. სავარაუდოდ, უკრაინელმა სამხედროებმა მისი ადგილმდებარეობის შესახებ ამ ფოტოების წყალობით შეიტყვეს. მასზე აღბეჭდილი ლოკაცია იდენტურია იმ ადგილისა, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა დაბომბეს.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ბაზის დაბომბვის შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, სერგეი სრედამ, თავისი ტელეგრამის არხიდან აიღო მის მიერ "ვაგნერელთა" ბაზაზე გადაღებული დაქირავებული მებრძოლების ფოტო.
იმავდროულად, რამდენიმე ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ "ვაგნერელთა" ბაზის განადგურების შესახებ ისტორია გამოგონილი იყოს. ასე ფიქრობს კერძოდ Conflict Intelligence Team-ის ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი.
კრემლი კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში იყენებს. მის მფლობელად მიჩნეულია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი, პუტინის „პირად მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინი. ის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ცენტრალური როლი შეასრულა უკრაინაში ბოლოდროინდელ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის, ლუგანსკის ოლქის ქალაქების, ლისიჩანსკის და პოპასნაიას აღებაში და მძიმე დანაკარგი განიცადა.