დანიელის და ტატოს ომი 30 წლის შემდეგ - უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილთა შვილები

„ომი ყველგან დაგვეწია“, - მეუბნება მარია გერლიანი, 2022 წლის 3 ივნისს, უკრაინაში დაღუპული 24 წლის დანიელ გერლიანის მამიდა.

გერლიანების ოჯახი აფხაზეთიდანაა.

გელა გერლიანი, დანიელის მამა, აფხაზეთის ომის შემდეგ დასახლდა უკრაინაში. დაოჯახდა და 1998 წელს დანიელიც იქ დაიბადა.

მამამ შვილი უკანასკნელად მაისის ბოლოს ნახა. რამდენიმედღიანი შვებულებით 26 მაისს სახლში გამოუშვეს. 31 მაისს კი კვლავ ფრონტის წინა ხაზზე დაბრუნდა. 3 ივნისს დანიელი ზაპოროჟიესთან ბრძოლისას, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

მომავალი პროკურორი იყო. ომში, უნივერსიტეტის ბოლო, გამოსაშვები გამოცდის ჩაბარებისთანავე წავიდა. გელა გერლიანი იხსენებს იმ დღეს, როცა დანიელმა ექვს მეგობართან ერთად გადაწყვიტა ომში წასვლა. დღეს მათგან სამი აღარაა ცოცხალი:

გელა გერლიანი

„ვთხოვდი, გაჩერდი, დაგიძახებენ, წახვალ. უმცროსი ლეიტენანტის წოდება ჰქონდა. მაგრამ ასე მიპასუხა: მამა, სოხუმიდან გამოგვრეკეს, ახლა აქაც დაველოდოთ, როდის გაგვყრიან სახლიდან? არა! ან ჩემს მეგობრებს როგორ ჩავხედო თვალებშიო. ბოლო გამოცდა ჩააბარა, მოვიდა სახლში, დაიბანა, ტანსაცმელი გამოიცვალა და საჭმელიც არ უჭამია, ისე წავიდა“.

დანიელის მამა, ბიძები და მამიდები, სულ ექვსი დედმამიშვილი, ოჩამჩირის რაიონში, ახალდაბაში, ორსართულიან სახლში გაიზარდნენ.

„ჩემს ეზოში დაგდებული ქვა რომ დამანახო, იმასაც კი ვიცნობ, იმასაც კი მოვეფერები“, - მარია გერლიანი დღეს ემიგრანტია იტალიაში. დანიელის ხნისა იყო, როცა მშობლიური სახლი იძულებით დაატოვებინეს. ბავშვობის სახლისა თუ მისი კარ-მიდამოს ყველა კუთხე-კუნჭული ახსოვს:

მარია გერლიანი

„მდიდარი სოფელი იყო ახალდაბა, მარტო ჩვენ კი არა, ყველას, იმ 800-მდე ოჯახს, რომელიც ახალდაბაში ცხოვრობდა, ნაირ-ნაირი ხეხილით ჰქონდა სავსე ეზოები - მანდარინი, ფორთოხალი, გრეიფრუტი, ვაშლი, მსხალი, რას არ მოიკითხავდი. მშრომელი ხალხი ცხოვრობდა. ომშიც ყველა თავგანწირვით ჩაება, სულ რჩეული ახალგაზრდები. ახალდაბა ერთ-ერთი ის ბოლო ბასტიონი იყო, რომელიც ომის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, განსაკუთრებული სისასტიკით აიღეს. ჩვენი ოჯახი ბოლო დღემდე დარჩა ოჩამჩირეში. არც გვიფიქრია სახლ-კარის დატოვება, ერთ-ერთი ძმა მძიმედ დაიჭრა ბრძოლაში, სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დანიელის მამას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ამიტომ ის საბრძოლო მოქმედებებში ვერ ჩაერთო“, - ჰყვება მარია.

1993 წლის 16 სექტემბერს, როცა ახალდაბაზე შეტევა დაიწყო, მარია სახლში არ იყო. იმ ღამით, მეზობელი ქალი ავად გახდა და მარია მას გაჰყვა გულრიფშის რაიონის საავადმყოფოში. მეორე დილით, უკან მობრუნებულმა, ახალდაბამდე ვეღარ მიაღწია, კოდორის ხიდთან დარჩა.

სამი დღის განმავლობაში, გულრიფშის რაიონში, სოფელ დრანდაში, დეიდის სახლში, ჭიშკართან ელოდებოდა თავისიანებს - მშობლებსა და ძმებს, რომლების შესახებაც არაფერი იცოდა:

„სკამეიკაზე“ ვიჯექი სამი დღე გაუნძრევლად, ჭიშკართან, არც მიჭამია, არც მიძინია. დეიდაშვილმა ვეღარ გაუძლო ჩემს ამ მდგომარეობას და ზღვით შეიპარა ახალდაბაში. მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად დაბრუნდა. ვერასდროს დავივიწყებ იმ კადრებს, შორიდან რომ დავინახე ჩემები. დედა ცალკე გამოვიდა, თანასოფლელებთან ერთად ჯერ არხს დაუყვნენ და მერე გემით გადმოიყვანეს. დედა სულ იხსენებდა, პურებს ვაცხობდი, ტყვია რომ შემომივარდა სახლშიო“...

დრანდაში, ცხრასართულიანი კორპუსის სახურავზე იდგა 24 წლის მარია და იქიდან უყურებდა, როგორ იწვოდა ახალდაბა, სახლი, სადაც ბედნიერი ბავშვობა გაატარა:

მარია გერლიანი უფროს დასთან, ტალინასთან ერთად სახლის ეზოში

„ნაცარტუტად აქციეს იქაურობა. ძლიერი დასახლება იყო ახალდაბა, რისი წაღებაც მოახერხეს, წაიღეს, რაც არა და ცეცხლი წაუკიდეს. სასტიკად აწამეს ხალხი. სახლის სარდაფებში დამალულები, მათ შორის, ქალები და ბავშვები იპოვეს და სასტიკად გაუსწორდნენ. მშობლებს იმის საშუალებას არ აძლევდნენ, რომ ქუჩებში ნაწამები, დახვრეტილი შვილებისთვის მიწა მაინც მიეყარათ. მე რომ იმ ღამით გულრიფშის საავადმყოფოში არ გავყოლოდი მეზობელს, არავინ იცის, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა“.

გერლიანებმა აფხაზეთი 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, კოდორის ხეობის გავლით, ათასობით ადამიანთან ერთად დატოვეს:

„ის სახლი, რომელიც ახალდაბაში იდგა, დანიელის მამის იყო. ჩემს ძმას უნდა ეცხოვრა იმ სახლში თავის ოჯახთან, თავის შვილებთან, თავის დანიელთან ერთად... მართალია საქართველოში ხშირი სტუმრობა არ ჰქონდათ, მაგრამ, დანიელმაც და მისმა ძმამაც კარგად იცოდნენ, სად იყო მათი ფესვები“…

ერთხელაც არ დასცდენია, სად იბრძოდა, რა საფრთხის წინაშე იყო, არადა, როცა ველაპარაკებოდი ვიდეო-ზარით, სახეზე ვატყობდი, რომ უკვე ნანახი ჰქონდა ომის მთელი უბედურებაო - მეუბნება დანიელის მამა.

დანიელ გერლიანი

„თვალი უციმციმებდა. ის კი მიმტკიცებდა, არაფერია სანერვიულო, ჩვენ უსაფრთხოდ ვართ, ბუჩაში ვიყავით ორჯერ და ალბათ ამან იმოქმედაო. არადა, თურმე, ერთთვიანი მომზადების შემდეგ, ბიჭები უკვე წინა ხაზზე იბრძოდნენ. ბოლოს პირველ ივნისს ველაპარაკე. მითხრა, სავარაუდოდ, ორი დღე ხაზზე არ ვიქნები და არ ინერვიულოო. 3 ივნისს დაიღუპა“.

დანიელი გერლიანი კიევშია დაკრძალული.

„ამ ომში ის ორ სამშობლოს იცავდა“ - სოხუმელი დედის „აზოვსტალელი“ გმირი

უკრაინის ომში, რუსეთის არმიასთან ბრძოლას ემსხვერპლა აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის კიდევ ერთი შვილი, 27 წლის ტელმან (ტატო) ბიგვავა.

ტატო უკრაინის საზღვაო ქვეითთა და ჯარისკაცთა პოლკ „აზოვის“ მებრძოლი იყო. ის 8 მაისს, მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნის დაბომბვისას დაიღუპა.

„ჯერ არ მოვმკვდარვარ... ხომ ხედავთ, ვიბრძვი, ვიბრძვი, კვლავ ვიბრძვი და არ გნებდებით და ამ ბრძოლაში ამომდის სული“... „აზოვსტალში“ დაღუპულმა 27 წლის ტატო ბიგვავამ, ედმონ როსტანის პიესის „სირანო დე ბერჟერაკის“ ეს ნაწყვეტი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, სიკვდილამდე ორი დღით ადრე, 6 მაისს გამოაქვეყნა. ანუკიმ, უფროსმა დამ, მაშინვე მისწერა ტატოს:

- შენი პოსტი რას ნიშნავს?

- ეს ჩემი საყვარელი პიესაა.

- მაგარია. და რას ნიშნავს?

- ეს მისი (სირანოს) რეპლიკაა პიესაში.

- ახლა რამ გაგახსენა?

- მერე შეიძლება ინტერნეტი გაითიშოს.

- რამისთვის ხომ არ გვამზადებ, ყველაფერი კარგადაა?

- ყველაფერი კარგადაა.

- გული გამისკდა.

- გამაგრდი.

- ცოცხალი დაბრუნდი და ჩვენ კარგად ვიქნებით. მთავარია შენ გამაგრდი.

- კარგი.

ნანა მამარდაშვილი, ტატოს დედა, სოხუმელია. უფრო ზუსტად, სოხუმის რაიონის სოფელ ზემო კელასურიდანაა.1992 წლის ზაფხულის მიწურულს, ომი რომ დაიწყო, 24 წლის ნანა ტატოს უფროს დაზე, ანაზე იყო ორსულად. ტატოს მამა, ბადრი ბიგვავა კი უკრაინაში, სამსახურებრივ საქმეზე იმყოფებოდა:

ნანა მამარდაშვილი

„მე სოხუმში ნარკოლოგიურ დისპანსერში ვმუშაობდი. ჩემი ქმარი უკრაინაში იყო და ამიტომ დროებით ჩემებთან, დედასთან და ძმებთან ვცხოვრობდი. მშობიარობასაც სოხუმში ვაპირებდი. სამედიცინო ტექნიკუმი დავამთავრე, ჩემი პედაგოგები გინეკოლოგები იყვნენ და ვფიქრობდი, რომ იქ ვიმშობიარებდი. თუმცა, 1992 წლის 7 ოქტომბერს, მდგომარეობა ისე გართულდა, რომ ჩემი ერთ-ერთი ძმა, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში, სახლში მოვიდა და გვითხრა, გაგრაში დესანტი ჩამოსხეს, შესაძლოა, აქაურობაც დაიბომბოს და ამიტომ ჯობია, თბილისში გადაფრინდეო“.

ნანა ძმამ სოხუმის აეროპორტში მანქანით მიიყვანა, თუმცა, ქალმა თბილისისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდომა დამოუკიდებლად ვერ მოახერხა:

„ისეთი ამბავი იყო, ისეთი პანიკა, ვერაფრით შევძელი თვითმფრინავში ასვლა. უკან გამოვბრუნდი. ჩემმა ძმამ სოხუმში დარჩენის უფლება არ მომცა და მან და მისმა მეგობრებმა, ტრაპიდან ამიყვანეს, ფაქტობრივად, ამწიეს და ისე მოვხვდი თვითმფრინავში“.

თბილისში ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში, 8 ოქტომბრის ღამეს, ტატოს და, ანა დაიბადა.

ნანას ოჯახის წევრებმა, დედამ, ბებიამ და ძმებმა, სოხუმი 1993 წლის სექტემბრის ბოლოს, ომის დასრულების შემდეგ, კოდორის ხეობის გავლით დატოვეს:

„როგორც ვიცი, ახლა ჩემი სოფელი, ჩემი ნასახლარი, სრულიად გაუდაბურებულია. გზაც აღარ არის, ტყედ იქცა ყველაფერი“, - ამბობს ნანა.

ნანა მამარდაშვილი, მეუღლესთან და 10 თვის ანასთან ერთად, უკრაინაში საცხოვრებლად 1993 წელს გადავიდა. 1995 წელს ტატო დაიბადა:

„საქართველოსთან კონტაქტი არასდროს გაგვიწყვიტავს. ძალიან ხშირად, თითქმის ყოველ წელს ჩამოვდიოდით თბილისში. ჩემს შვილს უკრაინის სიყვარულთან ერთად, გულში ყოველთვის ჰქონდა საქართველოს სიყვარული. ტატომ იცოდა, რომ მისი სამშობლო საქართველო იყო. ხშირად ვუყვებოდი საქართველოზე, ვუყვებოდი, როგორი იყო ჩვენი სახლი აფხაზეთში, რომ რუსმა ოკუპანტებმა გამოგვყარეს ჩვენი სახლიდან“.

2014 წლის ევრომაიდნის შემდეგ, როდესაც რუსეთი უკრაინაში პირველად შეიჭრა - ანექსიამ და მოსკოვის მიერ წაქეზებული და მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადებამ, 19 წლის ტატოს „აზოვში“ გაწევრიანება გადააწყვეტინა.

„მე მაშინ ჩემს ქალიშვილთან ერთად საქართველოში ვიყავი. ჩამოვიდა და გვითხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მე და ჩემს მეუღლეს ომი გამოვლილი გვქონდა და ვცდილობდით, აზრი შეეცვალა, სიმართლეს გეტყვით, არ გვინდოდა წასულიყო, მაგრამ თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო და აზრს არ შეიცვლიდა. ტატოს ნათლობის სახელი გიორგი იყო. გვითხრა, იქნებ ნიშანია ნათლობის სახელად გიორგი რომ დამარქვით, იქნებ მეც წმინდა გიორგივით ბოროტების დასამარცხებლად უნდა ვიბრძოლოო. მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდით. ომში ორი დროშით წავიდა, უკრაინისა და საქართველოს დროშებით. ამ ომში ის ორ სამშობლოს იცავდა“ - მიყვება ნანა მამარდაშვილი.

27 წლის ტატო უკვე კაპიტნის წოდებას ატარებდა. არასდროს უყვებოდა მშობლებს და დას, რა საფრთხის წინაშე იდგნენ ყოველდღიურად ის და მისი თანამებრძოლები:

ტატო ბიგვავა (მარცხნივ) საუკეთესო მეგობართან, რომასთან ერთად

„შვებულების დროს რომ ბრუნდებოდა სახლში, მხოლოდ ჯილდოები მოჰქონდა და იტყოდა, სანერვიულო არაფერია, ყველაფერი კარგად არისო. იცოდა, რომ განვიცდიდი ძალიან და რომ არ მენერვიულა, ამიტომ არც არაფერს გვიყვებოდა. ახლა, როცა 24 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მაშინვე ჩაერთო აქტიურ ბრძოლებში. სხვანაირად ვერც იქნებოდა. ორი სამშობლო ჰყავდა დასაცავი ოკუპანტისგან, ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად დაიღუპა. ეს აზრი მაძლებინებს“.

ტატოს ცხედარი დღემდე „აზოვსტალის“ ნანგრევებშია. მისი ამოყვანა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება:

„აზოვსტალიდან“ ტყვედ აყვანილი ბიჭები რომ გაცვალეს, ერთ-ერთთან ვიყავით მისულები. გვითხრა, რომ მათი ცხედრები, ვინც ნანგრევებში შედარებით ზევით იყო, ყველა ამოიყვანეს, ტატო, უფრო ღრმად იყო და ამიტომ მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს. როგორც ვიცი, დაბომბვის დროს, ჩემი ბიჭი ქარხნის პირველ სართულზე იმყოფებოდა. ტერიტორიის ნანგრევებისგან ბოლომდე გათავისუფლდება, ამ ეტაპამდე, ვერ მოხერხდა. ჩვენ, მშობლებს, დნმ-ს ანალიზები ჩაგვაბარებინეს, რომ ცხედრის ამოცნობაში დაეხმაროთ. რამდენიმე დღის წინაც დაგვიკავშირდნენ, პირობას გვაძლევენ, რომ არცერთი ცხედარი არ დარჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, ყველას გამოიყვანენ. მეც ყოველ დღე ველოდები ჩემს ბიჭს. ვცდილობ მაგრად ვიდგე, არ ვიტირო. არ უყვარდა ტირილი და გოდება. 2019 წელს, მისი საუკეთესო მეგობარი, რომა რომ დაიღუპა, გვთხოვა, არ იტიროთ, გმირი იყო და გმირებს ტირილი არ სჭირდებაო.ჩემი შვილიც გმირი იყო. მძიმედ იყო დაჭრილი ხელში, მის ევაკუაციაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ უარი უთქვამს, ვინც უფრო მძიმედ არის, ისინი გაიყვანეთო. რამდენიმე დღის წინ ჩემი ბიჭი მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს ომში გაწეული გმირობისთვის“.

ნანამ ჯერ არ იცის, კიევში დაკრძალავენ შვილს თუ საქართველოში ჩამოასვენებენ:

„აზოვის“ პოლკის დაღუპულ წევრებს კიევში, ერთ სასაფლაოზე ასაფლავებენ, იქ სპეციალური სკვერიც მოეწყობა და უნდათ, რომ ჩემი ტატოც იქ დაკრძალონ, თუმცა ჩვენ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინის „დენაციფიკაცია“, „დემილიტარიზაცია“ და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინაში 17 ქართველი დაიღუპა. მათ შორის ორი მებრძოლის, ტატოს და დანიელის ომი 30 წლის წინ, აფხაზეთში დაიწყო.

1992 წლის 14 აგვისტოს, დილის შვიდ საათზე დაწყებული სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ზუსტად 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, აფხაზეთის ომმა 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.