გორხანა - მე-17 საუკუნის სასაფლაო ბოტანიკურ ბაღში

ბოტანიკური ბაღის სიღრმეში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სასაფლაოა. პანთეონში, რომელიც კომუნისტურ ეპოქას გადაურჩა, გამოჩენილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეები არიან დაკრძალული, მათ შორის, აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის წევრები.

პანთეონი ამჯერად განახლებულია, მარმარილოს ქვებისა და დეკორატიული ბუჩქების დანახვაზე უცებ ვერ მიხვდები, რომ ძველ სასაფლაოს უყურებ. თუმცა, ვინც უფრო გულდასმით დაათვალიერებს, საფლავის ქვებზე შემორჩენილ არაბულ წარწერებსაც ნახავს.

2007 წელს ბრიტანული კომპანიის Chris Blandford Associates-ის დაკვეთით, ხელოვნებათმცოდნეებმა ბოტანიკური ბაღის ლანდშაფტის ეროვნული გეგმა შეადგინეს. აღწერეს ბაღის ტერიტორიაზე არსებული ძეგლები, მათ შორის სასაფლაო. მოამზადეს უძრავი კულტურული ძეგლის პასპორტიც, სადაც ვკითხულობთ, რომ სასაფლაოს ისტორია როსტომ მეფის პერიოდიდან იწყება.

1639 წელს თბილისში სეიდების სპარსული ტომის წარმომადგენლები ჩაასახლეს. სეიდებით დასახლებული ტერიტორია დღევანდელი აბანოთუბნიდან 300 არაგველის ობელისკამდე მონაკვეთს მოიცავდა და მას სეიდაბადი ეწოდებოდა. აქვე მოეწყო მათი სასაფლაოც, სპარსულად გორხანა, სადაც მოგვიანებით თბილისელ მუსლიმებს კრძალავდნენ, როგორც შიიტებს, ასევე სუნიტებსაც. სასაფლაომ 1920-იან წლებამდე თითქმის უცვლელად მოაღწია. მისი გაპარტახება უკვე საბჭოთა ეპოქიდან იწყება. 1950-იან წლებში ააფეთქეს სასაფლაოზე მდგარი პატარა მეჩეთიც.

ძველი სასაფლაო

ძველი სასაფლაო

1964-1965 წლებში მიტოვებული სასაფლაო ბოტანიკურ ბაღს გადაეცა. ამ დროისთვის აქ ჯერ კიდევ იყო 100-ზე მეტი საფლავი. ვისაც შთამომავალი ცოცხალი ჰყავდა, მიცვალებულების სხვა ადგილას გადასვენება დაიწყეს. დანარჩენი სამარხები, ისევე როგორც მათზე აღმართული მემორიალები, ნელ-ნელა განადგურდა. ის საფლავები, რომლებიც დღემდე შემორჩა, აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკუთვნით.

პანთეონი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პერიოდის ისტორიისთვის. ეს ცხადყოფს, თუ რა როლს ასრულებდა მაშინ თბილისი ამიერკავკასიაში. აქ მოღვაწეობდა დამოუკიდებელი აზერბაიჯანის მთავრობა, აზერბაიჯანელი პოეტები, დრამატურგები...“ - ამბობს ხელოვნებათმცოდნე მაკა ბულია.

პანთეონს საბოლოო სახე 2010 წელს მიეცა. ამ საქმეში ბოტანიკურ ბაღს აზერბაიჯანის საელჩოც დაეხმარა. პანთეონში ხშირად მიდიან დელეგაციები აზერბაიჯანიდან. რაც შეეხება ჩვეულებრივ დამთვალიერებლებს, მათ მიგნება ცოტა უჭირთ, რადგან პანთეონი ბოტანიკური ბაღის სიღრმეშია.

„მაჩვენებლები გვაქვს დაყენებული, სალაროში რუკებია, შემოსასვლელში დაფაზეც არის რუკა. აზერბაიჯანელებმა იციან, რომ აქ არის პანთეონი და ხშირად მოდიან. დაცვასაც ეკითხებიან ხოლმე, რომ მიასწავლონ“, - ამბობს თინათინ ბარბლიშვილი, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე.

დღეს ბოტანიკურ ბაღში სულ 11 საფლავია დარჩენილი. ერთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება დანარჩენებს, პანთეონში დაკრძალულნი არიან:

ფათალი ხან ხოისკი (1875-1920) - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი. სწორედ მას ჩააბარა აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ მთავრობის ფორმირება1918 წელს, მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა და 28 მაისს აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ თბილისში დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ფათალი ხან ხოისკი

ჰასან ბეი აღაევი (1875- 1920) - აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მილი მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარის მოადგილე.

როგორც ფათალი ხან ხოისკი, ასევე ჰასან ბეი აღაევიც სომხური პოლიტიკური ორგანიზაციის „დაშნაკცუტიუნის“ წევრებმა მოკლეს თბილისში.

აი, რას წერს 1920 წლის 22 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკა“ ამ შემთხვევაზე:

დღეს ღამის 11 საათზე ბოროტგამზრახველებმა ფეოდესიის ქუჩაზე რევოლვერით მძიმეთ დასჭრეს ადერბეიჯანის ყოფილი მინისტრი ხან-ხოელი. გამოძიება სწარმოებს. მიღებულია ზომები ბოროტგანმზრახველების აღმოსაჩენათ... დაახლოებით 12 საათზე შაბათს ხან-ხოელი მიიყვანეს მიხეილის საავათმყოფოში. ის არ მოსულა გონებაზე და გარდაიცვალა 20 ივნისს დილის 4 საათზე. გამოასვენეს დილით 11 საათზე 21 ივნისს. გარდაცვალებული მაჰმადიანთა სასაფლაოზე დაასაფლავეს.“

მირზა შაფი ვაზეჰი (1794-1852) - პოეტი, მოაზროვნე და პედაგოგი. მირზა შაფმა თბილისში დააარსა ლიტერატურულ-ფილოსოფიური წრე, რომელსაც სიბრძნის სკოლას ეძახდნენ.

მირზა შაფი ვაზეჰის საფლავი

მირზა ფათალი ახუნდზადე (ახუნდოვი, 1812-1878) - ვაზეჰის მოწაფე, ცნობილი მწერალი და განმანათლებელი, ფილოსოფოსი, აზერბაიჯანული დრამატურგიის ფუძემდებელი. თბილისში ცხოვრობდა 22 წლის ასაკიდან.

ლიტერატურის კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე წერს, რომ მთელი თავისი ცხოვრება მირზა შაფმა და მირზა ფათალ ახუნდზადემ დესპოტიზმისა და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაატარეს. მათი ნაწარმოებები უამრავ ენაზეა თარგმნილი.

მირზა შაფის „სულიერი მემკვიდრე“ იყო 1906 წელს თბილისში დაარსებული აზერბაიჯანული ჟურნალი „მოლა ნასრედინი“, რომელიც საზოგადოების ჩამორჩენილობას აშარჟებდა.

რასაც საუკუნეების მანძილზე ყველა მშვიდად იტანდა. რასაც დიდი-დიდი ჩვენი ბოდენშტედტის მირზა შაფისნაირი ბრძენკაცნი თუ აკრიტიკებდნენ მსუბუქად, მაგრამ რის გამოტანასაც დღის სინათლეზე ვერავინ ბედავდა... იმას შეუტიამოლა ნასრედინმასიტყვით თუ ნახატით. თანაც ისე მძლავრად და ისე ბრწყინვალედ, რომ ერთნი სიცილით იჭაჭებიან, მეორენი კი გაცოფებულნი გესლს ანთხევენ“, - წერდა გერმანელი მწერალი არტურ ლაისტი.

მირზა ფათალი ახუნდზადის საფლავი

რაც შეეხება მირზა ფათალი ახუნდზადეს, ისლამის დოგმების კრიტიკის გამო, მაშინდელი სასულიერო პირები წინააღმდეგიც კი იყვნენ, ის მუსლიმთა სასაფლაოზე დაკრძალულიყო. ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც საქმეში გრიგოლ ორბელიანი ჩაერია.

მირზა ფათალთან ერთად პანთეონში დაკრძალული არიან მისი მეუღლე თუბუ ახუნდზადე, მათი ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები. მისი მონუმენტის ბიუსტი 1985 წელს მოქანდაკე კონსტანტინე მერაბიშვილმა დაამზადა.