სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება

საბორნე მარშრუტი

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი სტრუქტურაა, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაჰან ქერობიანის განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას საქართველო-რუსეთს შორის შავ ზღავზე საბორნე გადაზიდვების დაწყების შესაძლო თარიღის, ტვირთბრუნვის მასშტაბის და სხვა დეტალების შესახებ.

სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ რამდენიმე დღეში, რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში მხოლოდ ისაა განმარტებული, რომ საქართველოს სატრანზიტო კორიდორის გადატვირთულობის გამო, სომხეთს მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვისას შეფერხება ექმნება. ამიტომ „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს“.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს, რასაც საერთაშორისო კონვენცია ითვალისწინებს.

განცხადებიდან არ იკითხება, მაგრამ, სავარაუდოდ, ამავე კონვენციას დაეყრდნობა საქართველო რუსეთ-საქართველოს პორტებს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედებისას, რომლითაც სომხეთი ისარგებლებს. განცხადება არ შეიცავს პასუხს იმაზე, ისარგებლებს თუ არა საბორნე გადასასვლელით საქართველოც ან სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყანა.

„სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს საკითხის კომენტირებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება. მისი სიტყვებით, ახლა შეთანხმებაზე საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს და გრაფიკი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს

სომხეთისთვის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო სახმელეთო გზის ალტერნატიულ მარშრუტს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე საქართველოს სახმელეთო მარშრუტზე გაზრდილი დატვირთვის გამო.

სამინისტროსგან პასუხად, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს "ფეისბუკის" გვერდზე განთავსებული განცხადება მივიღეთ.