„მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, როგორ იცვლება ერთ დღეში ცხოვრება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე. ომამდე ყველაფერი წესრიგში გვქონდა. ომის შემდეგ კი აღარაფერი გაგვაჩნდა. აღარც სახლი გვქონდა, აღარც ხალისი ცხოვრების გაგრძელების და აღარც იმედი“, - შოთა ხარიბეგაშვილს ძალიან უჭირს 14 წლის წინანდელი ამბების გახსენება. პაუზებით საუბრობს, თითოეულ სიტყვას უფიქრდება. ხმა პერიოდულად უკანკალებს.
Your browser doesn’t support HTML5
14 წლის წინ
12 აგვისტო იყო. რუსეთის 58-ე არმიის შენაერთები და დაქირავებული მებრძოლები უკვე გორისკენ მიიწევდნენ. მანამდე ქალაქს კასეტური ბომბები დაუშინეს. გზად სოფლებს ძარცვავდნენ, სახლებს წვავდნენ და მოსახლეობას ატყვევებდნენ. ჯერ იყო ერგნეთი. იქ სახლების 90 პროცენტი გადაწვეს, შემდეგ ტირძნისი, ტყვიავი, ქიწნისი... კარალეთთან შეჩერდნენ და სოფლის დარბევა დაიწყეს. გორამდე 5 კილომეტრი იყო დარჩენილი. კარალეთში, საკუთარ ორსართულიან სახლში გურამ ხარიბეგაშვილი დაუპატიჟებელი სტუმრების მისაღებად ემზადებოდა, ფიქრობდა, საბჭოთა არმიაში გატარებულ წლებზე მოუყვებოდა რუსულად. ღვინოს და არაყსაც შესთავაზებდა და იქნებ ასე გადაერჩინა წლობით შეკოწიწებული საკუთარი ქონება და სახლი.
3 დღით ადრე
9 აგვისტოს გურამ ხარიბეგაშვილის დაბადების დღე იყო - 60 წლის გახდა. იმ დღეს რუსეთის ავიაციამ გორი დაბომბა. ტელევიზიები და რადიო მსხვერპლის შესახებ იუწყებოდნენ. გურამის მრავალრიცხოვანი ოჯახი დილიდან შეიკრიბა, მაგრამ დაბადების დღე აღარავის ახსოვდა. ოჯახში საუბარი სახლის დროებით დატოვებასა და უსაფრთხო ადგილზე წასვლაზე ჩამოვარდა. გურამს ეს აზრი არ მოეწონა. რუსები არაფერს დაგვიშავებენო, ამბობდა. იკამათეს. შოთასთან ყველაზე მეტხანს იკამათა. შვილი მამას უმტკიცებდა, რომ რუსული არმია გზად არავის ინდობდა და არც მათ დაადგებოდათ კარგი დღე, თუ სახლში დარჩებოდნენ.
„მამაჩემს ყოველთვის სიმპატიები გააჩნდა რუსების მიმართ. კომუნისტური მმართველობის პერიოდში ასე სჯეროდათ, რომ ყველაზე ჰუმანურ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, არ უჭირდათ სოციალურად და ვერც იმ საფრთხეებს გრძნობდნენ, რაშიც ამდენი წელი ცხოვრობდნენ. ვერ წარმოიდგენდა მამა, რომ რუსეთს ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის გაეკეთებინა. ოჯახის წევრებს არ გვიჯერებდა, რომ საფრთხე ძალიან ახლოს იყო“, - იხსენებს შოთა ხარიბეგაშვილი.
რუსეთზე საერთოდ აღარაფერი უთქვამს
კამათის შემდეგ გურამი ვაშლის ბაღში განმარტოვდა. იქ აუფეთქებელი, მიწაში ჩარჭობილი ჭურვი იპოვა. სახლში სწრაფად დაბრუნდა. ეზოში შესულმა, ხმამაღლა დაიყვირა - აბა, ყველანი სასწრაფოდ მანქანაშიო. ხარიბეგაშვილები სოფლიდან გაიხიზნენ, მაგრამ გურამი ორ დღეში, 11 აგვისტოს ისევ კარალეთში, საკუთარ სახლში მარტო დაბრუნდა - 60 წლის კაცს რას მიზამენო.
მამა მათ შემოსვლას, ეზოსკენ გამავალი მეორე სართულის აივნიდან უყურებდა. მიხვდა, რომ გადარჩენის შანსი ნაკლები ჰქონდა, აღარც დალაპარაკების დრო იყო, რადგან სახლს უკვე ცეცხლი ეკიდა, ბაღის მხარეს გამავალი, მეორე სართულის ფანჯარა სწრაფად გამოაღო და იქიდან გადახტა. ძაღლი, რომელიც მისი გაზრდილი იყო, სახლში დარჩა და სახლთან ერთად დაიწვა“. „როცა რაღაცას აგროვებ შენი შთამომავლობისთვის, იმედი გაქვს, რომ რაღაცას გააკეთებ და გაგიკეთებია და შემდეგ აღმოაჩენ, რომ … ძალიან რთულია ეს ყველაფერი. რუსეთზე საერთოდ აღარაფერი უთქვამს. ჩვენ არ ვაჩვენებდით მამას, რომ ეს ყველაფერი ძალიან დაგვაკლდა, ვამხნევებდით, ვცდილობდით, რომ დარდი ცოტა შეგვემსუბუქებინა. ჩემი აზრით, რამაც მამის გარდაცვალება გამოიწვია, ის იყო, რომ მას იმედი აღარ ჰქონდა”, - ამბობს შოთა.
მასაც დიდი ხნის განმავლობაში იმედი ჰქონდა გადაწურული, ახლაც არ ჰგონია, რომ ვინმე მამისეული სახლის აღდგენაში დაეხმარება. ფიქრობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ეს წარუშლელი ნაკვალევი მის ეზოში კიდევ დიდხანს დარჩება.
ომის შემდეგ
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ხარიბეგაშვილების ოჯახში ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად ჩადიოდნენ. თითქოს ზარალს ითვლიდნენ. მერე ეზოში პატარა კოტეჯი ჩაუდგეს, მაგრამ აბაზანის ტოლ კოტეჯში 7 სულს უნდა ეცხოვრა. კომპენსაციად ოჯახს 10 ათასი დოლარიც მისცეს, მაგრამ ეს თანხა უქონებო ხარიბეგაშვილებს ერთი გამოზამთრება ეყოთ.
ხელისუფლების აქტიურობა მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა. ამის შემდეგ სახელმწიფომ ხარიბეგაშვილები მიივიწყა. სხვა, ომით დაზარალებულების მსგავსად შოთას ოჯახის საქმეს ახლა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო განიხილავს. პროცესის მოგების იმედი აქვს, მაგრამ რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის, არა.
შოთას რუსეთ-უკრაინის ომის კადრები არ უნახავს. ვერ უყურებს. იცის, რასაც აკეთებს რუსეთის არმია უკრაინის მიწაზე.
„რუსები ებრძვიან კაცობრიობას, სიცოცხლეს და საკუთარ თავს. დანარჩენ სამყაროს სჭირდება გაერთიანება, მინიმუმ იმისთვის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. აქ არ ვსაუბრობ მის დამარცხებაზე, იმიტომ რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია მორალურად. ცოტა ხანში რუსი ხალხიც მიხვდება, რომ დამარცხებულია. ისტორიაში რუსეთი დარჩება არა როგორც დამპყრობელი, არამედ გამანადგურებელი. ბოროტებასაც უნდა გააჩნდეს მორალი, რაღაცა მიზანი, რისთვისაც შეიძლება ამას აკეთებდეს, მაგრამ რუსეთი დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობისთვის იბრძვის და კაცობრიობამ ეს უნდა შეაჩეროს“.
ხარიბეგაშვილების ეზოში ნახანძრალი სახლის კედლები 14 წელია ომის წარუშლელ ნაკვალევს ინახავს, რომელიც, როგორც ჩანს, იქ კიდევ დიდხანს დარჩება.