ოზურგეთში ქალის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს - ის წარსულშიც არაერთხელ იყო ნასამართლევი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული და წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი, რომელსაც გამოძიება ყოფილი ცოლის მოკვლას ედავება. 37 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა 12 აგვისტოს, ბასრი საგნის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა ქალი სამ შვილთან ერთად მარტო ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში. ძალადობის შემთხვევას, სავარაუდოდ, შეესწრო 4 წლის ბავშვი.

სავარაუდო დამნაშავისთვის პოლიციას, ყოფილ ცოლზე ძალადობის გამო, გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერიც - რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაზუსტებას, სულ რამდენი ორდერი იყო გამოწერილი და როდის იყო გამოცემული უახლესი.

პოლიციის ცნობით, ბრალდებულს დაკავებისას თან ჰქონდა დანაშაულის იარაღი. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.