რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა შესაძლოა რამდენიმე დღეში დაიწყოს

საბორნე მარშრუტი

რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა.

„ახლა საბოლოო სამუშაოებს ვატარებთ, გრაფიკი უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება“, - განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ქერობიანმა მომსახურების ხელმისაწვდომობის თარიღის შესახებ ბოლოს თვეებში რამდენჯერმე ისაუბრა, თუმცა საბორნე გადაზიდვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

მინისტრმა 5 მაისის მთავრობის სხდომაზე საბორნე გადაზიდვების ამოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისი დაასახელა. საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ "კავკაზის" მიმართულებაზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.

დღეს, 12 აგვისტოს კი სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო ახალი სირთულეები წარმოიშვა.

„მოდით, ერთი-ორი დღე მოვიცადოთ, დავიცადოთ რამდენიმე დღე და მე დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება... დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს“, - დასძინა ვაჰან ქერობიანმა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო კორიდორის დატვირთვა. მესაზღვრეები, 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, ვერ აუდიან სატვირთო ნაკადების მართვას, რის გამოც გადამზიდავებს ხანგრძლივ რიგში დგომა უწევთ.

ამასთან "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია. საბორნე გადაზიდვა კი ამ მარშრუტის ალტერნატივაა.

რუსული პორტი “კავკაზი”, შავ ზღვაში ქერჩის სრუტეში მდებარეობს.

განახლება: საზღავო ტრანსპორტის სააგენტომ, ამ საკითხზე 12 აგვისტოს საღამოს ფეისბუკის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

ასევე ნახეთ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება