შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემილიტარიზებული ზონის შექმნას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.
"ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ბრძოლა საშიში და უპასუხისმგებლოა. და ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ან მის მახლობლად, დაუბრუნოს მისი სრული კონტროლი უკრაინას და ასევე მხარი დაუჭიროს უკრაინის მოწოდებებს, ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
ამ ფონზე ნიუ-იორკში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელმისაწვდომობა, რათა სააგენტოს ექსპერტებმა შეძლონ რისკების შეფასება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დღეს, 11 აგვისტოს, მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს.
გაერო იმედოვნებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სადგურზე წვდომის საშუალება მიეცემათ.