მინუს 500 ათასი წელიწადში. რატომ მცირდება რუსეთის მოსახლეობა?

ორსული რუსი ქალები უყურებენ პუტინის ყოველწლიურ პრესკონფერენციას, 2007 წელი

2022 წლის იანვრიდან მაისამდე, რუსეთის მოსახლეობა 430 ათასი ადამიანით შემცირდა - ასეთია რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური როსსტატის მონაცემები. დაახლოებით ამდენი ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ისტორიულ ქალაქ ტულაში. 430 ათასი იმაზე უფრო დიდი ვარდნაა, ვიდრე გასული წლის პირველ ხუთ თვეში იყო. მთლიანობაში კი, 2021 წელს, როცა კოვიდი მძვინვარებდა, პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთს მოსახლეობის ბუნებრივი კლების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი (1 მლნ) ჰქონდა. სულ რუსეთის მოსახლეობა დაახლოებით 142,7 მილიონ ადამიანს ითვლის.

ბუნებრივი კლება (ან მატება) - ესაა სხვაობა წლის განმავლობაში დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის, რომელიც დემოგრაფიული სტატისტიკის ორი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია. მეორეა მიგრაციის ნაკადი - შემოდინება ან გადინება.

2022 წლის პირველ 5 თვეში რუსეთის მოსახლეობის რეკორდული შემცირება აიხსნება სწორედ მოსახლეობის მკვეთრი გადინებით. 430 ათასიდან ბუნებრივ კლებაზე მოდის 355 ათასი (რაც ოდნავ ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე), ხოლო 75 ათასი - მიგრანტების გადინებაზე (შარშან ამავე პერიოდში დაფიქსირდა შედინება 95 ათასი).

ტვერის ქუჩა, მოსკოვი

დემოგრაფი ალექსეი რაკშა ამბობს, რომ მომდევნო წლებში რუსეთის მოსახლეობა მნიშვნელოვანი ტემპით განაგრძობს შემცირებას, რადგან რუსეთის მთავრობა ნაკლებად ასტიმულირებს შობადობას და ეს კეთდება მორიგი „დემოგრაფიული ორმოს“ პირობებში, როდესაც რუსეთში ფერტილური (ნაყოფის მომცემი) ასაკის ქალების რაოდენობა იკლებს, თანამედროვე წყვილები კი შვილებს სულ უფრო გვიან და სულ უფრო იშვიათად აჩენენ.

ომი

ალექსეი რაკშა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები პირდაპირ არ უკავშირდება ომსა და მის შედეგებს, მეტიც, მისი თქმით, ოფიციალურ სტატისტიკაში სამხედრო დანაკარგების ან ქვეყნიდან მასობრივი ემიგრაციის დანახვა თითქმის შეუძლებელია.

„შეუძლებელია ომის შედეგების დანახვა ოფიციალურ სტატისტიკაში, - ამბობს რუსი დემოგრაფი, - ამ მონაცემების ნახვა შესაძლებელი იქნებოდა დეტალურ სტატისტიკაში, რომელიც გულისხმობს გარდაცვლილთა რაოდენობის განაწილებას ასაკის, სქესის და რეგიონების მიხედვით, მაგრამ როსსტატმა შეწყვიტა ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, თუმცა მარტის მონაცემებიდან უკვე ჩანდა, რომ სტატისტიკის სამსახური არ ითვალისწინებდა და არ ასახავდა ანგარიშებში ომში დაღუპულებს. შეიძლება ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. თუ მიმდინარე კალენდარულ წელს გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ინფორმაცია არ მოხვდება ოფიციალურ სტატისტიკაში მომავალი წლის აპრილამდე, მაშინ ეს გარდაცვალება საერთოდ არსად არ აისახება. რაც შეეხება დანაკარგების მასშტაბს. თუ, მაგალითისთვის, თვეში 2-3 ათასი იღუპება, სიკვდილიანობის საერთო რაოდენობის ფონზე, ეს რიცხვი, რომელიც ცდომილების ფარგლებს არ სცილდება, ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩება“.

11 რუსი ჯარისკაცის ცხედარი ხარკოვის მახლობლად სოფელ ოლხოვკაში, 2022 წლის 9 მაისი.

შედარებისთვის, 2022 წლის დასაწყისში რუსეთში ყოველთვიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 150-200 ათასამდე მერყეობდა. ალექსეი რაკშა განმარტავს, რომ ასაკის მიხედვით დეტალური გაშლის შემთხვევაში, ალბათ შესამჩნევი იქნებოდა ახალგაზრდების სიკვდილიანობის ზრდა, მაგრამ ახალგაზრდები ხანდაზმულებზე იმდენად ნაკლებად იხოცებიან, რომ საერთო სტატისტიკაში ეს ზრდა ძნელი შესამჩნევია:

„ომის გარეშეც რუსეთში ახალგაზრდების სიკვდილიანობა რამდენჯერმე აღემატება ამავე მაჩვენებელს განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ამის მიუხედავად რუსეთში ახალგაზრდების სიკვდილიანობა ათჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ხანდაზმულებისა, ასე რომ, საერთო ფონზე, როდესაც ასაკის მიხედვით სიკვდილიანობის სტატისტიკა არ ქვეყნდება, ახალგაზრდებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა პრაქტიკულად უხილავია. რომ ხდებოდეს გარდაცვლილთა ოპერატიული რეგისტრაცია ჩაწერის ადგილის მიხედვით (ბურიატია, დაღესტანი, ფსკოვი, კოსტრომის ოლქი და ა.შ.), შესაძლებელი იქნებოდა სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლების ზრდის დანახვა, მაგრამ ჩვენ ამასაც ვერ ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, უგზო-უკვლოდ დაკარგულებს არ მიიჩნევენ გარდაცვლილებად, რომ დაღუპულებს არ აღრიცხავენ, რადგან ისინი დაიღუპნენ საზღვარგარეთ, რუსეთის ტერიტორიის მიღმა. თითქოს ადამიანმა დატოვა რუსეთის ფედერაცია და საზღვარგარეთ გარდაიცვალა, მაგრამ თითქოს ამის შესახებ არაფერია ცნობილი. თუ [გარდაცვალების შესახებ] მონაცემები არ არსებობს, ეს პირი მომდევნო აღწერამდე ცოცხლად მიიჩნევა. დეტალური, განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაზარალებული რესპუბლიკების სტატისტიკის გარეშე, მხოლოდ მთელი რუსეთის ზოგადი სტატისტიკიდან, დანაკარგები არ ჩანს. დეტალურ მონაცემებს კი აღარ აქვეყნებენ და, ალბათ, არც გამოაქვეყნებენ“.

ალექსეი რაკშა ასევე მიუთითებს, რომ ოფიციალური სტატისტიკიდან შეუძლებელია ომის გამო (ან მოსალოდნელი მობილიზაციით) შეშინებული ადამიანების მასობრივი გადინების შესახებ ინფორმაციის მიღება. სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით სახელდება 200 ათასი ადამიანი:

ალექსეი რაკშა, დემოგრაფი

„თითქმის არცერთი მათგანი არ მოხსნილა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ასე რომ არ იყოს, აუცილებლად გამოჩნდებოდა მიგრაციული გადინების გრაფიკაზე, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ფაქტობრივად, საზღვარგარეთ საცხოვრებლად მიმავალთა 80-90% აღრიცხვიდან არ იხსნება, ამიტომაც უფრო სანდოა მასპინძელი (მიმღები) ქვეყნების სტატისტიკა, რომელიც დაახლოებით 5-6-ჯერ აღემატება რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს“.

შობადობა

რაკშა ამბობს, რომ არ ელოდა რუსეთში შობადობის ამგვარ შემცირებას, რადგან ბოლო წლების განმავლობაში მოქმედებდა შობადობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა: შეღავათიან იპოთეკურ სესხებს ოჯახებისთვის, რომლებშიც დაიბადებოდა მინიმუმ ერთი შვილი და 450 ათასი რუბლის იპოთეკის გადახდას იმ ოჯახებისთვის, რომლებშიც მესამე (მეოთხე, მეხუთე და ა.შ.) ბავშვი გაჩნდებოდა.

შობადობის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა Covid-ის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია: „ანტივაქსერები აშინებდნენ ქალებს, რომ ვაქცინა უარყოფითად იმოქმედებდა ნაყოფის განვითარებაზე, ამიტომ ჩასახვის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“.

დემოგრაფიული ორმო

რუსეთში მოსახლეობის შემცირების მთავარი მიზეზი შობადობის კლებააა, რასაც თავის მხრივ ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: მშობიარობის (ფერტილური) ასაკის ქალების რაოდენობის შემცირება და იმ ბავშვების რაოდენობის კლება, რომლებსაც ქალები, საშუალოდ, მთელი ცხოვრების განმავლობაში აჩენენ. საუბარია, ე.წ. შობადობის ჯამურ კოეფიციენტზე, რომელიც, მოსახლეობის ზრდის უზრუნველსაყოფად, ორზე მეტი უნდა იყოს.

„მშობიარობის ასაკის ქალთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება 3%-ით. ეს საშინელი 90-იანი წლების გამოძახილია, როდესაც შობადობა განახევრდა 1987 წელთან შედარებით. გათვლების მიხედვით, 2010 წლიდან 2030 წლამდე მშობიარობის ასაკის ქალების რაოდენობა 40%-ით შემცირდება, ამ შემცირების ნახევარზე მეტი უკვე გავლილია. 2015 წლიდან 2019 წლამდე ასევე ეცემოდა შობადობის კოეფიციენტიც, რომელიც შემდეგ დასტაბილურდა და 2019-2021 წლებში 1,50 შეადგინა. 2022 წელს ელოდებოდნენ 1,52-ს, მაგრამ ჯერჯერობით 1,45-ია. ეს ცუდის ნიშანია. მიმდინარე წლის ივნისში შობადობა 9,6%-ით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს, ივლისში მინუს 9,5%-ს ველოდებით. ჩვენ ახლა ხელშესახები ვარდნის ზღვარზე ვიმყოფებით“, - ამბობს ალექსეი რაკშა.

2010-იანი წლების შუა პერიოდში რუსეთში მოსახლეობის ბუნებრივი ნამატი ნულის მახლობლობაში იყო, მაგრამ 2017 წლიდან ყველაფერი კლებისკენ წავიდა, 2019 წლისთვის კლებამ მინუს 300 ათასი შეადგინა, ხოლო კოვიდეპიდემიის გამო, 2020 წელს კლებამ მინუს ნახევარმილიონიანი ნიშნული გადალახა, 2021 წელს კი - 1-მილიონიანი.

ივანოვის ოლქის სოფელი ლუხი. რუსეთი

რუსეთის მოსახლეობის კლებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ შობადობის შემცირება, არამედ სიკვდილიანობის გაზრდაც. ალექსეი რაკშას თქმით, ლოგიკური იქნება ვარაუდი, რომ რუსეთში ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს შობადობაზე, ასევე მოქმედებს სიკვდილიანობაზეც, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მათ შორის აშკარა კორელაცია არ არსებობს.

„ეკონომიკური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სიკვდილიანობის ზრდაზე, - ამბობს რუსი დემოგრაფი, - დიდი დეპრესიის დროს შეერთებულ შტატებში და თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში, სიკვდილიანობა განაგრძობდა შემცირებას, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა - ზრდას. რუსეთში კი, 2010-იანი წლების მეორე ნახევარში, შემოსავლები უმნიშვნელოდ შემცირდა. შედარებაც კი არ შეიძლება დიდ დეპრესიასთან. ბოლო წლებში, ეპიდემიამდე, რუსეთში ბევრი უჩიოდა ე.წ. ჯანდაცვის სფეროს "ოპტიმიზაციას", რამაც, მოსკოვისა და დიდი ქალაქების გარეთ, უმეტეს შემთხვევაში გამოიწვია სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის შემცირება. თუმცა, ამ ფაქტორს პრაქტიკულად არანაირი გავლენა არ მოუხდენია სიკვდილიანობის მაჩვენებელზე. კოვიდამდე, რუსეთში სიკვდილიანობა სწრაფად მცირდებოდა. სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით რუსეთმა გადაუსწრო უკრაინას და მიუახლოვდა ბელარუსის მაჩვენებელს. მედიცინის სფეროს მკრეხელური ოპტიმიზაცია შეიძლება გავლენას ახდენდა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, მაგრამ სხვა ფაქტორებმა, როგორც ჩანს, ბევრად უფრო ძლიერი გავლენა იქონიეს. მაგალითად შეიძლება დასახელდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება, მოწევისა და ძლიერი ალკოჰოლის მოხმარების შემცირება, სახელმწიფო პროგრამის "ჯანმრთელობის" განხორციელება, გულსა და სისხლძარღვებზე მცირეინფაზიური ოპერაციების რაოდენობის ზრდა და ა.შ. სტატისტიკურად შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ რუსეთში სიკვდილიანობა კოვიდის ეპიდემიის დაწყებამდე საკმაოდ სწრაფად მცირდებოდა“.

იმიგრაცია

2022 წლის 5 თვეში მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი შემცირება აიხსნება მიგრანტების გადინებითაც, - ამბობს ალექსეი რიკშა, შარშანაც მოსახლეობის ბუნებრივი კლების რეკორდული მაჩვენებელი - 1,04 მლნ ადამიანი, ნაწილობრივ კომპენსირდა მიგრაციის 430-ათასიანი ზრდით. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთში კვლავ შენარჩუნდება მიგრანტების ნაკადის შედინება. შედარებით მაღალი ხელფასი და მუშახელზე მოთხოვნა ამის წინაპირობას ქმნის. ალექსეი რაკშას თქმით, „შუა აზია რჩება რუსეთისთვის მიგრანტების ერთადერთ დიდ რეზერვუარად, სხვა არცერთი ქვეყნიდან რუსეთში მასობრივად მიგრანტები აღარ მიეშურებიან. შუა აზიაში შობადობის მაჩვენებელი ბევრად მაღალია, ვიდრე რუსეთში. სულ მალე ყაზახეთსა და უზბეკეთში ბევრად მეტი ბავშვი დაიბადება, ვიდრე მთლიანად რუსეთის ფედერაციაში იბადება. იოლი წარმოსადგენია, როგორი მაღალი იქნება მიგრაციული წნეხი 20 წლის შემდეგ, თუ რასაკვირველია იმ დროისათვის რუსეთის ეკონომიკა ფეხზე იდგება“.

შუააზიელი მიგრანტები რუსეთში

ალექსეი რაკშა პროგნოზირებს, რომ კოვიდით გამოწვეული მოსახლეობის რეკორდული ბუნებრივი შემცირების (- 1 მლნ) შემდეგ, რუსეთში ვითარება გაუმჯობესდება, თუმცა გრძელვადიანი ტენდენციები არ შეიცვლება. მისი თქმით, რუსეთი კვლავინდებურად დარჩება დემოგრაფიულ ორმოში, რომლის პიკი სავარაუდოდ 2030 წელს დადგება. რაკშას გათვლებით, რომ არა კოვიდი, 2021 წელს მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაახლოებით 400 ათასი იქნებოდა. სწორედ ასეთია უახლოეს მომავალში რუსეთის დემოგრაფიული ვითარების მიახლოებითი შეფასება. ასეთია როსსტატის პროგნოზის საშუალო ვერსია: ბუნებრივი კლებით მოსახლეობის 500 ათასით შემცირება ყოველწლიურად.

ეკონომიკა

ეკონომიკა ერთ-ერთი უძლიერესი დემოგრაფიული ფაქტორია. არსებობს მაღალი კორელაცია ერთჯერადი ფულის წახალისების დინამიკასა და მეორე (მესამე) ბავშვის შობადობას შორის. პირველი შვილის გაჩენის გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს სხვა, ეკონომიკასთან ნაკლებად დაკავშირებული მოტივები. ალექსეი რაკშას თქმით, უკრაინასთან ომის ეკონომიკურმა შედეგებმა და მასტიმულირებელი პროგრამების შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს „იდეალური შტორმი“:

„2022-2023 წლების მიჯნაზე ყველაფერი ერთად მოიყრის თავს: წახალისების სახელმწიფო პროგრამის დასრულების ნეგატიურ ეფექტს გააძლიერებს ომის ფაქტორი. ომმა გამოიწვია ინფლაციის მკვეთრი გაზრდა. ყველა ეს ფაქტორი ნეგატიურად იმოქმედებს: მიკვირს, თუ პუტინი ასე წუხს დემოგრაფიისა და შობადობის გამო, რატომ არ გასცემს 1 მლნ რუბლს მეორე ბავშვზე, 1,5 მლნ რუბლს მესამეზე - ასეთ შემთხვევაში გვექნებოდა შობადობის ისეთივე მაჩვენებელი, როგორიც მაგალითად საფრანგეთშია. პუტინის გარშემო შემოკრებულია იდეოლოგიზებულ ადამიანთა წრე, რომლებიც შობადობის მაჩვენებლის გაზრდას აბორტებს და ერთი და იმავე სქესიანთა ქორწინებასთან ბრძოლას უკავშირებენ. თუ ქვეყანაში პოლიტიკა არ არის, საბოლოო ჯამში, ყველაფერი პოლიტიკა ხდება. დემოგრაფიაში ჩრიან რაღაც იდეოლოგიურ პოლიტიკას. ჰგონიათ, რომ თუ ხალხს აიძულებენ ხის კოვზებით შჩის ხვრეპას, ოჯახები შვიდ-შვიდ ბავშვს გააჩენენ. არ ვიცი, რა უდევს პუტინს თავში, მაგრამ, როგორც ჩანს, მის ირგვლივ ბევრი უცნაური ადამიანია, მათ შორის ადეკავატური კი ცოტაა. შესაძლოა სახელმწიფოს არ აქვს ფული, ან საერთოდაც, შობადობის გაზრდა პრიორიტეტულია მხოლოდ ფურცელზე“, - ამბობს ალექსეი რაკშა.

ვლადიმირ პუტინი და ხალხი

რუსი დემოგრაფის დაკვირვებით, რუსეთში ყოველთვიური შემწეობები დიდად არ ასტიმულირებს ოჯახურ წყვილებს, განსხვავებით დიდი, ერთჯერადი დახმარებებისა.

„კარგი იქნობდა კაპიტალის მიმართვა არა მხოლოდ იპოთეკური სესხებისკენ, არამედ მეორე ბინების შეძენისკენ. გასაგებია, რომ ასევე საჭიროა მეტი საბავშვო ბაღი, მეტი სერტიფიცირებული ძიძა, რომელიც საშუალებას მისცემს ქალს შეუთავსოს ერთმანეთს დედობა და სწავლა-შრომა. ეს ყველა ქვეყანაში მუშაობს და რუსეთშიც იმუშავებს. მაგრამ ამ ყველაფრის ადმინისტრირება ძნელია. რუსეთს ჰყავს სულელი ჩინოვნიკები, ისინი ვერ გაართმევენ თავს, მეორე ან მესამე ბავშვისთვის 1 მილიონის ან 1,5 მილიონის გადახდა კი მარტივი, გასაგები და ეფექტიანია. ეს არის უმარტივესი და სწრაფი გზა შობადობის ასამაღლებლად. რაც შეეხება სიკვდილიანობის შემცირებას. უმარტივესი და სწრაფი გზაა ძლიერი ალკოჰოლისა და სიგარეტის ხელმისაწვდომობის მკვეთრი შეფერხება - ფასების აწევა, სარეალიზაციო პუნქტების რაოდენობის შემცირება და კონტრაბანდასთან ბრძოლის გამკაცრება. თუ დემოგრაფიული ვითარების სწრაფად გაუმჯობესება გვინდა, ერთჯერად მსხვილ დახმარებებზე უნდა გამოიყოს წელიწადში დაახლოებით 1 ტრილიონი რუბლი (რუსეთის მშპ-ს 1%-ზე ნაკლები). განვითარებულ ქვეყნებში, სადაც არც ისე ცუდი ვითარებაა შობადობის თვალსაზრისით (საფრანგეთი, სკანდინავია და ა.შ.), ოჯახურ და დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4-5%-ს ხარჯავენ“, - ამბობს რუსი დემოგრაფი.