„ჩვენი ცხოვრება მოლოდინად იქცა. ველით, რომ რაღაც მოხდება...“, - ბოლო ორი წლის განმავლობაში სოფელ სამებაში 93 მიწისძვრა მოხდა. მოსახლეობა შიშობს, რომ ერთხელაც სტიქიას ვეღარ გადაურჩებიან.
სამება, საქართველო-სომხეთის საზღვარიდან 3 კილომეტრითაა დაშორებული. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბასთან გაშენებული 22-კომლიანი სოფელი იშვიათმა ფრინველებმა და ლაკლაკებმა სამოთხედ აქციეს, გახშირებულმა მიწისძვრებმა კი - ჯოჯოხეთად.
„ათი წელია აქ ვცხოვრობ. მანამდე არ იყო მიწისძვრები, ახლა ორი წელია თითქმის ყოველდღე მიწისძვრაა. თან სულ სამება, სამება"... - ჰყვება ანა ხარაიშვილი, - "ივნისში ერთ დღეში ცხრაჯერ იძრა მიწა. დილით ყველი ამომყავდა და ქათმები აკრიახდნენ, გრძნობენ ეგენი. ვიფიქრე, მელა ხომ არ არის-მეთქი. სახლმა ზანზარი დაიწყო. სახურავი, მილები, ყველაფერი ირყეოდა. გადავვარდი. ისე შემეშინდა, სამი საათი ვკანკალებდი. ძალიან ძნელად მოვდივარ ხოლმე გონს. აღარც გული შემრჩა, აღარც ნერვები“.
ანა დუხობორების ძველ სახლში ცხოვრობს. დუხობორებმა, მე-17 საუკუნის მეფის რუსეთის მიერ კავკასიაში გადმოასახლებული ქრისტიანული სექტის წარმომადგენელთა შთამომავლებმა, საქართველო 90-იანი წლებიდან დატოვეს. ბევრი ისევ ისტორიულ სამშობლოში, რუსეთში დაბრუნდა. საზღვრისპირა სოფელი რომ არ გაუკაცურებულიყო, სახლები მერაბ კოსტავას ფონდმა შეისყიდა და იქ სხვადასხვა მიზეზის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი შეასახლა.
ეს შენობები რამდენი წლისაა და რამდენად ძლიერ მიწისძვრაზე გათვლილი - აქ არავინ იცის.
მიწისძვრისგან დატოვებული ბზარები ანამ ზოგან შპალერით დამალა, ზოგან წებოვანათი დაამაგრა. ღრმულს სარკე ჩამოაფარა, ჭერის დასამაგრებლად რკინის ძელი გადო. კარადა, რომელშიც ჭურჭელი ეწყო და ყოველ მიწისძვრაზე ავის მომასწავებლად ზანზარებდა, სამზარეულოდან გაიტანა... შიშობს, რომ შედარებით დიდ მიწისძვრას ეს კედლები ვერ გაუძლებს და ჭერი თავზე ჩამოენგრევა.
„ერთხელ ბოსელში მივდიოდი, მიწისძვრა რომ მოხდა. ვდგავარ ეზოში, ვფიქრობ, შევიდე, არ შევიდე. რომ შევიდე და თავზე დამემხოს ბოსელი? მაინც შევედი, ძროხები მყავდა მოსაწველი.
ან ღამე რომ მოხდეს დიდი მიწისძვრა და ჩაგვიტანოს? არც არავინ მოდის, არც არავინ არაფერს გვეუბნება, სახლის შეკეთებაში რომ დამეხმარონ, გავლესო“, - ამბობს ანა ხარაიშვილი.
მიწისძვრები, რომელიც სამებაში ხდება, ძირითადად 3-4 მაგნიტუდისაა. სეისმური მონიტორინგის ცენტრში ხსნიან, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯავახეთის ქედზე სეისმური პროცესები გააქტიურდა და მიწისძვრებმაც ამიტომ იმატა. სამების გარდა მიწისძვრებისგან ზარალდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებიც, მაგალითად, უსეინქენდი, ორგანჩაი, ტყისპირი, ქარიანი, კამარლო, პანტინი, ყარაბულახი... სულ რამდენი და კიდევ რომელი სოფლები დააზარალა მიწისძვრამ და როგორ, შესწავლილი არ არის.
დღემდე არც ყბადაღებული სამების ზარალი შეუსწავლია ვინმეს. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა ამბობს, რომ მათი სახლების გამოსაკვლევად არავინ მოსულა, არც თავად მიუმართავთ.
ლუდმილა ჟმაევა სოფელ სამებაში შემორჩენილი ერთადერთი დუხობორია. 30 წელია აქ ცხოვრობს, მიწისძვრებმა მისი სახლიც დაბზარა და ახლა ცდილობს, გაარემონტოს.
ლუდმილა 13 თებერვალს იხსენებს, როდესაც სამებაში მიწისძვრებიდან ამ სერიიდან ყველაზე ძლიერი - 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა: „ვისხედით, ტელევიზორს ვუყურებდით და დაიწყო... ჭაღი მთელი ძალით ქანაობდა აქეთ-იქით, ბუდიდანაც კი ამოვარდა. მთელი ღამე არ გვიძინია, გარეთ ვიდექით. ჩემი სახლი არ არის ძველი, მაგრამ არც ახალია, სულ მცირე, 40 წლის იქნება. ამბობენ, კარგი ფუნდამენტი ჩაასხეს თავის დროზეო, მაგრამ ღმერთმა იცის. თებერვალში მართლა ძალიან შეგვეშინდა“.
მასის მარკოსიანი ამბობს, გიუმრის (ადრინდელი ლენინაკანი) მიწისძვრა რომ არ მქონდეს ჩემი თვალით ნანახი, იმდენად არ შემეშინდებოდაო. 1988 წელს სომხეთში მომხდარმა მიწისძვრამ - რომლის მაგნიტუდა 6.8 იყო, რამდენიმე ქალაქი დაანგრია, დაიღუპა ათიათასობით ადამიანი.
„როდესაც სომხეთში მიწისძვრა მოხდა, ნახევარ საათში გიუმრიში ვიყავი. რასაც მაშინ იქ ვუყურე, ჯობს არ მოვყვე. უამრავი ნათესავი დამეღუპა და საქართველოში გადმოვასვენეთ დასაკრძალად.
ბოლო მიწისძვრა ორი დღის წინ იყო. თუ შედარებით ძლიერია, გარეთ გამოვდივართ. ხან ბავშვებს ძინავთ და არ გვინდა, გავაღვიძოთ, შევაშინოთ. ასეთ დროს არ იცი, რა ქნა, გამოხვიდე, არ გამოხვიდე. ხმა აქვს საშინელი მიწისძვრას, ეს ხმა უფრო საზარელია, ვიდრე რყევები.
სახლში ყველგან ბზარებია. კრედიტი ავიღე, რომ იქით კიდევ ერთი სახლი ამეშენებინა და მიწისძვრის გამო კედელი მთლიანად ჩამოინგრა“, -ჰყვება მასის მარკოსიანი.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე მიუთითებს, რომ ჯავახეთის ქედის მიწისძვრები საშუალო კლასისაა. ამ კლასის მიწისძვრებით ენერგიის გამოთავისუფლება ხდება, ზოგადად, რაც სეისმული მოვლენების რეგისტრაცია დაიწყო, ჯავახეთში საშუალოზე დიდი მიწისძვრა ჯერ არ დაუფიქსირებიათ, დიდი ალბათობით, მეგამიწისძვრა არც ახლა უნდა მოხდეს, მაგრამ მხოლოდ „ალბათობით“. სეისმოლოგიაში რამის დანამდვილებით თქმა შეუძლებელია.
„მაგრამ ბევრ პატარა მიწისძვრას შეიძლება იგივე დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს, როგორც ერთ დიდს. ირყევა, ირყევა და ცვდება სახლი“, - ამბობს თეა გოდოლაძე.
76 წლის თამარ ჩიტაშვილი სახლში ნათესავთან ერთად ცხოვრობს. ყოველი მიწისძვრის შემდეგ თბილისიდან ახლობლები ურეკავენ, აბა, როგორ ხარ, თუ გადარჩიო. მისი სახლიც ძველი და დაბზარულია.
„ძალიან საშიში ზონაა. ერთხელაც დიდი მიწისძვრა იქნება და დაინგრევა ეს სახლები... მაგრამ როდის იქნება, ხომ არ იცი?“, - ამბობს თამარი.
„გველი გებულობს მიწისძვრასო და ჯიბეში ხომ არ ჩავისვამ? - კვერს უკრავს მეზობელი ბადრი ბურძენიძე, - თან ვერც გაასწრებ. თებერვალში დიდი მიწისძვრა რომ იყო, ფეხზე კი ვიდექით, მაგრამ ისე ირყეოდა, ვერ გაივლიდი“.
სოფლიდან წასვლაზე აქ არავინ ფიქრობს, ამისთვის ბევრს უკვე აღარც ასაკი აქვს და აღარც ცხოვრების ხელახლა დაწყების საშუალება. ზოგს საქონელი და მეტ-ნაკლებად აწყობილი მეურნეობა აჩერებს, ზოგს - სამსახური, ზოგს - შედარებით უშიშარი ოჯახის წევრი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ანა ხარაიშვილის მეუღლეა: „ჩემი ქმარი თუ წევს და მიწისძვრა მოხდა, არც ადგება ხოლმე ლოგინიდან. არსად არ წავალ, სად უნდა წავიდეო, იძახის“.
თეა გოდოლაძე დარწმუნებულია, რომ ისეთ სეისმურად აქტიურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მიწისძვრისგან თავის დასაცავად სეისმომედეგურ მშენებლობას უნდა მიექცეს ყურადღება.
„კალიფორნიაში და კანადაში მეგამიწისძვრები ხდება, ცხრიანი, რვიანი. ალასკაზე ზედ ქალაქის ქვეშ იყო 7.3 და რა? არაფერი. შეირყა და მორჩა. აქაც სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს და შენობები უნდა შეისწავლოს. თუ ექვემდებარება გამაგრებას, გაამაგროს, თუ არა და გაასახლოს მოსახლეობა“.
ნინოწმინდის მერიაში ამბობენ, რომ საკუთარი ინიციატივით სოფლის შენობები მუნიციპალიტეტს არ შეუმოწმებია, მაგრამ "თუ მოსახლეობა მიმართავს, შესაბამის ზომებს მიიღებენ".
„ეს სოფელი ძალიან ძველია, იქ დუხობორების სახლები იყო და მერე ჩამოასახლეს ხალხი. ჩვენ არც ვიცით, რა მდგომარეობაში იყო ეს შენობები, როდესაც ისინი შესახლდნენ. ექსპერტიზამ უნდა შეამოწმოს, როდის და რისგან დაზიანდა სახლი და ჩვენ მზად ვართ, რეაგირება მოვახდინოთ. მე-5 წელია მერი ვარ და ჯერ არც ერთი განცხადება არ შემოსულა. უნდა მოგვმართონ და დავაკვალიანებთ როგორ მოიქცნენ“, - ეუბნება ნინოწმინდის მერი ანივარ მასოიანი რადიო თავისუფლებას.
კითხვაზე, მიმართეს თუ არა მთავრობას, სოფელ სამებაში ძირითადად ერთი პასუხი აქვთ: „რა მიმართვა უნდათ, უკვე ყველამ გაიგო, რაც გვჭირს“.