„14 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ აფხაზეთში, შევიდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ ბოლო მოუღონ დასავლეთ საქართველოს რაიონებში შეიარაღებული ბანდების თარეშს, რომლებმაც გასულ ღამესაც განახორციელეს მორიგი დივერსია - ააფეთქეს რკინიგზის ხიდი. სამწუხაროდ, ამ ოპერაციის მსვლელობის დროს მოხდა შეტაკება ეროვნული არმიის ქვეგანაყოფსა და აფხაზეთის გვარდიას შორის. არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები“, - 30 წლის წინ, 1992 წლის 15 აგვისტოს საქართველოს მაშინელი ხელისუფლების, სახელმწიფო საბჭოს მიერ პრესითა და ტელევიზიით გავრცელებული ამ განცხადებით დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ქართველმა ისტორიკოსებმა „ომი აფხაზეთისთვის“ („ომი აფხაზეთში“) უწოდეს და, რომლის აქტიურმა, 13-თვიანმა ფაზამ 16 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 300 ათასამდე ადამიანი დევნილად აქცია.
პირველი დღეები - "მარტო კავკასია კი არა, მთელი რუსეთი ამოქმედდება"
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფები და რკინიგზის დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვის რაზმები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1992 წლის 14 აგვისტოს დილის 7 საათზე შევიდნენ. 14 აგვისტოსვე მოხდა პირველი შეიარაღებული დაპირისპირება:
ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯავშანკოლონას ცეცხლი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან გაუხსნა, რასაც პირველი მსხვერპლი მოჰყვა. ბრძოლები გაიმართა გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერასთან (სადაც ე.წ. აფხაზეთის შინაგანი ჯარის განსაკუთრებული პოლკის ბატალიონმა ქართულ კოლონას ცეცხლი გაუხსნა და ერთი ჯავშანმანქანა ააფეთქა), ბაბუშერის აეროპორტსა და სოხუმში „წითელი ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა და მისი გარემოცვა არ მალავდნენ, რომ ავტონომიური რესპუბლიკა ქმნიდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ შეიარაღებულ ფორმირებებს, რომლებიც რუსეთისა და კავკასიელი ხალხების დახმარებით საკადრის პასუხს გასცემდნენ თბილისს. ამის შესახებ არძინბა 1992 წლის აგვისტოს დასაწყისში ელაპარაკა ცნობილ ეთნოგრაფსა და პოლიტოლოგს, პროფესორ სვეტლანა ჩერვონაიას, რომლის 1993 წელს გამოცემულ წიგნში „აფხაზეთი - 1992: პოსტკომუნისტური საქართველოს ვანდეა“, ვლადისლავ არძინბა ამბობს:
„ჩვენ კარგა ხანია მზად ვართ, ნახევარ საათში შეგვიძლია იარაღის ქვეშ დავაყენოთ მთელი მოსახლეობა. ჩვენი არსენალები სავსეა რუსული იარაღით და ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია მივიღოთ ორჯერ, სამჯერ მეტი. ჩვენ დავუკავშირდით კაზაკობას. მალე აქ დაიწყება ომი და მარტო კავკასია კი არა, მთელი რუსეთი ამოქმედდება“.
- 15 აგვისტო - დაბა განთიადში საქართველოს შეიარაღებული ძალების საზღვაო დესანტი გადასხდა, რომელმაც კონტროლი დაამყარა განთიად-ლესელიძის ზონასა და მდინარე ფსოუზე გამავალ სახელმწიფო საზღვარზე. აფხაზურ ფორმირებებთან წარმოებული ოთხდღიანი ბრძოლების შედეგად ქართული დესანტი შევიდა გაგრაში და დაიკავა რაიონის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაგრის ქედი.
- 17 აგვისტო - მდინარე ენგურის გავლით გადაადგილებული ქართული ნაწილები მდინარე კელასურთან შეჩერდნენ.
- 18 აგვისტო - საქართველოს ჯარი შევიდა სოხუმში.
ვალერი კვარაცხელიამ, რომელიც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს პრესმდივანი იყო, საზოგადოებას გააცნო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, ედუარდ შევარდნაძის პოზიცია „სოხუმში შესვლასთან“ დაკავშირებით.
„17 აგვისტოს სოხუმში მდგომარეობა დაიძაბა, გახშირდა ძარცვა-გლეჯვა და მაროდიორობა, ქალაქს ემუქრებოდა უპროდუქტებოდ დარჩენა. ამიტომაც საჭირო იყო ელემენტარული სამოქალაქო წესრიგის დამყარება, ამიტომ ეროვნული ჯარი იძულებული იყო ქალაქში შესულიყო. ეროვნული ჯარის ნაწილებმა დაიკავეს ძირითადი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, უზენაესი საბჭოს შენობა, რომელიც მთლიანად დაცლილი იყო. განიხილება საკითხი, რომ სოხუმში შეიქმნას სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთაგან შემდგარი საბჭო, რომელიც მოაწერიგებს ქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ წინადადებას დაეთანხმნენ ბატონები ბაგაფში და ანქვაბი. მოვლენათა შემდგომი გაგრძელება უნდა იყოს პოლიტიკური და არა ძალისმიერი; ყველა საკითხი უნდა გადაიჭრას მოლაპარაკების გზით“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
„საკითხის მოლაპარაკების გზით გადაჭრა“ 14 აგვისტოსვე სცადა საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ, რომელმაც 2007 წელს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტევრვიუში განაცხადა, რომ ვლადისლავ არძინბასთან მოსალაპარაკებლად 14 აგვისტოსვე ჩაფრინდა სოხუმში.
„დავჯექით და შევადგინეთ ოქმი, რომ ეს კონფლიქტი ახლავე შეწყდება. თბილისის მხრიდან ხელი მე უნდა მომეწერა, სოხუმის მხრიდან - არძინბას. მთელი ღამე ეძებდნენ არძინბას... ვიმეორებ, ხელი უნდა მოგვეწერა ოქმისთვის, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, საქართველოს ჯარი გააგრძელებს სვლას ფსოუმდე და დაიწყებს რკინიგზის გაკონტროლებას“.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ვლადისლავ არძინბამ თავი შეაფარა სოხუმში განლაგებულ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს. მალევე გავრცელდა მისი ცნობილი სატელევიზიო მიმართვაც, რომელშიც აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა „ქართველი ოკუპანტებისა და აგრესორების წინააღმდეგ სამამულო ომისკენ“:
„სახელმწიფო საბჭოს შეიარაღებული ძალების აგრესიამ დემოკრატიულობის ნიღაბი ჩამოხსნა საქართველოს დღევანდელ ლიდერებს და გამოააშკარავა მათი დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ. ჩვენთან მხოლოდ ქვემეხებისა და ავტომატების ენით სურთ ლაპარაკი. ამ ძნელბედობის ჟამს მე მივმართავ ყოველ მოქალაქეს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი: დაიცავით აფხაზეთი“.
ვლადისლავ არძინბასა და აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიმართვა გაავრცელა მოსკოვში მყოფმა სეპარატისტების წარმომადგენელმა და მომავალმა ელჩმა რუსეთშის ფედერაციაში, იგორ ახბამაც:
„ეს უკვე მესამე აგრესიაა ამ ბოლო სამი წლის მანძილზე. საქართველოს არმიის მიზანია მოსპოს აფხაზეთის რესპუბლიკა, მისი დამოუკიდებლობა. ეს აგრესია აფხაზი ხალხის გენოციდის მორიგი აქციაა. მივმართავთ რუსეთის პრეზიდენტს ბორის ელცინს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, რუსეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატებს თხოვნით, დაიცვან აფხაზები საქართველოს არმიისგან“.
პირველივე დღეებში ვლადისლავ არძინბას გარემოცვა და სეპარატისტული ხელისუფლების ორგანოები გუდაუთაში გადავიდნენ, ხოლო სამხედრო ფორმირებებმა პოზიციები მდინარე გუმისთის მარჯვენა ნაპირზე დაიკავეს, შექმნეს რა ამით გუმისთის (დასავლეთის) ფრონტი. ცოტა მოგვიანებით დაპირისპირების მეორე სტრატეგიული ხაზი ოჩამჩირის რაიონში ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტად ჩამოყალიბდა.
ოთხი მიზეზი
14 აგვისტოს საქართველოს შინაგანი ჯარის ქვედანაყოფების, თავდაცვის სამინისტროს შენაერთებისა და რკინიგზის დეპარტამენტის გასამხედროებული დაცვის რაზმებისაგან შემდგარი ტაქტიკური დაჯგუფების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას („რედისლოკაციას“) ოფიციალურ საფუძვლად დაედო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 10 აგვისტოს დადგენილება „რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ“ და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის მიერ მომზადებული სპეციალური გეგმა კოდური სახელწოდებით „მახვილი“.
„...იძარცვებოდა მატარებლები, ფეთქდებოდა ხიდები, ამასთან, მოხდა ისე, რომ ტერორისტებმა მძევლად აყვანილი სახელმწიფო მოღვაწენი იქ გადამალეს. საქართველოს ეროვნული ჯარი ტერორისტებთან საბრძოლველად, ტერორისტული აქტების აღსაკვეთად და რკინიგზის დასაცავად ჩავიდა და არა აფხაზებთან საომრად. აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს არავითარი საფრთხე არ მოელის. ეს მთელი პასუხისმგებლობით უნდა განვაცხადო. ერთიანობას ცეცხლითა და მახვილით კი არა, მშვიდობით უნდა მივაღწიოთ. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება მთელ მის ტერიტორიაზე აღდგენილია და ჩვენ სხვა ნაბიჯებსაც გადავდგამთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის განსამტკიცებლად. ეს ყველამ უნდა იცოდეს“, - ასე ახსნა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებული ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება.
სულ მალე კი სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა ოფიციალურად დაასახელა ის მიზეზები და გარემოებანი, რომლებმაც განაპირობა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება:
„1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ნაწილობრივ შეცვალეს დისლოკაცია მის ტერიტორიაზე. ამ ღონისძიების აუცილებლობას განაპირობებს შემდეგი მიზეზები და გარემოებანი:
- I - ერთადერთი რკინიგზის მაგისტრალი, რომელიც საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან, ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეთა დივერსიულ-ტერორისტული ჯგუფების მიერ ბლოკირებული აღმოჩნდა. მოქმედებენ რა დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელზეც გადის მაგისტრალის მეტი ნაწილი, ფაქტობრივად მოშალეს მისი მუშაობა და რესპუბლიკას წაართვეს მისთვის საარსებოდ მნიშვნელოვანი არტერია.
- II - ბანდებმა, რომლებსაც ბაზა აქვთ დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, მოახდინეს ტერორისტული აქტები, რომლებსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ...ამა წლის 9 ივლისს მათ მოიტაცეს საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი სანდრო კავსაძე, რომელიც განაგებს ეროვნებათაშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებს, ჩვენი ცნობების თანახმად, იგი დაპატიმრებული ჰყავთ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამა წლის 11 აგვისტოს ერთ-ერთი ბანდა თავს დაესხა მთავრობის დელეგაციას, რომელიც სამეგრელოს რეგიონში ჩავიდა მშვიდობიანი მოლაპარაკებისათვის. შს მინისტრი რომან გვენცაძე, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ერ. უშიშროების საკითხებში დავით სალარიძე და სხვა პირნი დაატყვევა ბანდამ და მიიყვანა ბაზაში, რომელიც ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული.
- III - სახელმწიფო საბჭომ 14 შეთანხმება დადო ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან, მაგრამ მათ 14-ივე დაარღვიეს. სავსებით ცხადი გახდა, რომ ყველა ეს აქცია, რომლებიც ხელს უშლის საქართველოში პოლიტიკური სტაბილიზაციის პროცესს, მიზნად ისახავს ამას წლის 11 ოქტომბრისათვის დანიშნული პარლამენტის არჩევნების ჩაშლას და თავის ხალხისა და მსოფლიო გაერთიანების წინაშე რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევას. ამოწურეს რა ყველა ამ პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის საშუალებათა არსენალი, რესპუბლიკის ხელისუფალნი იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებანი დესტრუქციული საქმიანობის აღსაკვეთად.
- IV - საქართველოს რესპუბლიკის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის წინათ მიღწეული მორიგებით აფხაზეთის ხელისუფლებმა ვალდებულება იკისრეს აღეკვეთათ მის ტერიტორიაზე მოქმედი დანაშაულებრივი უკანონო ფორმირებების საქმიანობა, თავიანთი საქმიანობით უზრუნველეყოთ უსაფრთხოება სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალებზე და დაეცვათ ისინი დივერსიული აქტებისგან. ეს ვალდებულება არ შესრულდა. აფხაზეთის ავტონომიის ხელმძღვანელობას ეცნობა აფხაზეთის ფარგლებში, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, საქართველოს შეაირაღებული ძალების ქვეგანაყოფების შეყვანის შესახებ. მას განუმარტეს ამ ღონისძიებათა მიზნები და ამოცანები, შესთავაზეს თანამოქმედება და თანამშრომლობა, პასუხად ააფეთქეს მდინარე ენგურზე გადებული ხიდი, წარმოიშვა რუსეთთან საქართველოს დამაკავშირებელი ხიდის მოსპობის საფრთხე, მონოეროვნულ საფუძველზე ჩამოყალიბებულმა აფხაზეთის ეროვნულმა გვარდიამ ცეცხლი დაუშინა საქართველოს არმიის ქვეგანაყოფებს...“
სახელმწიფო საბჭოს მიერ დასახელებული მიზეზების ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რკინიგზაზე შექმნილ მძიმე ვითარებას. საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ რადიო თავისუფლებას უთხრა (2007 წ. 14 აგვისტო), რომ, მართალია, თვითონ წინააღმდეგი იყო რკინიგზის დაცვის მიზნით თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გამოყენებისა (გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული), მაგრამ, მისივე თქმით, რკინიგზაზე მართლაც აუტანელი მდგომარეობა იყო შექმნილი:
„საქართველოს რკინიგზაზე და, ძირითადად, აფხაზეთის მონაკვეთზე იყო ტვირთების განუკითხავი ძარცვა. ხიდების, რკინიგზის ვაკისის, სხვა ობიექტებისა და ნაგებობების აფეთქების, შემადგენლობებიდან დატაცებათა შედეგად მიყენებულმა ზარალმა 12 მლრდ მანეთს გადააჭარბა, მეზობელმა სომხეთმა ვერ მიიღო მისთვის განკუთვნილი 6 მილიარდი მანეთი ღირებულების ტვირთი“.
რადიო თავისუფლების არქივში ასევე ინახება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას კომენტარი 14 აგვისტოს „რედისლოკაციის“ მთავარი მიზეზის, რკინიგზის დაცვის შესახებ.
„ეს ყველაფერი ზღაპრებია, - ამბობს სერგეი შამბა, - რკინიგზაზე იმ დროს ძარცვის ბევრი ფაქტი ხდებოდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა მათგანს ადგილი ჰქონდა ზუგდიდის რაიონში. აფხაზეთის, უფრო ზუსტად კი, გალის რაიონის ტერიტორიაზე ძარცვის ერთი თუ ორი შემთხვევა აღირიცხა, ყველა დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში ხდებოდა. ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი სტატისტიკაა, ასე რომ, რკინიგზა მხოლოდ საბაბი იყო. საბრძოლო შვეულმფრენებითა და ტანკებით რკინიგზას არავინ იცავს“.
რა ხდებოდა 14 აგვისტომდე - სეპარატიზმი და გამოუცხადებელი ომი რუსეთთან
1991-1992 წწ. დეკემბერ-იანვარში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობამ და შეიარაღებულმა სახელმწიფო გადატრიალებამ დამატებითი სტიმული მისცა სეპარატისტულ მოძრაობას საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თუმცა, ისტორიკოს დიმიტრი შველიძის მიხედვით („საქართველოს უახლესი ისტორია. 1917-2012“), გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ, რომელმაც კომუნისტური რუსეთისგან მემკვიდრეობით გააგრძელა აფხაზური ეროვნული მოძრაობის სერიოზული მხარდაჭერა და მისი სტიმულირება ანტიქართული მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავდა აფხაზეთის ჩამოცილებას საქართველოსაგან.
„თავის მხრივ, ორად გახლეჩილმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ვერავითარი სერიოზული ზომა ვერ დაუპირისპირა აფხაზურ-რუსულ დეზინტეგრაციულ პროცესებს და პირიქით, ხელი შეუწყო კიდეც ანტიქართულ პროცესებს. აფხაზთა ეროვნული მოძრაობა 1991-1992 წლებში მიმდინარეობდა სეპარატიზმის ნიშნით“, - ამბობს დიმიტრი შველიძე, რომელიც „სამართლებრივი სეპარატიზმის ქრონიკას“ ასე აღწერს:
- 1991 წლის თებერვალში აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება, 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობის შესახებ. მანიპულაციების შედეგად და ქართველი მოსახლეობის ხმების რაოდენობის გაყალბების გზით, თითქოს აფხაზეთის მოსახლეობამ ხმა მისცა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას.
[1989 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, აფხაზეთში ცხოვრობდა 525 ათასი ადამიანი, მათ შორის, 239,8 ათასი ქართველი, 93,3 ათასი აფხაზი, 74,9 ათასი რუსი, 76,5 ათასი სომეხი, 14,7 ათასი ბერძენი]
- 31 ოქტომბერ-1 ნოემბერს ჩატარებული აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგად საბჭოში აღმოჩნდა სეპარატისტული მოძრაობის მომხრეთა უმრავლესობა. 65 სადეპუტატო ადგილიდან აფხაზები იყვნენ 33, ხოლო ქართველები 31.
საარჩევნო კანონმა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მოქმედი პარლამენტი, 28 მანდატი მიანიჭა აფხაზებს (მოსახლეობის 18%), 26 - ქართველებს (46%) და 11 სხვა ეროვნებათა წარმომადგენლებს.
- 1991 წლის 29 დეკემბერს მიღებული დადგენილებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა, რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ნაწილები და დაწესებულებები გამოაცხადა აფხაზეთის ხელისუფლების მმართველობის დაქვემდებარებაში.
- 1992 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული გვარდიის ბატალიონმა მარშით გაიარა აფხაზეთის ტერიტორია, საქართველო-რუსეთის საზღვრამდე, მდინარე ფსოუმდე. ამ აქციას ძალის დემონსტრირების დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ მან აფხაზი საზოგადოების გაღიზიანება უფრო გამოიწვია.
- 1992 წლის 31 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ კანონის დაცვის ღონისძიებათა შესახებ“, რასაც მოჰყვა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება (30 აპრილი) „1965-1974 წლებში დაბადებულ მოქალაქეთა ნამდვილ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ“. ამ უკანონო აქტების საფუძველზე, ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის არაქართულ ნაწილში სამხედრო-სამობილიზაციო განყოფილებების ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა „აფხაზეთის შინაგანი ჯარის პოლკი“ - ფაქტობრივად ეს იყო მონოეთნიკური გვარდია, საქართველოს ცენტრალური სამხედრო სტრუქტურებისაგან დამოუკიდებელი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დაქვემდებარებული შეიარაღებული ერთეული.
- 1992 წლის 23 ივლისს - აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ქვეყანას უწოდა „რესპუბლიკა“ და მიიღო ახალი სიმბოლიკა - მწვანე დროშა.
- 1992 წლის 24 ივლისს - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ, რეგლამენტის დარღვევისა და კვორუმის არარსებობის პირობებში, მიიღო დადგენილება 1978 წლის კონსტიტუციის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაც სამართლებრივად, საქართველოს კონსტიტუციური სივრციდან აფხაზეთის გასვლას ნიშნავდა. ამავდროულად, აღდგენილად ჩაითვალა „აფხაზეთის სსრ 1925 წლის კონსტიტუციის“ მოქმედება.
1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება, რაც ფაქტობრივად ნიშნავდა ავტონომიის გაუქმებას, საქართველოს არსებული საზღვრების გადასინჯვას და მისგან ტერიტორიის ნაწილის ჩამოცილებას, მიღებული იქნა ხმების უბრალო უმრავლესობით, ნაცვლად კონსტიტუციით გათვალისწინებული ორი მესამედისა. ხმების ასეთივე უმრავლესობით უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება რეფერენდუმზე ამგვარი საკითხების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მიერ 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ე.წ. სამახსოვრო ბარათში („აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ამბების შესახებ“), გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, ასევე დასახელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შს მინისტრზე, გივი ლომინაძეზე თავდასხმა, რომელიც დროში დაემთხვა თბილისში, სახელმწიფო ტელევიზიაში პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების შეჭრას:
„აფხაზეთის პარლამენტის ყველა მოქმედება და საქციელი ობიექტურად უკავშირდება ექსპრეზიდენტის მომხრეთა ანტიხალხურ საქმიანობას. დამახასიათებელი მაგალითი: ვ. არძინბამ განიზრახა უკანონოდ გადაეყენებინა პოსტიდან არასასურველი აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისდამი დაქვემდებარებულ აფხაზეთის გვარდიის ბატალიონს მოუწოდა იერიში მიეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე, უცნაური დამთხვევით შტურმი დანიშნული იყო 24 ივნისს - იმ დღეს, როცა ექსპრეზიდენტის მომხრეებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელთ იგდეს თბილისში ტელერადიოდეპარტამენტის შენობა. აფხაზეთის შს სამინისტრო შტურმით იქნა აღებული, მინისტრს მიაყენეს მძიმე ფიზიკური ზიანი“.
რუსეთის როლი
ისტორიკოსი ჯემალ გამახარია დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში ომის გაჩაღება პირდაპირ კავშირშია რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების კავკასიურ პოლიტიკასთან.
„კრემლში ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ცალმხრივად პროაფხაზური კურსი არ შეესაბამებოდა აფხაზეთში არსებული კრიზისის ომში გადაზრდის იმპერიულ ინტერესებს. ამიტომ კურსი აიღეს ომისაკენ ორივე მხარის წახალისება-სტიმულირების ტაქტიკაზე. 1992 წლის ივნის-ივლისში კრემლი ქართული და აფხაზური მხარეების ორმხრივი გარანტირების ტაქტიკას დაადგა და ორ პარალელურ ხაზზე მუშაობდა“ [ჯ. გამახარია. „აფხაზეთი, საქართველო, ტრაგედია: ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები“. 2017 წ.]
ჯემალ გამახარიას არგუმენტად მოაქვს 1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძისა და რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის დაგომისის შეხვედრაზე მიღებული „კომუნიკე“ და მისი ეს ნაწილი:
„საქართველოსა და რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები აღკვეთენ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო, ნახევრად სამხედრო და თვითნებურად შექმნილი რაზმებისა და ჯგუფების საქმიანობას“.
თბილისი „უკანონო სამხედრო და ნახევრად სამხედრო რაზმებად” მიიჩნევდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ერთგულ ეროვნულ გვარდიას, ასევე სხვა გასამხედროებულ ჯგუფებს. „უკანონო რაზმების” კატეგორიაში ასევე გადიოდა აფხაზთა მონოეთნიკური გვარდია და „აიდგილარას” („აფხაზეთის სახალხო ფორუმი“) შეიარაღებული ჯგუფები.
„ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ დაგომისის შეხვედრაზე შევარდნაძემ ელცინისგან მიიღო აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის ჩატარების სანქცია, რუსეთის მხრიდან ნეიტრალიტეტის გარანტიით“, - ამბობს ჯემალ გამახარია, რომლის ვარაუდითაც, მხარდაჭერის დაპირება მიიღო ვლადისლავ აძინბამაც, რომელსაც ბორის ელცინმა 1992 წლის 18 ივლისს სოჭში, „ბოჩაროვ რუჩეის“ სახელმწიფო აგარაკზე უმასპინძლა არაოფიციალურ, საიდუმლო შეხვედრაზე.
„შეხვედრიდან ხუთიოდე დღეში, - წერს ჯემალ გამახარია, - 23 ივლისს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სეპარატულმა ნაწილმა მიიღო უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი ხასიათის საკანონმდებლო აქტების სერია: დადგენილება რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და სხვ. რაც 1925 წლის კონსტიტუციის მიღებითა და, ფაქტობრივად, საქართველოს იურიდიული სივრციდან გასვლით დასრულდა“.
რუსეთის ფედერაცია ასევე ზრუნავდა ორივე მხარისათვის იარაღის მიწოდებაზე. საქართველოს შეიარაღების ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ერგო, სეპარატისტები კი საბრძოლო მასალებსა და აღჭურვილობას, როგორც ჩანს, ფარულად ან სამხედრო ნაწილებზე შეთანხმებული, ინსცენირებული თავდასხმებით იღებდნენ როგორც 14 აგვისტომდე, ასევე 14 აგვისტოს შემდეგაც.
- 1992 წლის 18 ივნისს სოხუმის „შუქურას“ უბანში დისლოცირებული რუსეთის არმიის სამხედრო-საინჟინრო ნაწილიდან ე.წ. აფხაზური გვარდიის შეიარაღებისათვის გაიცა დიდი რაოდენობით ავტომატური იარაღი, ტყვიამფრქვევები და საბრძოლო ტექნიკა.
- 15 აგვისტოს 2 ათასამდე ავტომატი გაიტაცეს გუდაუთის ავიაგამანადგურებელი პოლკის საწყობებიდან. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის წარმომადგენელმა გენერალმა ნიკოლაევმა განაცხადა, რომ პოლკს მოულოდნელად თავს დაესხნენ, განაიარაღეს ყარაული, ოფიცრები და სამხედრო ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახების წევრები, შეურაცხყვეს, დაამცირეს მათი პატივი და ღირსება. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, პავლე გრაჩოვმა აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა ულტიმატუმი, რომელშიც მოითხოვა შეწყვიტონ მაროდიორობა და დააბრუნონ გატაცებული იარაღი“.
იარაღის დაბრუნების ნაცვლად, სეპარატისტებმა პირიქით, მეტი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიიღეს. ცხადია, დახმარება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა. რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან მოხალისეების ორგანიზებული ჩაყვანის გარდა, აფხაზეთში შთამბეჭდავად იყო წარმოდგენილი საკუთრივ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროც, რომელიც „საჭიროების შემთხვევაში“ ცოცხალი ძალით, ტექნიკით, ოპერატიულ-სადაზვერვო მონაცემებითა და ლოგისტიკური კომპონენტებითაც უმართავდა ხელს სეპარატისტებს.
საბოლოო ჯამში, ომის ბედიც რუსეთის სამხედრო, დიპლომატიურმა და პოლიტიკურმა ძალისხმევამ გადაწყვიტა. ყველა მცდელობა, ზავითა და სამშვიდობო ხელშეკრულებით შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები, წარუმატებლად დასრულდა.
1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, რუსეთის შუამავლობით მხარეებს შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რამაც თბილისში კონფლიქტის ამოწურვის ილუზია გააჩინა, თუმცა სულ რაღაც ერთი თვის თავზე, 2 ოქტომბერს, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა რაზმებმა გაგრაზე მიტანილი იერიშით დაარღვიეს მოსკოვის შეთანხმება. როგორც სახელმწიფო საბჭოს წევრი და „მხედრიონის“ დამფუძნებელი, ჯაბა იოსელიანი იხსენებს თავის მოგონებების წიგნში („მესამე განზომილება“), ამ მომენტიდან გახურდა ომი, რომელიც არ გაჩერებულა 1993 წლის 20 მაისამდე, როცა ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმება, თუმცა მანამდე სოხუმისათვის ბრძოლებში ქართველმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული მოიერიშე სუ-27 - ომში რუსეთის მონაწილეობის ყველაზე თვალსაჩინო ნივთმტკიცება.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ერთ თვეზე მეტხანს, 24 ივნისამდე იმუშავა. განახლებული იერიშების შედეგად სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმთან მიმდებარე სიმაღლეები, რითაც სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვეს.
1993 წლის 27 ივლისს დაიდო კიდევ ერთი, ამჯერად სოჭის შეთანმება - „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვისადმი კონტროლის მექანიზმის შესახებ“, რომლის მეექვსე პუნქტი ითვალისწინებდა „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ფორმირებების“ აფხაზეთის ტერიტორიიდან გასვლას.
ქართულმა მხარემ მართლაც დაიწყო სოხუმიდან მძიმე არტილერიისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანა. დიმიტრი შველიძის თქმით, „ფაქტობრივად, მიმდინარეობდა კაპიტულანტური ოპერაცია - ქართული მხარე, მისი სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობა, თავს იტყუებდა და სოხუმს და აფხაზეთს მოწინააღმდეგეს უტოვებდა“. თუმცა, 17 სექტემბერს მოწინააღმდეგემ სოჭის შეთანხმებაც დაარღვია და სოხუმზე იერიში განაახლა. ამ დროისთვის რუსულ გემებს ქართული სამხედრო ტექნიკა უკვე ფოთში ჰქონდათ გადატანილი. მძიმე შეიარაღების გარეშე დარჩენილი და სრულ იზოლაციაში აღმოჩენილი სოხუმი შეთანხმების დარღვევიდან 10 დღეში, 1993 წლის 27 სექტემბერს დაეცა.