Washington Post: ყირიმში აფეთქებები უკრაინული სპეცდანაყოფების მოქმედების შედეგია

რუსეთის სამხედრო აეროდრომი საკიში, ანექსირებულ ყირიმში

ამერიკული გამოცემა Washington Post-ი უკრაინის ხელისუფლების დამოუკიდებელ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ანექსირებულ ყირიმში ნოვოფიოდოროვსკის რუსულ სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებები უკრაინის სპეციალური ძალების ოპერაციის შედეგია.

გამოცემა არ აზუსტებს, კონკრეტულად რომელ ქვედანაყოფზეა საუბარი, თუმცა მანამდე დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ სპეციალურ დავალებათა უკრაინული ძალები რუსული არმიის ზურგის სიღრმეში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე ოპერაციების ორგანიზებით არიან დაკავებული.

Washington Post-თან საუბარში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი არ აზუსტებს, კონკრეტულად როგორ განხორციელდა ნოვიფიოდოროვსკზე თავდასხმა.

ნოვოფიოდოროვსკში რუსეთის არმიის აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებთან კავშირი უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირ არ დაადასტურა და რუს სამხედროებს მოუწოდა, "გაურკვეველ ადგილებში არ მოწიონ“. თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის ოფიციალური პირები აქტიურად გამოეხმაურნენ აფეთქებებს და განაცხადეს, რომ „რუსეთის დემილიტარიზაცია ახლა იწყება“. ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ყირიმის განთავისუფლებით უნდა დასრულდეს.

დღეს, 10 აგვისტოს, დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ნოვოფიოდოროვსკში ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა, თუმცა ამ ინფორმაციის სიზუსტე გადაუმოწმებელია.

ასევე ნახეთ ISW: რუსეთი ყირიმის აეროდრომის დაბომბვაში უკრაინის დადანაშაულებას არ ჩქარობს

აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელმა, ანონიმურობის პირობით, გამოცემა "ვაშინგტონ პოსტს" განუცხადა, რომ ნოვოფიოდოროვსკზე თავდასხმა, სავარაუდოდ, უკრაინამ განახორციელა, რაშიც შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი არ გამოუყენებია.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ხერსონის ოლქში, რუსული ჯარის ზურგში და ყირიმის აეროდრომზე მომხდარი გუშინდელი აფეთქებების ანალიზისას გამორიცხავდა რუსეთის ოფიციალურ ვერსიას ხანძართან დაკავშირებით, თუმცა არ უარყოფდა საბოტაჟის და შორი მოქმედების რაკეტებით თავდასხმის ვერსიას.