2020 წლის ცხრა აგვისტოს ასობით ათასი ბელარუსი გამოვიდა მთელი ქვეყნის მასშტაბით თავიანთი ხმების დასაცავად - ქვეყანაში დაიწყო მასობრივი პროტესტი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ხალხი ყოველდღე იკრიბებოდა ქუჩებსა და მოედნებზე, მშვიდობიანი აქციები თვეობით გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ისინი სასტიკი რეპრესიების შედეგად ჩაახშეს. ამ მოვლენების შემდეგ ხუთი ათასზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ორი წლის შემდეგ, ბელარუსში კანონით იდევნება არა მხოლოდ საპროტესტო გამოსვლები ქუჩაში, არამედ ოპოზიციური ტელეგრამარხების გამოწერა და ეროვნული სიმბოლიკის ფერებიც კი, ხოლო დაკავებები და დაპატიმრებები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება.
ერთ-ერთი პირველი დაპატიმრებულთაგანია სიარჰეი ციხანოუსკი, ბლოგერი გომელიდან, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ისურვა. ის ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში დააპატიმრეს და ისიც კი არ აცალეს, რომ ხელმოწერები შეეგროვებინა და დარეგისტრირებულიყო - ასე გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი მის ნაცვლად, მისი ცოლი, სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელსაც პროტესტის მონაწილენი სახელმწიფოს არჩეულ მეთაურად მიიჩნევენ, სიარჰეი ციხანოუსკის კი 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
როგორ ცხოვრობს ის ციხეში ორი წლის განმავლობაში, რას სწერს შვილებს და რატომ არ თვლის, რომ ის დაამარცხეს - ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მოუთხრეს სიარჰეის ცოლმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ და მისმა ადვოკატმა, ნატალია მაცკევიჩმა.
ორი წელი სამარტოო საკანში
იმ მომენტისთვის, როცა სიარჰეი ციხანოუსკიმ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჰქონდა განზრახული, მის იუთუბარხს - „ქვეყანა საცხოვრებლად“, 130 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ბლოგერი აკრიტიკებდა მოხელეებს და აჩვენებდა, თუ როგორ ცხოვრობენ ჩვეულებრივი ბელარუსები. მის მიერ არჩეული, ნდობით აღსავსე საუბრის ტონი და კარგი გათვითცნობიერება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში, მაყურებელს კარგად განაწყობდა ციხანოუსკის მიმართ.
საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია ბელარუსში 2020 წლის 9 მაისს დაიწყო. ხოლო უკვე 29 მაისს სიარჰეი ციხანოუსკი გროდნოში დააკავეს - ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებული პიკეტის დროს მოწყობილი პროვოკაციის შედეგად.
როგორ არ გახდა ციხანოუსკი პრეზიდენტობის კანდიდატი |
---|
სიარჰეი ციხანოუსკიმ ვერ შეძლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირება (ბელარუსში პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ადამიანი, თუ ის 100 ათას ხელმოწერას მოაგროვებს) - 12 მაისს ის დააკავეს და 15 დღით საპატიმროში გააგზავნეს, რაც მას ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში მიუსაჯეს ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის საწინააღმდეგო აქციებისთვის. მაგრამ მის ცოლს, სვიატლანას, ჰქონდა საერთო მინდობილობა და მან შეძლო საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირება სიარჰეის ნაცვლად. 21 მაისს ციხანოუსკი მოულოდნელად გამოუშვეს და ის სვიატლანა ციხანოუსკაიას საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა. თავისუფლებაზე მან მხოლოდ ცხრა დღე დაჰყო - და 29 მაისს მისი დაკავების შემდეგ, უკვე აღარ გამოსულა. |
სვიატლანა ციხანოუსკაია გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი და მონაწილეობდა 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში. ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ციხანოუსკაიამ ამომრჩეველთა ხმების 10,12% მიიღო, მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების სიყალბე ამხილა დამოუკიდებელი პლატფორმა „გოლოსის“ მონაცემებმა, რომელმაც მოახერხა ბიულეტენებისა და საარჩევნო უბნების ოქმების ფოტოების მნიშვნელოვანი რაოდენობის შეგროვება, რამაც აჩვენა, რომ ციხანოუსკაიამ გაუსწრო ლუკაშენკას ხმების რაოდენობით. არჩევნების შემდეგ, სვიატლანა მალევე აიძულეს წასულიყო ქვეყნიდან, ის ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი გახდა. |
„2020 წლის 18 აგვისტოდან - როცა ის მინსკის საგამოძიებო იზოლატორიდან, „სიზო-1“-დან, ჟოდინოს იზოლატორში გადაიყვანეს - აქამდე, სიარჰეი სამარტოო საკანში იმყოფება. მას ყოველთვის მარტო ამყოფებენ. ორი წლის განმავლობაში მას, პრაქტიკულად, (სასამართლოს დროის გამოკლებით) არავინ უნახავს, საგამოძიებო იზოლატორის და კოლონიის თანამშრომლების, ადვოკატებისა და გამომძიებლების გარდა“, - ამბობს ციხანოუსკის ყოფილი ადვოკატი, ნატალია მაცკევიჩი.
ნატალია მაცკევიჩი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი ადვოკატია ბელარუსში, ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტი, რომელსაც რთული, რეზონანსული საქმეები უწარმოებია და ბევრი პოლიტპატიმრის ადვოკატი ყოფილა, მაგალითად, პროფკავშირის ლიდერის, გენადი ფედინიჩის, „თეთრი ლეგიონის“ საქმის ფიგურანტების თუ უფლებადამცველი მართა რაბკოვასი. 2021 წლის ოქტომბერში ციხანოუსკის სასამართლო პროცესისას, ნატალია მაცკევიჩი ადვოკატთა კოლეგიიდან გარიცხეს. ასეთივე ბედი ეწია ბევრ დამოუკიდებელ იურისტსა და ადვოკატს ბელარუსში.
სულ არ გამკვირვებია, როცა სვიატლანამ [ციხანოუსკაიამ] მე მომმართა. როცა ის პირველად ვნახე, მკითხა: „და თქვენ არ გეშინიათ ჩვენი საქმის აღება?“ როგორც ჩანს, მას ურჩიეს, ჩემთვის მოემართა, მაგრამ თავად არ იცოდა, რა საქმეები მიწარმოებია...ნატალია მაცკევიჩი
ბლოგერ სიარჰეი ციხანოუსკის შესახებ ნატალია მაცკევიჩმა მაშინ გაიგო, როცა ვიდეო ნახა მის შესახებ. „მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს საქმე, დიდი ალბათობით, ჩემთან მოვიდოდა, იმიტომ, რომ იქ სრულიად ცხადი იყო საკითხები შეკრების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის უფლების და, რამდენადაც ეს წინასაარჩევნო პიკეტი იყო, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევების შესახებ.
ეს საქმე უნდა გაირკვეს ადამიანის უფლებების კუთხით, - უამბობს ნატალია მაცკევიჩი „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, - სულ არ გამკვირვებია, როცა სვიატლანამ [ციხანოუსკაიამ] მე მომმართა. როცა ის პირველად ვნახე, მკითხა: „და თქვენ არ გეშინიათ ჩვენი საქმის აღება?“ როგორც ჩანს, მას ურჩიეს, ჩემთვის მოემართა, მაგრამ თავად არ იცოდა, რა საქმეები მიწარმოებია“.
სიარჰეის გროდნოში დაკავების ვიდეო ყველგან გავრცელდა - ის სახელმწიფო ტელევიზიითაც გავიდა. ის დაეხმარა ხალხს, შეეყვარებინათ ციხანოუსკი, თვლის ნატალია. „მაშინვე ცხადი იყო, რამდენად უსამართლოდ მოექცნენ. ამიტომ მის მიმართ დამოკიდებულება მაშინვე ისეთივე იყო, როგორც მსხვერპლის მიმართ, მაგრამ არა როგორც საწყალი მსხვერპლის, არამედ როგორც გრანდიოზული უსამართლობის მსხვერპლის: ყველა ხედავდა, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია“.
ასეთივე შთაბეჭდილება მოახდინა სიარჰეიმ თავად მასზეც, ამბობს ადვოკატი: „ის ძალიან გახსნილი ადამიანია. გისმენს. მაშინაც კი, როცა მკვეთრად გამოთქვამს თავის შეხედულებებს, ყურადღებას აქცევს იმას, რომ არ აწყენინოს თანამოსაუბრეს. ყოველთვის ავლენდა ყურადღებას და კეთილგანწყობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.
რაში დაადანაშაულეს და როგორ გაასამართლეს სიარჰეი ციხანოუსკი
ციხანოუსკი დაკავებიდან მალევე მოათავსეს სადამსჯელო საკანში და ადვოკატები მასთან ყოველდღე მიდიოდნენ - მათ შორის იმიტომაც, რომ თუნდაც რამდენიმე საათით გამოეყვანათ იქიდან, თუნდაც საგამოძიებო ოთახში.
„სადამსჯელო საკანი დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც თავად ციხანოუსკი. იქ პრაქტიკულად დასაჯდომი ადგილი არ არის, სკამის ნაცვლად რაფაა კედელში, მარტო დადგომა შეიძლება, სიარულით - ორი ნაბიჯი ერთ მხარეს, ორი ნაბიჯი მეორე მხარეს. სიარჰეის ფეხი სტკიოდა. სიცხე იყო. ვცდილობდით, ფიზიკურად მაინც დავხმარებოდით: უფრო დიდხანს გვემუშავა მასთან, რომ უფრო ნაკლებად მჯდარიყო საკანში. ვფიქრობ, რომ ის აფასებდა ამ ყურადღებას ჩვენი მხრიდან“, - ამბობს ნატალია მაცკევიჩი.
მას შემდეგ, რაც ორი წელი საგამოძიებო იზოლატორის სამარტოო საკანში გაატარა, ციხანოუსკი მოგილიოვის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც 20 დღეზე მეტი იზოლატორში გაატარა, ახლა კი ისევ ჩაკეტილი საკნის ტიპის ოთახშია გამომწყვდეული.
მუდმივად მარტო, ჩაკეტილ სივრცეში, მით უმეტეს, ძალიან პატარა სივრცეში, იოლი გამოცდა არ აღმოჩნდა ისეთი ადამიანისთვის, რომლის მთავარი საქმიანობა ხალხთან ურთიერთობა იყო.
„პატიმრობაში ნებისმიერმა ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს ღირსება, იცხოვროს სოციალური ცხოვრებით, მით უმეტეს ციხანოუსკიმ, რომლის ხასიათი, რომლის პიროვნული ტიპი ურთიერთობისკენ არის მიმართული. მართალია, მას ღრმა შინაგანი რესურსი აქვს, რომელიც აძლებინებს და რომელსაც მოიხმარს - და ბოლომდე არ ამოწურავს, იმედი მაქვს, მარტო ყოფნისასაც კი. მაგრამ ის მაინც ძალიან სოციალური ადამიანია“.
სადამსჯელო საკანი დაახლოებით იმავე ზომისაა, როგორც თავად ციხანოუსკი. იქ პრაქტიკულად დასაჯდომი ადგილი არ არის, სკამის ნაცვლად რაფაა კედელში, მარტო დადგომა შეიძლება, სიარულით - ორი ნაბიჯი ერთ მხარეს, ორი ნაბიჯი მეორე მხარეს...ნატალია მაცკევიჩი
თანამოსაუბრეების ნაცვლად, ციხანოუსკის ტელევიზორი ჰქონდა: ბელარუსში პატიმრებს აქვთ უფლება, ტელევიზორი იქონიონ, ოღონდ მასზე მხოლოდ სახელმწიფო არხებია ჩართული. ნატალია მაცკევიჩი აღნიშნავს, რომ ამას არ შეუშლია ხელი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, შეენარჩუნებინა ადეკვატური აღქმა იმისა, რაც ციხის გარეთ ხდებოდა: „საგამოძიებო იზოლატორში გამოკეტილს, მას ისევე ესმოდა ყველაფერი, როგორც ჩვენ ყველას. არ იყო ისეთი განცდა, რომ ის რაღაც საინფორმაციო იზოლაციაშია, რაღაც სხვა დროში ან სხვა სამყაროში იმყოფება“.
სიარჰეი ციხანოუსკის დაცვის პროცესს ნატალია ორ ეტაპად ყოფს: გამოძიება და სასამართლო. სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, სიარჰეი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა, ჟოდინოში.
ამ დროს მას ადანაშაულებდნენ საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებებში (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლი, ნაწილი 1), - ეს შეეხება გროდნოში დაკავების ეპიზოდს, რომელშიც, ვიდეოჩანაწერის წყალობით, ცხადად ჩანს, რომ ბლოგერს არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია.
მას ბრალი წაუყენეს ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლაში (191-ე მუხლი) - ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფროსის, ლიდია ერმოშინას განცხადებით: ციხანოუსკი ერთ-ერთ ჩანაწერში ამბობდა, რომ წინასაარჩევნო პიკეტს გამართავს ერმოშინას სახლთან და მას სტუმრად ეწვევა.
„იურიდიულად ამ ბრალდებების წინააღმდეგ დაცვის დასაბუთება რთული არ იყო, ამიტომ ეს განსაკუთრებულ იურიდიულ სამუშაოს არ მოითხოვდა, - ამბობს ნატალია მაცკევიჩი, - იყო იმედები, რომ ეს საქმე არც იქნებოდა, რომ შეიძლებოდა ის სასამართლოსთვის არც კი გადაეცათ“.
მაგრამ როცა 2021 წლის მარტში სიარჰეი ციხანოუსკის საბოლოო ბრალდება წაუყენეს, მასში კიდევ ორი მუხლი გაჩნდა: მასობრივი არეულობის ორგანიზება (293-ე მუხლი, ნაწილი 1) და სოციალური შუღლის გაღვივება (130-ე მუხლი, ნაწილი 3). მაქსიმალური სასჯელი ამ მუხლების მიხედვით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლამდე.
მალევე - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ციხანოუსკის საბოლოო ბრალდება, მაგრამ სასამართლომდე რამდენიმე თვით ადრე - სახელმწიფო ტელეარხებზე აჩვენეს ფილმი იმის შესახებ, ვითომდა როგორ სჩადიოდა ბლოგერი დანაშაულებს. ადვოკატები ჯერ კიდევ გამოძიების სტადიიდან გაუთქმელობის პირობის ქვეშ იმყოფებოდნენ - და არ შეეძლოთ კომენტარის გაკეთება არც ბრალდებების და არც პროცესის თაობაზე. დაცვის მხარე იმედოვნებოდა, რომ სასამართლო პროცესი მაინც იქნებოდა ღია: რომ ხალხს თავად შეეფასებინა ის, რაც წაუყენეს სიარჰეი ციხანოუსკის.
„ამ ბრალდებების ლეგიტიმაცია ძნელადაა შესაძლებელი შინაგანი ლოგიკით, - აღნიშნავს ნატალია მაცკევიჩი, - თუ მან სავარაუდოდ მოახდინა მასობრივი არეულობების ორგანიზება - რა პრობლემაა იმის ჩვენება, თუ რა გააკეთა მან ამისთვის და კონკრეტულად ვისი ორგანიზება მოახდინა? ან, თუ, ვთქვათ, მან გააჩაღა შუღლი - მაშინ ვისთან მიმართებით, სად და კონკრეტულად რა თქვა, რომელ ჯგუფზე? მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ამის შეფასება. და რაში გამოიხატებოდა ეს შუღლი, თუკი ნათქვამია, რომ შედეგები დადგა უკვე მას შემდეგ, რაც ის დააკავეს? თუ არსებობს ლეგიტიმური ბრალდება - ისეთი, რომელსაც დაეთანხმებოდა საზოგადოება, - მაშინ ის უნდა აჩვენონ“.
მაგრამ სასამართლო პროცესი დახურეს, ხოლო ნატალია მაცკევიჩისთვის, იურისტისთვის, რომელსაც პროკურატურაში მუშაობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს, ეს პროცესი უკანასკნელი გამოდგა: ის შუა პროცესისას ადვოკატთა კოლეგიიდან გარიცხეს. „მაგრამ დაცვა, თუ ვინმეს ჰქონდა იმის იმედი, რომ ჩაიშლებოდა, არ ჩაშლილა, - ამბობს ის, - მეორე ადვოკატი სწრაფად ჩაერთო და ვფიქრობ, უარესი კი არა, ალბათ, უკეთესიც კი იყო, იმიტომ რომ ასეთმა წინააღმდეგობამ გააჩინა უფრო დიდი სურვილის იმპულსი საკუთარი პოზიციის დასაცავად“.
თავად ციხანოუსკი თავისი დამცველებისთვის „მშვენიერი“ რწმუნებული გამოდგა, ამბობს ნატალია მაცკევიჩი: „ის არ არის იურისტი, პირველად იყო ასეთ სიტუაციაში, მაგრამ სწრაფად სწავლობს, ადეკვატურად აღიქვამს სიტუაციას და ძალიან ცხადად რეაგირებს ყველაფერზე. ამ სასამართლო პროცესის სიტუაციაში მას შეცდომები პრაქტიკულად არ დაუშვია“.
ფარული კამერა ადვოკატთან შეხვედრების დროს
სასამართლოს დაწყებამდე, 2021 წლის აპრილში, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა (ОНТ) აჩვენა ფილმი, „ლუკაშენკას მოკვლა“, რომელშიც მოთხრობილი იყო იმის შესახებ, თუ როგორ აპირებდა ოპოზიცია ვითომ ალექსანდრ ლუკაშენკაზე თავდასხმას. სხვათა შორის, მასში გამოყენებული იყო ფარული კამერით გადაღებული კადრები, რომელიც ასახავდა საგამოძიებო იზოლატორში სიარჰეი ციხანოუსკის საუბარს თავის ადვოკატ ნატალია მაცკევიჩთან. თავისთავად ასეთი კადრების გამოყენება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ბელარუსის კანონმდებლობას.
ამის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, მათ ბელორუსები წინ წაიყვანეს საკუთარი თავის, როგორც ერის რეალიზებამდე, იმის გაცნობიერებამდე, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ და გამოხატონ თავიანთი სურვილი, აირჩიონ სხვა ადამიანები...ნატალია მაცკევიჩი
მაცკევიჩი ამბობს, რომ უდავოა, კლიენტისა და ადვოკატის ურთიერთობა კონფიდენციალურია და არც ერთ ნორმატიულ აქტში არ არის შეტანილი რაიმე გამონაკლისი, რომ შეიძლება ამგვარი საუბრების მოსმენა.
მისი თქმით, მისთვის და ციხანოუსკისთვის ეს მოულოდნელობა კი არა, არამედ კიდევ ერთი მტკიცებულება იყო: ციხანოუსკიმ ფილმის გამოსვლამდე ნახევარი წლით ადრე შეიტყო, რომ ადვოკატთან მის საუბარს ფირზე იღებენ. როცა ალექსანდრ ლუკაშენკამ კა-გე-ბეს საგამოძიებო იზოლატორში პოლიტპატიმრებს მიმართა 2020 წლის ოქტომბერში, მან მოიხმო ის, რაზეც ციხანოუსკი ადვოკატს ესაუბრებოდა. ის კი ფიქრობდა, რომ მათი ბაასი კონფიდენციალურია და მოწმეების გარეშე იმართება.
ადვოკატებს ესმოდათ, რომ ტექნიკურად ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო: სიარჰეისთან კომუნიკაციისთვის მათ აძლევდნენ ყოველთვის ერთსა და იმავე საგამოძიებო ოთახს, ძალიან არაკომფორტულს, ხოლო მოგვიანებით დაიწყეს მათი განცალკევება პლასტმასის ზღუდით. ამ შეხვედრებზე უკანონო არაფერი თქმულა, ხაზს უსვამს ნატალია მაცკევიჩი: „რა თქმა უნდა, მიუღებელია მოსმენა. ჯერ ერთი, კონფიდენციალურობა დაცვის უფლების პრინციპია და მეორეც, ასეთ სიტუაციებში ადამიანი ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით დაკავების პერიოდში და მას აქვს უფლება, უთხრას ადვოკატს რაც სურს. წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ ექიმთან, იწყებთ გაშიშვლებას და მერე აღმოჩნდება, რომ გიღებენ, თუმცა ელოდები, რომ ეს კონფიდენციალური იქნება“.
როდესაც ლუკაშენკასთან შეხვედრის შემდეგ სიარჰეიმ თავის ადვოკატებს უთხრა ფარული კამერის შესახებ, მათ გაუჭირდათ გასაჩივრება მტკიცებულებების გარეშე. თავად ციხანოუსკიმ საჩივარი დაწერა საგამოძიებო კომიტეტსა და პროკურატურაში. „და ექვსი თვის შემდეგ, ეს ეპიზოდი აჩვენეს ტელევიზიით და აშკარა გახდა თავდაცვის უფლებაში ჩარევის მასშტაბები: ეს იყო არა ერთი საუბარი, არამედ, სავარაუდოდ, ბევრი, და არა მხოლოდ აუდიო, არამედ სრულფასოვანი ვიდეოჩანაწერი“, - ამბობს ნატალია მაცკევიჩი. შემდეგ მან თავად გაასაჩივრა ეს ეპიზოდი, მაგრამ ჯერჯერობით საჩივარზე პასუხი არ მიუღია.
სასჯელი 2037 წლამდე
2021 წლის დეკემბერში სიარჰეი ციხანოუსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში მოხდით. წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრობის გათვალისწინებით, მას ვადა ეწურება 2037 წლის 27 მაისს. ისევე, როგორც სხვა მსჯავრდადებულებს, მას ამ თარიღის წარმოთქმა დღეში ორჯერ უწევს - დილის და საღამოს შემოწმებაზე.
არავის ეგონა, რომ სიტყვისთვის, მშვიდობიანი საქმიანობისთვის, პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის სურვილისთვის შეიძლება ადამიანს მიესაჯოს 18, 11, 15 წელი. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა...სვიატლანა ციხანოუსკაია
„მაგრამ არც ჩვენ - არც იურისტები, არც ის, არც მაშინ და არც ახლა - არ ვუყურებთ ამას როგორც სასჯელის ვადას, რომელსაც უნდა შევეჩვიოთ და რომელიც რეალისტურად უნდა იქნეს აღქმული, რადგან ამის დაჯერება შეუძლებელია ადამიანის სიცოცხლის თვალსაზრისითაც, იმ მხრივაც, თუ რა ურთიერთმიმართებაა იმათ შორის, რა ჩაიდინა (უფრო სწორად, არ ჩაიდინა) და რა მიუსაჯეს ამის გამო“, - ამბობს ნატალია მაცკევიჩი.
ამ ვადის მიუხედავად, სიარჰეი ციხანოუსკი თავისი რწმენის ერთგული რჩება და დარწმუნებულია, რომ მართალია. „ციხეში ერთადერთი, რაც ხელს უწყობს ადამიანს სიმტკიცის შენარჩუნებაში, არის საკუთარი სიმართლის გაგება“, - ამბობს ნატალია. ისიც, როგორც ადვოკატი, თავს დამარცხებულად არ მიიჩნევს: „მე მაინც მიმაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენა არ არის დადასტურებული“.
„დიახ, ეს გრძელი პერიოდია, სიარჰეი ციხანოუსკის მსგავს ადამიანებს მოუწევთ ტანჯვა, მაგრამ ხომ უნდა გადადგათ ნაბიჯი წინ“, - ამბობს ნატალია მაცკევიჩი. „ამის ფასად, საკუთარი თავისუფლების ფასად, მათ ბელორუსები წინ წაიყვანეს საკუთარი თავის, როგორც ერის რეალიზებამდე, იმის გაცნობიერებამდე, რომ ადამიანებს შეუძლიათ აირჩიონ და გამოხატონ თავიანთი სურვილი, აირჩიონ სხვა ადამიანები“.
გაეროს თვითნებური დაკავების სამუშაო ჯგუფმა სიარჰეი ციხანოუსკის პატიმრობა აღიარა როგორც თვითნებური, რასაც თან ახლდა მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა. ადვოკატები ასევე აპირებენ მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
უყურეთ ასევე: ყველა ვერ დაიკვეხნის, რომ თუნდაც ერთი დღე იცხოვრა ისეთი, როგორიც მე. სიარჰეი ციხანოუსკი - ბლოგერი, რომელმაც „ქვეყანა გამოაღვიძა ცხოვრებისთვის“.
„ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე ვცხოვრობ“. სვიატლანა და ბავშვები
„არავის ეგონა, რომ სიტყვისთვის, მშვიდობიანი საქმიანობისთვის, პოლიტიკურ არენაზე გამოჩენის სურვილისთვის შეიძლება ადამიანს მიესაჯოს 18, 11, 15 წელი. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. დარწმუნებული ვარ, როცა სიარჰეი დააკავეს, 29 მაისს, არავის ეგონა, რომ ეს ამდენ ხანს გაგრძელდებოდა“, - ამბობს ციხანოუსკის მეუღლე სვიატლანა.
ბავშვებისთვის გამოგზავნილი წერილები ძალიან გულწრფელია. სიარჰეის ესმის, რომ ბავშვები არიან. ის წერს: „როგორ იქცევი? უჯერებ დედას? შვილო, შენ ახლა დედაშენის დამცველი ხარ“, ან უმცროს შვილს უგზავნის ღია ბარათს კატასთან ერთად და წერს: „ნახე, რა, იქნებ შენც ასეთი დამიხატო?..სვიატლანა ციხანოუსკაია
იმ დღიდან დღემდე ქმარს ტელეფონით მხოლოდ ერთხელ ესაუბრა რამდენიმე წუთით. პოლიტპატიმრებთან ლუკაშენკას შეხვედრის შემდეგ კა-გე-ბეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სიარჰეიმ მას მოულოდნელად დაურეკა. დანარჩენ დროს სვიატლანა ქმართან კონტაქტს ადვოკატის მეშვეობით ინარჩუნებს. ამ გზით არ შეიძლება პირად, პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა და თუნდაც უბრალოდ რჩევის კითხვა, ამბობს სვიატლანა, მაგრამ კომუნიკაციის ეს ფორმა მაინც ძალიან მნიშვნელოვანია - ის პრაქტიკულად ერთადერთია. „მე ვცხოვრობ ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე: ადვოკატთან დარეკვამდე ძალიან ვღელავთ - როგორ არის, რას შვრება იქ“, - ამბობს სვიატლანა ციხანოუსკაია.
ორ წელზე მეტია, სვიატლანას არც ერთ წერილს სიარჰეიმდე არ მიუღწევია. მაგრამ შვილები სწერენ მას - 12 წლის ვაჟი კორნეი და ექვსი წლის გოგონა - აგნია. ისინი დედასთან ერთად ცხოვრობენ ვილნიუსში, სადაც იღებენ მამის მიერ გამოგზავნილ წერილებს. სვიატლანამ ბავშვები ბელარუსიდან მას შემდეგ წაიყვანა, რაც გადაწყვიტა ქმრის ნაცვლად საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა და შვილების მიმართ მუქარას უთვლიდნენ. არჩევნების შემდეგ მალევე თვითონაც დატოვა სამშობლო.
„ბავშვებისთვის გამოგზავნილი წერილები ძალიან გულწრფელია, - ამბობს სვიატლანა, - სიარჰეის ესმის, რომ ბავშვები არიან. ის წერს: „როგორ იქცევი? უჯერებ დედას? შვილო, შენ ახლა დედაშენის დამცველი ხარ“, ან უმცროს შვილს უგზავნის ღია ბარათს კატასთან ერთად და წერს: „ნახე, რა, იქნებ შენც ასეთი დამიხატო?“
სიარჰეისა და სვიატლანას გოგონას შეუძლია მხოლოდ დაწეროს: "მამა, მიყვარხარ!" მაგრამ ნახატებით უყვება, მაგალითად, როგორ იყო დედასთან ერთად საცურაოდ. უფროსი ვაჟი კი ძალიან ემოციურად იღებს ამ წერილებს და ხანდახან ტირის, როცა კითხულობს, რადგან იცის, სად არის მამა. სვიატლანა კორნეის ურჩევს, მამას მისწეროს ყველაფერი, რას აკეთებს: როგორ დადის სათევზაოდ, როგორ არის საქმე სკოლაში. „მამას ყველაფერი აინტერესებს, სურს იყოს თქვენს ცხოვრებაში, იგრძნოს, რომ ის თქვენ გვერდით არის, მიუხედავად იმისა, რომ შორსაა“, - ჰყვება სვიატლანა ბავშვებთან საუბრის ამბებს.
ესმის, რომ ახლა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს მასთან იყვნენ, იმ დროს სხვა კანდიდატებთან ერთად იყვნენ, აქვთ საქმის გაგრძელების შესაძლებლობა და გაიმეორა თავისი უკვე კარგად ცნობილი ფრაზა: „ვიჯდები მანამ, სანამ ჩემი ხალხი მომცემს ჯდომის საშუალებას!.."სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა გაკვირვებული იყო იმით, თუ რამდენად კარგად ესმის 12 წლის ბიჭს, რომ იქ, სადაც მამაა, ცენზურა მოქმედებს. „ის სიტყვებსაც კი არჩევს! დედაჩემთან ერთად წავედი ქვეყანაში, სად არ დავწერ, მაგრამ იქ მუზეუმია…“ - მაგალითი მოჰყავს სვეტლანას. და ირკვევა, რომ ბავშვს ესმის, რომ ყველაფრის დაწერა არ შეიძლება. მაგრამ სადაა ზღვარი, ის მაინც ვერ გრძნობს. საშინელებაა, რომ ფაქტების დამალვა ან მათი შენიღბვა უნდა სცადო - იმისთვის, რომ მამა მიხვდეს, მაგრამ სხვამ არ უნდა ამოიცნოს“.
2022 წლის ივლისში სიარჰეი ციხანოუსკი გადაიყვანეს მოგილიოვის მე-15 სასჯელაღსრულების კოლონიაში. ამ დრომდე ბავშვები ყოველ კვირა-ნახევარ-ორ კვირაში ერთხელ სწერდნენ. პასუხები იმავე სიხშირით მოდიოდა. როგორ წარიმართება მიმოწერა, ამჟამად უცნობია.
იგივეა ამანათებთან დაკავშირებით: სანამ სიარჰეი გომელის წინასწარი დაკავების ცენტრში იმყოფებოდა, დედას მიჰქონდა მისთვის ამანათები. მან ორჯერ შეძლო წინასწარი დაკავების იზოლატორში პაემანზე წასვლა. „დედისთვის ძალიან რთულია, სულ ტირის“, - ამბობს სვიატლანა. მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორ იქნება საქმე მოგილიოვის კოლონიაში ამანათების მხრივ.
სიარჰეი ციხანოუსკის არასოდეს ჰქონია პოლიტიკაში წასვლის მიზანი, დარწმუნებულია მისი ცოლი, მაგრამ როდესაც მან დაიწყო საუბარი ბელარუს მეწარმეებთან - მისი ბლოგი თავიდან ამაზე იყო - და რეალობის წინაშე აღმოჩნდა, მიხვდა, რომ ყველაფერი პოლიტიკაზეა დამოკიდებული. ბლოგი უფრო პოლიტიზებული გახდა და სიარჰეიმ ბელარუსებისგან მეტი მხარდაჭერა მიიღო.
„სიარჰეი არასდროს ამბობს, რომ რაღაცას ნანობს“, - უპასუხებს სვიატლანა ციხანოუსკაია კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო. - „მას სჯეროდა იმის, რასაც აკეთებდა, სჯეროდა ბელარუსების, რადგან დაინახა ბელარუსების მხარდაჭერა და კვლავ სჯერა ამის. ესმის, რომ ახლა არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს მასთან იყვნენ, იმ დროს სხვა კანდიდატებთან ერთად იყვნენ, აქვთ საქმის გაგრძელების შესაძლებლობა და გაიმეორა თავისი უკვე კარგად ცნობილი ფრაზა: „ვიჯდები მანამ, სანამ ჩემი ხალხი მომცემს ჯდომის საშუალებას“.
ასევე ნახეთ
პაველ ლატუშკა: „რუსეთს დღეს ბელარუსიც ოკუპირებული აქვს“მინსკისა და მოსკოვის პასუხი დასავლეთს და ბელარუსის ოპოზიციასბელარუსში იზრდება ძალადობა. ცაპკალო „ეროვნული გადარჩენის ფრონტს“ ქმნისპრატასევიჩის „აღიარება“ - საბჭოთა კაგებეს ხელწერა, რომლისაც არავის სჯერაალექსიევიჩი ლუკაშენკას: წადი, სანამ გვიან არ არის!